აღმოსავლეთის ტიმორის საგარეო ურთიერთობები მსოფლიოს სახელმწიფოებთან ქვეყნის აღმოსავლეთ ტიმორის მთავრობის მიერ განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკას ასახავს.
აღმოსავლეთ ტიმორის საგარეო პოლიტიკა მისი პოზიციითაა განსაზღვრული, როგორც ორი უფრო ძლიერი სახელმწიფოთი გარშემორტყმული პატარა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა. რომელიმე სახელმწიფოსთან ან ბლოკთან ფორმალური მოკავშირეობის ნაცვლად აღმოსავლეთი ტიმორი სხვადასხვა ქვეყანასთან დადებითი ურთიერთობების განვითარებას ცდილობს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში დიდი როლი ჟოზე რამუშ-ჰორტამ ითამაშა დიდი როლი, რომელიც მანამდე ქვეყნის დამოუკიდებლობის საერთაშორისო კამპანიას უძღვებოდა. რამოს-ჰორტა ინტერნაციონალიზმის მომხრე იყო, ხოლო 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ლიდერებმა, როგორებიც შანანა გუჟმაო და ტაურ მატან რუაკი იყვნენ, უფრო ნაციონალისტური საგარეო პოლიტიკა აირჩიეს.[1]:14-17, 20
აღმოსავლეთ ტიმორი სხვადასხვა მრავალხრივ ფორუმში გაწევრიანებას ესწრაფვის და სანდო საერთაშორისო მოთამაშის სტატუსის დამკვიდრებას ცდილობს. ქვეყნის გლობალური ურთიერთობები მისი პორტუგალიური კოლონიური ისტორიითაა განსაზღვრული. რეგიონის მასშტაბით მის ურთიერთობებზე მახლობელ რეგიონებთან კულტურული კავშირები ახდენს გავლენას, ისევე, როგორც უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დამოუკიდებლობა აღმოსავლეთ ტიმორისა და მისი მეზობლებს, ავსტრალიასა და ინდონეზიას შორის ძალთა უთანასწორობის ფარგლებში.[1]:18-20 დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აღმოსავლეთ ტიმორი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში გაწევრიანებას ცდილობს, თუმცა ასოციაცია ინდონეზიის პოზიციას უჭერს მხარს და მელანეზიასთან კულტურული კავშირებიც ორგანიზაციაში გაწევრიანებას აფერხებს.[1]:85
აღმოსავლეთ ტიმორსა და ვიეტნამს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2002 წლის 28 ივლისს დამყარდა. აღმოსავლეთ ტიმორის საელჩო ჰანოიში მდებარეობს, ხოლო ვიეტნამის საელჩო ჯაკარტაშია განლაგებული.[2][3]
ჩინეთსა და აღმოსავლეთ ტიმორს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2002 წლის 20 მაისს დამყარდა,[4] თუმცა ჩინეთის წარმომადგენელი ოფისი დილიში ჯერ კიდევ 2000 წელს გაიხსნა.[5]
აღმოსავლეთ ტიმორსა და ინდონეზიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2002 წელს დამყარდა. ორივე სახელმწიფო კუნძულ ტიმორის ნაწილს იკავებს. ინდონეზია პორტუგალიის ყოფილ კოლონიაში 1975 წელს შეიჭრა, მომდევნო წელს მისი ანექსირება მოახდინა და აღმოსავლეთი ტიმორი მისი 27-ე პროვინცია იყო 1999 წელს გაეროს მიერ მხარდაჭერილი რეფერენდუმის ჩატარებამდე, რომლის დროსაც აღმოსავლეთ ტიმორელებმა ქვეყნის დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი.
ინდონეზია აღმოსავლეთ ტიმორის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ინდონეზიის საელჩო დილიში მდებარეობს, ხოლო აღმოსავლეთ ტიმორის საელჩო ჯაკარტაშია განლაგებული. აღმოსავლეთ ტიმორს საკონსულოები აქვს დენპასარსა და კუპანგში.
აღმოსავლეთ ტიმორსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2002 წლის აგვისტოში დამყარდა.[6] ისრაელი აღმოსავლეთ ტიმორში სინგაპურში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი.[7] აღმოსავლეთ ტიმორი განსაკუთრებით დაინტერესებულია ისრაელთან სტრატეგიულ ურთიერთობეაში სოფლის მეურნეობისა და საზღვაო უსაფრთხოების სფეროში.[8]
1999 წლიდან მალაიზიელი მშვიდობისმყოფელები აღმოსავლეთ ტიმორში გაეროს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდნენ.[9] მალაიზია აღმოსავლეთ ტიმორს მხარს უჭერს ადამიანური რესურსების განვითარებაში.[9] მალაიზია მხარს უჭერს აღმოსავლეთ ტიმორის გაწევრიანებას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში. მალაიზიის საელჩო დილიში მდებარეობს,[10] ხოლო აღმოსავლეთ ტიმორის საელჩო კუალა-ლუმპურშია განლაგებული.[11]
ფილიპინები აქტიურად იყო ჩართული გაეროს სამშვიდობო მისიაში აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში. სახელმწიფოების მიერ აღმოსავლეთ ტიმორის სუვერენიტეტის ცნობის შემდეგ, ფილიპინებსა და აღმოსავლეთ შორისაც დაიწყო დიპლომატიური ურთიერთობები და დილიში ფილიპინების საელჩო, ხოლო პასიგში აღმოსავლეთ ტიმორის საელჩო დაარსდა.
ორივე სახელმწიფო აზიის კათოლიკური ქვეყნებია, რამაც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების შემდეგ ფილიპინებსა და აღმოსავლეთ ტიმორს შორის დადებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. სახელმწიფოებს შორის კომერციული ურთიერთობების, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების მასშტაბები იზრდება. ფილიპინები მხარს უჭერს აღმოსავლეთ ტიმორის გაწევრიანებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში.
2013 წლის 6 ივნისს სახელმწიფოებმა მანილაში ხელი მოაწერეს სამ შეთანხმებას ინფრასტრუქტურის განვითარების, თავდაცვისა და განათლების შესახებ.[12]
აღმოსავლეთ ტიმორსა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2002 წლის 20 მაისს დაიწყო. აღმოსავლეთ ტიმორის საელჩო სეულში მდებარეობს, ხოლო სამხრეთ კორეის საელჩო დილიში.[13]
აღმოსავლეთ ტიმორსა და სინგაპურს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2002 წლის 20 მაისს დამყარდა.[14] 2010 წლის 1-ელ დეკემბერს სინგაპურში აღმოსავლეთ ტიმორის საელჩო გაიხსნა.
თურქეთი აღმოსავლეთ ტიმორს ჯაკარტაში მდებარე საელჩოთი ფარავს. აღმოსავლეთი ტიმორი თურქეთთან პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ფარგლებში თანამშრომლობს (თურქეთი ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრია). 2019 წლისთვის ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მაჩვენებელი უმნიშვნელო იყო.[15]