ალ-მუჰთადი (არაბ. المهتدي; დ. უცნობია — გ. 21 ივნისი, 870) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა 869-870 წლებში, „სამარის ანარქიის” დროს.
ალ-მუთაზის გარდაცვალების შემდეგ თურქებმა ახალ ხალიფად აირჩიეს მისი ბიძაშვილი, ალ-მუჰთადი, ხალიფა ალ-ვასიკის ვაჟი. ალ-მუჰთადს აღმოაჩნდა მრავალი დადებითი და სახელმწიფოს სამართავად აუცილებელი თვისება, რითიც გამოირჩეოდა მის წინამორბედ ხალიფებში. მისი ადრე გამეფების შემთხვევაში, შესაძლოა, მას სახალიფოსათვის ძველი დიდება დაებრუნებინა, თუმცა მისი მმართველობისათვის თურქებს უკვე მასზე მეტი ძალაუფლება ჰქონდათ.
მისი ხანმოკლე მმართველობის პერიოდში, რომელიც წელიწადზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, ალ-მუჰთადმა რამდენიმე სასიკეთო ცვლილების განხორციელება მოასწრო, თუმცა 870 წლის 21 ივნისს თურქებთან დაპირისპირების გამო მოკლეს. არაბი მწერლები ქებით მოიხსენიებენ ალ-მუჰთადს და ხაზს უსვამენ მის სამართლიანობას. რომ არა მისი ასეთი ხანმოკლე მმართველობა, შესაძლოა იგი საუკეთესო აბასიან ხალიფებს შორისაც მოხვედრილიყო.
ლიტერატურა
- William Muir, The Caliphate: Its Rise, Decline, and Fall.