ქრონოლოგია

ქრონოლოგია — მეცნიერება დროის გამოთვლის შესახებ, ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დისციპლინაა, რომელიც შეისწავლის დროის გამთვლის სისტემებს მათი ისტორიული განვითარების პროცესში, ამუშავებს ერთი ქრონოლოგიური სისტემიდან მეორეზე თარიღების გადაყვანის პროცესს. ისტორიული ქრონოლოგია ამოწმებს და აზუსტებს წყაროში მოცემულ თარიღებს, ამასთანავე, აკონკრეტებს თვით ისტორიული წყაროს შედგენის თარიღსაც.

ისტორიის დამხმარე დისციპლინებში ქრონოლოგია მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დისციპლინად, რადგანაც ისტორიის ნებისმიერი მონაკვეთის შესწავლისას ძირითადი პირობაა მოვლენათა თანმიმდევრობის ცოდნა და მათი დათარიღება.

ქრონოლოგიის ისტორია

პაპი გრიგოლ XIII, სწორედ მისი მმართველობის დროს განხორციელდა იულიუსის კალენდრის რეფორმა და შემუშავდა გრიგორიანული კალენდარი

დროის პირველი ბუნებრივი ერთეული, რომელიც ადამიანმა აღმოაჩინა, იყო დღე-ღამე - მუშაობის და დასვენების დრო. მოგვიანებით, როდესაც ყურადღება მიაქციეს მთვარის ფაზების ცვლას, გამოყვეს დროის გაზომვის უფრო დიდი ერთეული - მთვარის თვე. მთვარის ფაზებთან იყო მნიშვნელოვნად დამოკიდებული დროის შემდგომი ერთეულის - შვიდდღიანი კვირის გამოყოფა. და ბოლოს, წლის დროთა მონაცვლეობაზე დაკვირვებებს შედეგად მოჰყვა მზის წელიწადის დადგენს. იმის მიხედვით, თუ რა ერთეულს ირჩევდნენ დროის გამოთვლის საფუძვლად - მთვარის თვეს თუ მზის წელიწადს — შეიქმნა მთვარის, მზის ან მთვარე-მზის კალენდარი.

თანამედროვე მზის კალენდარს საფუძვლად უდევს იულიუს კეისრის დროის რეფორმირებული კალენდარი, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობოდა მის წინამორბედ მთვარე-მზის რომაულ კალენდარს. კალენდრის რეფორმა ქრისტეს შობამდე 46 წელს განხორციელდა იულიუს კეისრის ინიციატივით, რომელმაც ახალი სისტემის დასამუშავებლად მიიწვია იმ დროისთვის ცნობილი ალექსანდრიელი მეცნიერი სოზიგენე, მან ახალი კალენდრის საფუძვლად აიღო მზის ეგვიპტური 365 დღიანი წელი, რაც მნიშვნელოვანწილად შეესაბამებოდა საშუალო ტროპიკულ წელიწადს. ამასთანავე დადგინდა, რომ ყველა სამი წელი იქნებოდა 365 დღე-ღამე, ხოლო მეოთხე - 366. კალენდარის წლის დასაწყისი დაიწყებოდა 1 იანვარს, როდესაც თავისი მოვალეობის შესრულებას იწყებდნენ ახლად არჩეული კონსულები და რომაელი მაგისტრები. წელიწადი იულიუსის კალენდრით იყოფოდა 12 თვედ. მეშვიდე თვეს კეისრის პატივსაცემად დაერქვა ივლისი.

ოქტავიანე აუგუსტუსის დროს იულიუსის კალენდარმა მიიღო ისეთი სახე, რომლითაც იგი დამკვიდრდა დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეებში. თვეებმა მიიღო თავისი საბოლოო სახელწოდებები და ხანგრძლივობა. იმპერატორ აუგუსტუსის პატივსაცემად სექტილისს უწოდეს აგვისტო.

ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 325 წელს იულიუსის კალენდარი ცნეს სავალდებულოდ მთელს საქრისტიანო სამყაროში.

იულიუსის კალენდარში მზის წელიწადის საშუალო ხანგრძლივობა აჭარბებდა ჭეშმარიტს და 128 წელში შეცდომა 1 დღე-ღამეს უტოლდებოდა. XVI საუკუნეში, როდესაც ცდომილება 10 დღე-ღამეს გაუტოლდა, პაპმა გრიგოლ XIII-მ, გადაწყვიტა იულიუსის კალენდრის რეფორმა განეხორციელებინა. ამისათვის შეიქმნა კომისია, რომელმაც შეისწავლა რამდენიმე პროექტი და მიიღო იტალიელი მათემატიკოსის და ექიმის ალოიზიუს ლილიოს წინადადება. პაპის სპეციალური ბულით დადგინდა, რომ 1582 წლის 5 ოქტომბრის ნაცვლად იქნებოდა 15 ოქტომბერი, ა.ი ანგარიში გადაიწეოდა დაკარგული 10 დღე-ღამით წინ.

არც გრიგორიანული კალენდარი იყო ზუსტი, რადგანაც ასტრონომიული წელი, თვე და დღე-ღამე ძნელად თავსდება უბრალო დროის დათვლაში. მით უმეტეს, რომ მათი ხანგრძლივობა არაა მუდმივი და ის მერყეობს, ამით გამოირიცხება მუდმივი ზუსტი კალენდრის შექმნა. ამიტომ ყველა წელთაღრიცხვის სისტემა მხოლოდ მეტნაკლებობით უახლოვდება წელთაღრიცხვას.

ერა

ძველ რომში შეიქმნა წელთაღრიცხვის ათვლის სახელწოდება ერა, რაც ნიშნავს „ათვლის წერტილს“, „საწყის ციფრს“. ეს არის მოვლენა, საიდანაც იწყება წელთაღრიცხივის რაიმე გარკვეული სისტემა. მსოფლიოში დაახლოებით 200 ერაა ცნობილი. მაგ: „ბაბილონური ერა“, „არშაკიანთა ერა“, „დიოკლეტიანეს ერა“ და სხვ. ყოველი ერის საწყისი წერტილი რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას ემთხვევა. მაგ: ძვ. ბერძნები წელთაღრიცხვას იწყებდნენ პირველი ოლიმპიადის ჩატარების წლიდან (ძვ. წ. 776 წ), რომაელები ათვლის წერტილად იყენებდნენ ქალაქის დაარსების თარიღს ძვ. 753 წელს, სხვადასხვა სამეფო დინასტია წელთაღრიცხვას იწყებდა თავისი გამეფების დროიდან და ა.შ. ქრისტიანულმა ეკლესიამ ვერ შეძლო ერთიანი თარიღის დადგენა, რადგან სხვადასხვა წელთაღიცხვაში ათვლის სხვადასხვა წერტილი გამოიყენება. ყველაზე მყარი გამოდგა ქრისტიანული ერა, რომელიც წლების ათვლას ქრისტეშობიდან იწყებს. დოკუმენტებში ქრისტიანული ერა პირველად VII საუკუნის პირველი ნახევრიდან გამოიყენეს. საყოველთაოდ კი ეს წელთაღრიცხვა XVIII საუკუნიდან იქცა.

ქრისტეშობიდან წელთაღრიცხვის შემოღების შემდეგ დადგა საკითხი, თუ როგორ გამოეთვალათ, მისი წინარე ხანის მოვლენები. დიდხანს ქრისტიანობის შემოღების შემდეგაც ასეთი პრაქტიკული მიზნებისთვის „მსოფლიო ერებს“ იყენებდნენ, ხოლო საყოველთაოდ გავრცელებული ერა - „ქრისტეს შობამდე“. მისი გამოყენება დაიწყეს ინგლისელმა მეცნიერებმა XVIII საუკუნეში. თარიღთა გამოთვლის ეს ხერხი ბევრ გაუგებრობას იწვევდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა იგი მყარად დამკვიდრდა.

საქართველოს ისტორიული ქრონოლოგია

ქართული ისტორიის ქრონოლოგიის ფუძემდებელია ვახუშტი ბატონიშვილი. უძველესი ქართული კალენდარი მთვარის კალენდარი იყო, რომელიც არა უგვიანეს ქრისტეს შობიდან I საუკუნეში მზის ალექსანდრიულ „მუდმივ წელიწადზე“ დაფუძნებული კალენდრით შეიცვალა.

VII საუკუნეში თვეებმა მიიღეს დღემდე ჩვენთვის ჩვეული რომაული სახელწოდებები. წლის დასაწყისად თავიდან საქართველოში მიჩნეული იყო 6 აგვისტო, ე.წ „აგვისტოს წელი“. აგვისტოს წელი ასევე გავრცელებული იყო: ეგვიპტეში, სპარსეთში, კაბადოკიასა და სომხეთში. VII საუკუნის დასაწყისიდან, VIII საუკუნის დასასრულამდე საქართველოში ვრცელდება ე.წ „ინდიქტიონური წელი“. ახალმა წელმა 1 სექტემბიდან გადაინაცვლა 25 მარტს. X საუკუნის მეორე ნახევრიდან გავრცელებას იწყება იანვრის წელიწადი, რომლის პარალელურად ქორონიკონული აღრიცხვისათვის რჩება მარტის წელიწადი, იანვრის წელი სრულად მკვიდრდება XIV საუკუნიდან.

ქართულ ისტორიულ ძეგლებში ძირითადად არის სამი ერა: „დასაბამითგან ქვეყნისა“, „ქორონიკონი“ და „ქრისტესით“.

ქართულ ეროვნულ ერად მიჩნეულია 5604 წლიანი „დასაბამითგანი“. იგი შესაბამისობაში იყო მოყვანილი 532 წლიან მოქცევასთან, ანუ ეგრეთ წოდებულ „დიდ ინდიქტიონთან“.

ქორონიკონი, ანუ ქრონიკონი ემყარებოდა მზე-მთვარის 532 წლიან მოქცევას. წელთა ამ რაოდენობას ასტრონომიული საფუძველი ჰქონდა. ვარაუდობენ რომ წელთაღრიცხვა ქორონიკონით საქართველოში VIII საუკუნის ბოლოს, ან IX საუკუნის დასაწყისში შემოიღეს.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!