ქობულეთ-ჩაქვის ქედი — ტექტონიკურ-ეროზიული ქედი საქართველოში, ქობულეთის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში. მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი.[1] გამოეყოფა მესხეთის ქედს მწვერვალ ხინოსთან და გრძელდება სამხრეთ-დასავლეთისაკენ ერგეს ბორცვებამდე. ქედი მდინარეების აჭარისწყლის (სამხრეთით), კინტრიშის, ჩაქვისწყლისა და ყოროლისწყლის (ჩრდილოეთით) აუზების წყალგამყოფია. საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 1100–1200 მ. მაქსიმალური სიმაღლე 2235 მ (მთა პერანგა). მესხეთის ქედს განედურად გამოეყოფა ქობულეთის ქედი, ხოლო ქობულეთის ქედს მერიდიანულად ჩაქვის ქედი. ქობულეთ-ჩაქვის ქედი აჭარას ორ ნაწილად ყოფს: ზღვისპირა და შიგა მთიან აჭარად. იგი ამავდროულად კლიმატგამყოფიცაა.[2]
ქობულეთის ქედი მესხეთის ქედს გამოეყოფა მწვერვალ ხინოსთან (2598,9 მ), ვრცელდება ჯერ სამხრეთით მთა პერანგამდე (2234,9 მ), შემდეგ დასავლეთით მიემართება. ტირათის მთასთან (1379,4 მ) მას რამდენიმე შტოქედი გამოეყოფა: სამხრეთ-დასავლეთით დაგვა (მთა დაგვა, 1193,3 მ) და მთა ტირათიდან ჩრდილო-დასავლეთით სკურდის ქედი (მთა სკურდა, 1171 მ), რომლის სიახლოვესაა კოპრონისსერი (1327 მ), თეთრიქვა (1232 მ) და სხვა. რელიეფში დაბალ და საშუალო სიმაღლის მთებს შორის მკაფიო სხვაობაა. დაახლოებით 1000–1100 მ-დან მკვეთრად აღმართული საშუალო სიმაღლის მთებია. კალთებიდან მოედინებიან დეხვა, კინტრიში და სხვა.[3][4]
ქობულეთის ქედთან გარდიგარდმო სერითაა დაკავშირებული ჩაქვის ქედი,[5] რომლის მაქსიმალური სიმაღლეა 1728 მ (მთა მორვილი). მთებიდან მნიშვნელოვანია: საყუდისთავი (1707 მ), ჩაქვისმთა (1548,8 მ), წონიარისთავი (1434 მ), ორბეზა (1405 მ) და მტირალა (1381 მ). ქედი იწყება მდინარე ჩიტილაისწყლის სათავის მახლობლად და სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვისკენ ვრცელდება. შტოქედებიდან აღსანიშნავია მორვილის ქედი და მტირალას ქედი. ჩაქვის ქედი მორფოლოგიურად კარგადაა გამოხატული. ქედის დასავლეთი კალთებიდან მოედინებიან ყოროლისწყალი და ჩაქვისწყალი. ქედზე გადადის ტირათის უღელტეხილი (1041 მ).[4]
ქობულეთ-ჩაქვის ქედი აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული, ძირითადად ეოცენური ვულკანური ქანებით: ანდეზიტურგანფენებიანი ტლანქშრეებრივი ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებითა და ტუფ-კონგლომერატებით. ალაგ-ალაგ შიშვლდება მესამეულის დროინდელი სიენიტურ-დიორიტული ინტრუზიები. წყალგამყოფების თხემებზე შემორჩენილია საფეხურებრივად განლაგებული მოვაკებული ზედაპირების ფრაგმენტებიც. ქობულეთ-ჩაქვის ქედის კალთის ქვემო ნაწილზე და მიმდებარე ვაკე-დაბლობის მიჯნაზე მკვეთრად დანაწევრებული, ალაგ-ალაგ ზღვიური და მდინარეული ტერასებიანი გორაკ-ბორცვებია, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შავ ზღვამდე აღწევს და წარმოშობს ფლატეს. ჭარბობს ღრმად დანაწევრებული მთა-ხეობათა ფორმები. განვითარებულია ხშირი მდინარეული ქსელი. სამხრეთ-დასავლეთით დადაბლებას განიცდის და გრძელდება ბორცვების სახით.[6][7]
უხვად იღებს ატმოსფერულ ნალექებს. ჩაქვის ქედზე, კერძოდ, მთა მტირალაზე საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი ნალექი მოდის (4519 მმ).[8][9] ქედის ქვემო კალთის წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგებზე განვითარებულია ლეშამბოიანი კოლხური ტყე, შუა კალთაზე, მთის ტყის ყომრალ ნიადაგებზე — წიფლის ტყეებია, უფრო ზემოთ — შერეული ტყეები. 1900–2000 მ ზემოთ სუბალპური მდელოებია. მოქცეულია მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.[10]
სქოლიო
- ↑ რამინ გობეჯიშვილი. საქართველოს რელიეფი. თბილისი, 2011, გვ. 200
- ↑ თეოფანე დავითაია. საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული ნარკვევი. თბილისი : მეცნიერება, 1969.
- ↑ ბათუმის ბოტანიკური ბაღის მოამბე. N 15 : აჭარის ფლორა და მცენარეულობა, 1970. გვ. 83
- ↑ 4.0 4.1 Топографическая карта K–37–24 — 1 : 100 000. Батуми. 1985
- ↑ ლევან მარუაშვილი, საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბილისი, 1964, გვ. 298
- ↑ ქრისტეფორე ჯაყელი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, , 1986. — გვ. 543–544.
- ↑ Геоморфология Грузии: Л. И. Маруашвили (отв. ред.) и др. Тб.: Мецниереба, 1971. Ст. 29–490
- ↑ ელიზბარ ელიზბარაშვილი. საქართველოს კლიმატური რესურსები : [მონოგრაფია], თბილისი, 2007, გვ. 161
- ↑ შალვა ელიზბარაშვილი. ატმოსფერული ნალექების მოდელირება და გეოინფორმაციული კარტოგრაფირება მთიან პირობებში, თბ., 2009. გვ. 16
- ↑ ქ. ალასანია. ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები. ბათუმი, 1959–1960. ტ.7–8, გვ. 160–190