პალემბანგი (ჯავი: ڤليمبڠ) — ინდონეზიის პროვინციის, სამხრეთ სუმატრის დედაქალაქი. ქალაქის ძირითადი ნაწილი 352.51 კმ²-ია. მდებარეობს მდინარე მუსის ორივე ნაპირზე, სამხრეთ სუმატრის აღმოსავლეთ დაბლობებზე. 2020 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 1 668 848 ადამიანს შეადგენს.[4] მოსახლეობის მიხედვით, პალემბანგი მეორე ადგილზეა სუმატრის ქალაქებს შორის, მედანის შემდეგ, ხოლო მე-12 ადგილზეა ინდონეზიის ქალაქებს შორის.
2022 წლის მონაცემებით, პალემბანგის მეტროპოლიტენური ტერიტორიის მოსახლეობა 2.7 მილიონ ადამიანს აღემატება.[5] მეტროპოლიტენური ტერიტორია ქალაქის ირგვლივ მდებარე სარეგენტოების ნაწილსაც მოიცავს, მათ შორის: ბანიუასინი, ოგან-ილირი და ოგან-კომერინგ-ილირი.
პალემბანგი ბუდისტური სამეფოს, შრივიჯაიის, დედაქალაქი იყო. სამეფო დასავლეთ ინდონეზიის არქიპელაგის დიდ ნაწილს მართავდა და ბევრ საზღვაო სავაჭრო მარშრუტს აკონტროლებდა, მათ შორის, მალაკის სრუტესაც.[6]
პალემბანგის სასულთნოს გაუქმების შემდეგ, 1825 წელს, პალემბანგი ნიდერლანდების ოსტ-ინდოეთის შემადგენლობაში შევიდა.[7] ქალაქის სტატუსი 1906 წლის 1-ელ აპრილს მიენიჭა.[8]
2017 წელს ქალაქს 2 011 417 ტურისტი ეწვია, რომელთა შორის 9 850 უცხოელი ტურისტი იყო.[13] ქალაქის მთავარ პრობლემებს შორისაა: საცობები, წყალდიდობები, გადაჭედილი ქუჩები და დაბინძურება.[14][15][16][17]
გეოგრაფია
პალემბანგის ფართობი 400.61 კმ²-ია. ქალაქს სამხრეთ სუმატრაში ბარისანის მთების აღმოსავლეთი დაბლობი ტერიტორია უკავია. საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 8 მეტრია.[18] ქალაქი ბანგკის სრუტის სანაპიროდან 105 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ინდონეზიის ერთ-ერთი უდიდესი მდინარე, მუსი, ქალაქის ტერიტორიაზე მიედინება და მას ორ მთავარ ნაწილად ჰყოფს: ჩრდილოეთით მდებარე სებერანგ-ილირი და სამხრეთით მდებარე სებერანგ-ულუ. პალემბანგის ტერიტორია მოიცავს მუსის ორი შენაკადის: ოგანისა და კომერინგის შესართავს. მდინარის წყლის დონეზე გავლენას ახდენს მიქცევა-მოქცევის ციკლი. წვიმების სეზონის დროს ქალაქის ტერიტორიის ნაწილი მდინარის ტალღებით იტბორება.[19]
პალემბანგის ტოპოგრაფია საკმაოდ განსხვავდება სებერანგ-ილირსა და სებერანგ-ულუში. სებერანგ-ულუს ტოპოგრაფია შედარებით ვაკეებითაა დაფარული, ხოლო სებერანგ-ილირის ტოპოგრაფია სიმაღლის მატებასთან ერთად უფრო დანაწევრებულია.[19]
კლიმატი
კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, პალემბანგი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. მშრალი თვეების დროსაც კი ქალაქი ნალექიანობით გამოირჩევა. პალემბანგის კლიმატი ხშირად ხასიათდება როგორც: „ცხელი, ტენიანი კლიმატი მთელი წლის მანძილზე ნალექიანობის მაღალი მაჩვენებლით“. საშუალო წლიური ტემპერატურა 27.3 °C-ია (81.1 °F). გარდა ნალექიანობისა და მუსონური ქარების მიმართულებისა, პალემბანგის კლიმატი ეკვატორული კლიმატური სარტყლის სხვა კრიტერიუმებისგან არ განსხვავდება. საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 2 623 მმ-ია.[20] ყველაზე ნალექიანი თვეების დროს ქალაქის დაბლობები ხშირად იტბორება წვიმის ნიაღვრით. მშრალი თვეების დროს ქალაქის ირგვლივ ტორფნარები უფრო შრება, რაც მათ ხანძრებისთვის უფრო მოწყვლადს ხდის. დაბალ განედში მდებარეობის გამო ქალაქში ტაიფუნების რისკი თითქმის არ არსებობს.[21]
პალემბანგი მრავალეთნიკური ქალაქია. ადგილობრივ მოსახლეობას მალაიელები შეადგენენ, რომელთა ნაწილი მდინარე მუსის სანაპიროს გასწვრივ ტრადიციულ დასახლებებში ცხოვრობს, თუმცა მალაიელთა ნაწილი გარეუბნებშიც ინაცვლებს. პალემბანგში არაბების, ინდოელებისა და ჩინელების თემებიც სახლობენ.[26] პალემბანგის ადგილობრივი ენაა მუსი, რომელიც მალაიური ენის დიალექტად მიიჩნევა. მასში სიტყვების მნიშვნელოვანი ნაწილი იავური ენიდანაა ნასესხები. მოსახლეობის ნაწილი საუბრობს კომერინგზე, ბესემაჰზე, რავასა და სემენდოზე.
მოსახლეობის უმრავლესობა ისლამის მიმდევარია. 2017 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 92.22% მუსლიმია, 3.91% ― ბუდისტი, 2.23% ― პროტესტანტი, 1.49% ― კათოლიკე, 0.13% ― ინდუისტი და 0.02% ― კონფუციანელი. მუსლიმები ძირითადად სუნიტები, შაფის სკოლის მიმდევრები არიან.[27]<[28]