მარია პია დაიბადა 1849 წლის 2 აგვისტოს გაეტაში. იგი იყო ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ II-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია ტერეზია ავსტრიელის ქალიშვილი. მისი უფროსი ნახევარ-ძმა იყო ორი სიცილიის უკანასკნელი მეფე, ფრანჩესკო II, რომელმაც ტახტი მამის დაღუპვის შემდეგ, 1859 წელს დაიკავა, როდესაც მარია პია სულ 10 წლის იყო. ამ ამბიდან მალევე, 1861 წელს ორი სიცილიის სამეფომ არსებობა შეწყვიტა და იტალიის სამეფოს დაქვემდებარებაში შევიდა, რის გამოც მისმა სამეფო ოჯახმა თავი რომის პაპს შეაფარა.
სწორედ რომში ცხოვრებისას გაიცნო მარია პიამ თავისი ბიძაშვილი, პარმის დამხობილი ჰერცოგი რობერტო I, რომელიც რომში ოჯახთან ერთად იმავე მიზეზების გამო იმყოფებოდა. ისინი მალევე დაახლოვდნენ და ბურბონთა დინასტიის ორი შტოს კავშირის განსამტკიცებლად 1869 წლის 5 აპრილს რომშივე დაიწერეს ჯვარი.
მიუხედავად ახლონათესაური კავშირისა, წყვილს თორმეტი შვილი შეეძინა, თუმცა მათ უმეტესობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ.
მარია პია 1882 წლის 29 სექტემბერს, 33 წლის ასაკში გადაჰყვა მეთორმეტე ბავშვზე მშობიარობას. ამ დროს იგი საფრანგეთში იმყოფებოდა ქმართან ერთად, თუმცა გადაასვენეს და დაკრძალეს იტალიაში, ვიარეჯოს ბაზილიკაში. ამის შემდეგ მისი ქმარი მეორედ დაქორწინდა ინფანტა მარია ანტონია პორტუგალიელზე, რომელთანაც კიდევ თორმეტი შვილი შეეძინა.
შვილები
მარია ლუიზა (1870-1899), ცოლად გაჰყვა ბულგარეთის მეფე ფერდინანდ I-ს, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი, მათ შორის მომავალი მეფე ბორის III;
ფერდინანდო (1871), გარდაიცვალა ჩვილი;
ლუიზა მარია (1872-1943), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
ენრიკე (1873-1939), პარმის ნომინალური ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
მარია იმაკულატა (1874-1914), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
ჯუზეპე (1875-1950), პარმის ნომინალური ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
მარია ტერეზა (1876-1959), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
მარია პია (1877-1915), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
ბეატრიჩე (1879-1946), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
ელია (1880-1959), პარმის ნომინალური ჰერცოგი. ცოლად შეირთო ერცჰერცოგინია მარია ანა ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;