იაკობ ნიკოლაძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიკოლაძე.
იაკობ ნიკოლაძე
დაიბადა 16 (28) მაისი, 1876
დაბადების ადგილი ქუთაისი[1]
გარდაიცვალა 10 მარტი, 1951(1951-03-10)[1] [2] [3] (74 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი[1]

იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძე (დ. 28 მაისი [ძვ. სტ. 16 მაისი], 1876, ქუთაისი — გ. 10 მარტი, 1951, თბილისი) — ქართველი მოქანდაკე, ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი. საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1946), ყოფილი სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი (1947), თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი პროფესორი (1922). სკკპ-ის წევრი 1939 წლიდან. დემოკრატიული საქართველოს ეროვნული დროშის ავტორი.[4]

ბიოგრაფია

სწავლობდა მოსკოვში, სტროგანოვის ცენტრალური სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში (1892–1894), ოდესის სამხატვრო სკოლაში (1894–1895 და 1897–1898), პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში (1899–1901). ნიკოლაძის პირველ მნიშვნელოვან ნაწარმოებში, რომელიც 1895 წელს შეიქმნა („იმერელი გლეხი“, თიხა, დაკარგულია), უკვე ჩანდა მოქანდაკის სწრაფვა ადამიანის შინაგანი სამყაროს გადმოცემისაკენ.

1897 ნიკოლაძემ შექმნა ლადო ალექსი-მესხიშვილისა და შოთა რუსთაველის პორტრეტები. 1901 ნიკოლაძე მცირე ხნით პარიზიდან საქართველოში ჩამოვიდა;1902 წელს იგი ამიერკავკასიის ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების სამხატვრო სკოლაში მიიწვიეს მასწავლებლად. 1902-1903 ნიკოლაძემ ამიერკავკასიის სასოფლო-სამეურნეო გამოფენის ცენტრალური პავილიონისათვის შექმნა დეკორატიული რელიეფი და ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტების სერია (შიო არაგვისპირელი, ვასო აბაშიძე, კოტე მესხი, ტასო აბაშიძე და სხვები). ამ ნამუშევრებში ნიკოლაძე უკვე გამოჩნდა როგორც დასრულებული, პროფესიულად საკმაოდ მაღალ დონეზე მდგარი მოქანდაკე. ნიკოლაძე 1904–1910 ისევ პარიზში ცხოვრობდა, 1906–1907 მუშაობდა რენე ფრანსუა ოგიუსტ როდენის სახელოსნოში (ამ პერიოდს ასახავს ნიკოლაძის მოგონებათა წიგნი „ერთი წელი როდენთან“).

აღნიშნული პერიოდის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: „ქარი“(ქვა, 1905), „ჩრდილოეთის ასული“ (მარმარილო, 1906); „მოცეკვავე“ (ბრინჯაო, 1906), „სალომე“ (მარმარილო, 1906 — ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). როდენთან მუშაობამ გარკვეული კვალი დაამჩნია ამ ნამუშევრებს (მასალის ზედაპირის ზედმიწევნით დამუშავება, კრიალა და მქრქალი ზედაპირის ერთმანეთთან დაპირისპირება, ფორმების დანაწევრება). ნიკოლაძის პლასტიკა მატერიალურია, კომპოზიცია - ლაკონიური. ნიკოლაძის შემოქმედებას ახასიათებს სტატიკურობა, კამერულობა, ცხოველხატულობა, პოეტურობა; მოგვიანებით - შეკრული ფორმა, ჩაკეტილი კომპოზიცია. მოქანდაკე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა განათებას. მისთვის შუქი მოდელირების არსებითი საშუალება იყო. მისი ნამუშევრები სავსეა შინაგანი დინამიკით; პორტრეტები გამოირჩევა ღრმა ფსიქოლოგიზმით. ნიკოლაძის დიდი მონუმენტური ნამუშევარი იყო ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლი „მწუხარე საქართველო“ (შეუკვეთეს 1908 პარიზში, იქვე შექმნა და ჩამოასხა ქალის მთლიანი ფიგურა, დაიდგა 1913 მთაწმინდის პანთეონში). ამის შემდეგ ნიკოლაძემ თუმცა რამდენიმე ცნობილი მოღვაწის საფლავის ძეგლი და მთლიანი ფიგურა შექმნა, მაგრამ იგი მაინც ძირითადად პორტრეტისტი იყო. 1919 წელს შექმნა ნოე ჟორდანიას ქანდაკება.[5][6]

საბჭოთა პერიოდში ნიკოლაძის შემოქმედება მრავალფეროვანი გახდა. 1925 შექმნა ლენინის პორტრეტი, რომელიც 1926 წელს მარმარილოში გამოკვეთა (ტრეტიაკოვის გალერეა (მოსკოვი, რუსეთი),საქართველოს ხელოვნების მუზეუმი); 1927 — ლენინის მეორე პორტრეტი (თაბაშირი), 20-იან წლებში - რევოლუციონერთა პორტრეტები („ა. წულუკუძე“, ქვა, 1921; „როზა ლუქსემბურგი“, ქვა 1922, დაკარგულია; მარქსის ბიუსტი, ქვა, 1924, და სხვა).

ი. ნიკოლაძე. ჩახრუხაძის პორტრეტი. მარმარილო. 1948. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი

მუშაობდა მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის შენობის ფასადისათვის სკულპტურულ ჯგუფზე „ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ჩამოყალიბების ისტორიიდან“ და „საბჭოთა კავშირის მშვიდობიანი მშენებლობა“ (ჰორელიეფი, 1934–1936, ქვა, გაიხსნა 1938), 1937–1938 შექმნა შოთა რუსთაველის 3 პორტრეტი (მრგვალი ბარელიეფი, ქვა; ოლალური, ტერაკოტა, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული გახდა, და ბიუსტი). 1922 წელს გაიხსნა ეგნატე ნინოშვილისა (1908–1910, ბრინჯაო, თბილისი), ხოლო 1923 წელს აკაკი წერეთლის (1915, ქვა, ამჟამად ხელოვნების მუზეუმში, მათ ადგილზეა ბრინჯაოს ახალი ძეგლები თბილისში). ნიკოლაძეს ეკუთვნის ახალგაზრდა სტალინის პორტრეტი „დიადი ჭაბუკი“ (1940), რისთვისაც დამახასიათებელია ფორმის მთლიანობა, სიმკვრივე, მარმარილოს ზედაპირის ოსტატურად დამუშავება, ფსიქოლოგიური სიღრმე.

1944 წელს შექმნა XII საუკუნის ქართველი პოეტისა და მოაზროვნის — გრიგოლ ჩახრუხაძის პორტრეტი (თაბაშირი; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1946, ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი), მოგვიანებით მან იგი მარმარილოში გადაიტანა და რამდენადმე შეცვალა პირველი ვარიანტი (1948, მარმარილო, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). რბილი, ფერწერული შუქ-ჩრდილი, ძირს დახრილი თვალები, პორტრეტს განსაკუთრებულ და თავისებურ პოეტურობას ანიჭებს. ჩახრუხაძის პორტრეტი მოქანდაკის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. 1947 წელს პორტრეტით «ვ.ი.ლენინი „ისკრის“ პერიოდში» (ბრინჯაო, ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1947) ნიკოლაძემ დაამთავრა ვ.ი. ლენინის სახეზე 1926 დაწყებული მუშაობა. პორტრეტის პლასტიკა უბრალოა, ლენინის გარეგნულად მშვიდ სახეზე იგრძნობა დიდი ნებისყოფა, აზრის შინაგანი სიღრმე და ძალა. სხვა ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის (ქვა,1938, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), აკადემიკოს შ.ამირანაშვილის (თაბაშირი, 1940, ი. ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი), ივანე ბერიტაშვილის (ბრინჯაო, 1943, აღმოსავლეთ ხალხთა ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი), ივანე ჯავახიშვილის (ბრინჯაო, 1946, თსუ) პორტრეტები, გენერალ კონსტანტინე ლესელიძის ძეგლი (მარმარილო, 1947, თბილისი) და სხვა.

ჯილდოები და აღიარება

ლიტერატურა

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ამირანაშვილი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971;
  • Беридзе В. В., Езерская И. А., Искусство Советской Грузии. 1921-1970, М., 1975;

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!