თერავადა, თჰერავადა, სთჰავირავადა (პალ: थेरवाद theravāda; სანს: स्थाविरवाद sthāviravāda - „უფროსთა სწავლება“) — ადრეული ბუდიზმის 18 სკოლათაგან ერთადერთი გადარჩენილი. თერავადა თანამედროვე ბუდიზმის სამ ძირითად მიმდინარეობათაგან ერთ-ერთია. ამ სკოლას ადრე „ჰინაჲანადაც“ („მცირე ბორბალი“) მოიხსენიებდნენ, მაგრამ ახლა აღარ იხმარება, რადგან ითვლება, რომ მაჰაჲანასთან („დიდი ბორბალი“) უსამართლო შედარებაა; გარდა ამისა, შეურაცხმყოფელ აზრსაც ატარებს.
საფუძვლები
თერავადა ბუდისტურ სკოლათაგან ყველაზე კონსერვატულია. მის მიმდევართა მიზანია ყველანაირი დაბინძურებისა და ცდომილებისგან აბსოლუტური თავისუფლების მდგომარეობის მიღწევა. მაჰაიანასთან შედარებით, თერავადას ახასიათებს რაციონალისტური მიდგომა და რიტუალების შედარებით სიმარტივე.
თერავადას წმინდა წიგნია პალური კანონი, რომელიც დაწერილია პალურ ენაზე.
ისტორია
ითვლება, რომ თერავადა ჩამოყალიბდა მე-3 ბუდისტური კრებისას (დაახლ: ძვ.წ. 250) ინდოეთში იმპერატორ აშოკას მმართველობისას. მის პროზელიტურ საქმიანობათა გამო, თერავადა ელინისტურ დასავლეთშიც გახდა ცნობილი: ალექსანდრიაში, ანტიოქიაში, ათენსა და სხვ. აშოკას ზოგიერთი ედიქტი დაიწერა ძველბერძნულ და არამეულ ენებზე.