ვლადიმერ დავითის ძე კარსანიძე (დ. 23 მაისი, 1910, სოფ. მათხოჯი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 2 ივნისი, 1968, თბილისი) — ქართველი დრამატურგი.
ბიოგრაფია
1927 წელს გაზეთ „ახალგაზრა კომუნისტში“ პირველად დაიწერა მისი ლექსები. მალე კომკავშირული საგზურით გაიგზავნა სახკინრეწვში, ხოლო 1931 წელს მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში. 1935 წელს დაამთავრა სასცენარო ფაკულტეტი და დაბრუნდა საქართველოში.
ვ. კარსანიძე მრავალი მხატვრული და სამეცნიერო-პოპულარული ფილმის სცენარების ავტორია. როგორიცაა: „დაგვიანებული სასიძო“, „ბაში-აჩუკი“, „გლახის ნაამბობი“, „ბედნიერი შეხვედრა“, „ამბავი სოფელ ნატანებზე“, „შემოდგომა კახეთში“, „აკაკი წერეთელი“, „გორი“, „ფერეიდნელი ქართველები“, „საინგილო“ და სხვა. მისივე სცენარით გადაიღეს პირველი ქართული მულტფილმები: „ნიკო და სიკო“, „გაზაფხულის სტუმრები“ და სხვა.
ვ. კარსანიძის დრამატულ ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია პრემირებული პიესა „მუდამ მწვანე მთები“ რომელიც წარმატებით იდგმებოდა რუსთაველის სახელობის თეატრში.
ვლადიმერ კარსანიძე 40 წლის მანძილზე უანგაროდ ემსახურებოდა ქართული კინემატოგრაფიის განვითარების საქმეს. 1966 წელს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 208, თბ., 1994