ვერნების ეკლესია

ვერნების ეკლესია — XI საუკუნის არქიტექტურული ძეგლი ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვერნებში. შემორჩენილია ნანგრევების სახით.

ძეგლი მდებარეობს სოფლის ცენტრში, შემაღლებულ ბორცვზე, რომელსაც „მადისძირს“ უწოდებენ. ოთხსაფეხურიან ცოკოლზე აღმართულ გეგმით სწორკუთხა ეკლესიას აფსიდი აღმოსავლეთით ჰქონდა, შესასვლელები კი — სამხრეთიდან და დასავლეთიდან. გადამხური კამარა პილასტრებზე ამოყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობოდა. კედლები შიგნით და გარედან შემოსილი იყო სხვადასხვა ზომის სუფთად გათლილი კვადრებით. სტილისტურად ენათესავება სხალთის დიდ ტაძარს. ეკლესია დანგრეულია ოსმალეთის ბატონობის ხანაში. გადარჩენილია მხოლოდ საძირკველი, საფეხურებიანი ცოკოლი და კედლის წყობის რამდენიმე რიგი.

1898 წელს ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩნდა მოჩუქურთმებული ქვა, რომელიც შენობის კარის თავზე უნდა ყოფილიყო მოთავსებული. მასზე ამოკვეთილი ასომთავრული წარწერა პალეოგრაფიული თავისებურებებით XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. იგი იხსენიებს აბუსერისძეთა საგვარეულოს წარმომადგენლებს — ერისთავთ-ერისთავებს გრიგოლს, აბუსერს, გიორგის, ბეშქენს და სხვ. (თ. ჟორდანიას წაკითხვით: [„ქ(რისტ)ე ად(იდე)ნ ე(რისთავთ) ე(რისთავ)ნი (გრიგოლ) და აბ(უ)ს(ე)რი და გ(იორგ)ი და (ბე)შქენი (ერთი სიტყვა არ იკითხება) ზ(ა)ქ(ა)რ(ია)“].

1977 წლის არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა სადა და მოჭიქული კერამიკის, ქვევრების ნამტვრევები, ბრინჯაოს ჯვარი — ჯვარცმული ქრისტეს გამოსახულებით, ბრინჯაოს ფირფიტა — ღვთისმშობლის გამოსახულებებით. მიკვლეულია აგრეთვე ბრინჯაოს ცულები და სხვა ნაკეთობანი.

ლიტერატურა

  • ვერნები // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
  • მამულაძე შ., აჭარისწყლის ხეობის შუასაუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები, ბათ., 1993. — გვ. 82-85.
  • მამულაძე შ., ვერნების ეკლესია (ახალი მასალები ძეგლის დათარიღებისათვის), კრ.: სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს არქიტექტურული ძეგლები, [ტ.] 1, ბათ., 1980.
  • სიხარულიძე ი., აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები, ბათ., 1962. — გვ. 35.
  • სახოკია თ., მოგზაურობანი, თბ., 1985. — გვ. 295-297.
  • ჟორდანია თ., ქრონიკები, ტ. 2, ტფ., 1897. — გვ. 120-123.

რესურსები ინტერნეტში

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11811

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!