ეროსი მანჯგალაძე

ეროსი მანჯგალაძე
დაბადების სახელი ეროსი მანჯგალაძე
დაბადების თარიღი 3 მარტი, 1925
ღანირი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 26 იანვარი, 1982 (56 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა მსახიობი

ეროსი აკაკის ძე მანჯგალაძე (დ. 3 მარტი, 1925, ღანირი, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 26 იანვარი, 1982, თბილისი) — ქართველი მსახიობი და სპორტული კომენტატორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1961). სკკპ წევრი 1957 წლიდან.

ბიოგრაფია

ეროსი მანჯგალაძემ ადრეული ბავშვობა სოფელ ღანირში გაატარა. მოგვიანებით, 1932 წელს, მანჯგალაძეების ოჯახი თბილისში გადასახლდა, სადაც ეროსიმ თბილისის 34-ე საშუალო სკოლაში განაგრძო სწავლა. სამსახიობო ნიჭი ჯერ კიდევ ბავშვობაში, სასკოლო სპექტაკლებში მონაწილეობის დროს გამოაჩნდა. პირველი როლი — კურდღელი — 6 წლის ასაკში შეასრულა. მსახიობობაზე არჩევანი მეათე კლასში სწავლის დროს შეაჩერა, როცა რუსთაველის თეატრის მსახიობის — ზაზა მაჩაბლის მიერ დადგმულ ბორის ლავრენიოვის „რღვევასა“ და აკაკი წერეთლის „პატარა კახში“ მისმა შესრულებულმა მთავარმა როლებმა დიდი მოწონება დაიმსახურა[1]. ამის მიუხედავად, თეატრალურ ინსტიტუტში შესვლის პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და იგი თავიდან მხოლოდ თავისუფალ მსმენლად მიიღეს, სტუდენტი კი 1942 წელს გახდა. სწავლობდა რეჟისორ დიმიტრი ალექსიძის კლასში[2].

17 წლის ასაკში ეროსი მანჯგალაძემ გაიმარჯვა საქართველოს სახელმწიფო რადიოკომიტეტის მიერ ჩატარებულ დიქტორთა შესარჩევ კონკურსში, რის შედეგადაც, იგი დიქტორად მიიწვიეს. პარალელურად, თეატრალურ ინსტიტუტშიც სწავლობდა, სადაც 1945 წელს, მესამე კურსზე სწავლის დროს, წარმატებით შეასრულა ტეტერევის როლი გიორგი ტოვსტონოგოვის მიერ დადგმულ მაქსიმ გორკის პიესაში „მდაბიონი“. თეატრალური ინსტიტუტი ეროსი მანჯგალაძემ 1947 წელს დაამთავრა. ერთხანს მუშაობდა კოსტა ხეთაგუროვის სახელობის ცხინვალის თეატრში. სადებიუტო როლი ითამაშა სპექტაკლში „ღრმა ფესვები“. 1948 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი გახდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა; გამოირჩეოდა გარდასახვის დიდი ნიჭით, უბადლო იმპროვიზაციის უნარით, რის გამოც იგი მაყურებელში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა[3].

დიდი არტისტიზმისა და ხავერდოვანი ხმის გამო, ეროსი მანჯგალაძე მხატვრული კითხვის დიდოსტატად ითვლებოდა. იყო რადიოსა და ტელევიზიის მუდმივი დიქტორი და კომენტატორი. მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტული ახალი ამბების გადმოცემის გამო, მას „ქართველ ლევიტანს“ უწოდებდნენ[4].

ვიკიციტატა
„ხმა ჰქონდა რაღაც ჯადოსნური, ხავერდოვანი, დაბალი. კი არ ლაპარაკობდა — ღუღუნებდა. თითქოს მუსიკა იღვრებოდა მისი ბაგეებიდან.“

კინოში იღებდნენ 1958 წლიდან. გარდა მსახიობობისა, არაერთი როლიც გაახმოვანა (მაგ. ვასილ ჩხაიძის უცვლელი გამხმოვანებელი იყო, როგორც ქართულ, ისე — რუსულ ენებზე). იყო ქართული სპორტული რეპორტაჟების პიონერი. განსაკუთრებით გაითქვა სახელი საფეხბურთო რეპორტაჟებით. საფეხბურთო კომენტატორად ეროსის დებიუტი 1946 წელს შედგა. ეს იყო პირველი საფეხბურთო რადიორეპორტაჟი ქართულ ენაზე[2]. ბოლო რადიორეპორტაჟი ეროსი მანჯგალაძემ 1975 წელს ჩაიწერა.

1961 წელს ეროსი მანჯგალაძეს მიენიჭა საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.

70-იან წლებში მსახიობი მოღვაწეობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, კინომსახიობთა თეატრში დირექტორად და მსახიობად, მონაწილეობდა რადიო- და ტელესპექტაკლებში, სადაც არაერთი დასამახსოვრებელი სცენური სახე შექმნა. მშობლიურ თეატრში როლების არქონის გამო, სიცოცხლის ბოლო წელს ეროსი მანჯგალაძე ღრმა სულიერ კრიზისს განიცდიდა[6], რაც, საბოლოოდ, მისი გარდაცვალებით დასრულდა — მსახიობი მოულოდნელად, 1982 წლის 26 იანვარს, გულის შეტევით გარდაიცვალა[3]. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის სახელს ატარებს სპორტული სტადიონი სამტრედიაში. დაწესებულია ეროსი მანჯგალაძის სახელობის პრემიები: სპორტულ რადიოჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისა[7] და ტელესივრცეში თეატრის პოპულარიზაციისათვის[8].

პირადი ცხოვრება

ეროსი მანჯგალაძის მამა — აკაკი მანჯგალაძე — ეკონომისტი იყო. დედას — თამარ ბენდუქიძეს — ქუთაისის გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული. ოჯახში სამი შვილი იზრდებოდა — რეზო, ეროსი და ბელა. მანჯგალაძეების ოჯახში ერთმანეთის მიყოლებით მოხდა რამდენიმე ტრაგიკული ფაქტი: როდესაც ეროსი 12 წლისა იყო, დედამისი ხიდან ჩამოვარდნის გამო, სამუდამოდ მიეჯაჭვა საწოლს. 1941 წელს ომში უგზო-უკვლოდ დაიკარგა უფროსი ძმა-რეზო, 1943 წელს კი აკაკი მანჯგალაძე დააპატიმრეს. ამან მსახიობს ადრეული ასაკიდანვე დააკისრა დიდი პასუხისმგებლობა მშობლებისა და დის წინაშე[5].

ხალხში უჩვეულო პოპულარობის მიუხედავად, თანამედროვეთა გადმოცემით, ეროსი მანჯგალაძე მოკრძალებულ ცხოვრებას ეწეოდა და მორიდებული ხასიათი ჰქონდა. ბუნებრივი სიმორცხვის დაძლევაში მას სცენა ეხმარებოდა, სადაც იგი ამა თუ იმ პერსონაჟის სახით ახერხებდა თვითგამოხატვას[5]. საბა ტაბიძის როლში მსახიობმა ერთგვარად ასახა თავისი განცდები, უროლოდ დარჩენის გამო[9].

ეროსი მანჯგალაძე დაქორწინებული იყო მსახიობ ელენე ყიფშიძეზე. ქორწინებამ მხოლოდ რამდენიმე თვეს გასტანა[10].

ფილმოგრაფია

როლები

რუსთაველის თეატრი

სატელევიზიო თეატრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961: საქართველოს სახალხო არტისტი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!