ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი 2015, ან უბრალოდ ევრობასკეტი 2015 — კონტინენტის რიგით 39-ე ჩემპიონატი, რომელიც გამართა „ფიბა ევროპამ“. ტურნირი ჩატარდა ოთხ ქვეყანაში, ესენია: გერმანია, ლატვია, საფრანგეთი და ხორვატია. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა 24 ნაკრები გუნდი. თავდაპირველ მასპინძელ ქვეყნად 2011 წლის 18 დეკემბერს უკრაინა გამოცხადდა.[2]2014 წლის მარტში, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო, უკრაინამ 2015 წლის ევრობასკეტის მასპინძლობაზე უარი განაცხადა[3].
მასპინძლობის კანდიდატები
2011 წლის 18 დეკემბერს, ფიბა ევროპამ 2015 წლის ევრობასკეტის მასპინძელ ქვეყნად უკრაინა აირჩია[4]. 2014 წლის 19 მარტს, ტურნირის დირექტორმა მარკიან ლუბკივსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და ფინანსური კრიზისის გამო, უკრაინა აღარ უმასპინძლებდა ევროპის ჩემპიონატს[5][6]. თავდაპირველად, ფიბა ევროპამ უარყო ინფორმაცია ევრობასკეტის შესაძლო გადატანაზე[7], თუმცა მოგვიანებით, 2014 წლის 13 ივნისს, ოფიციალურად დაადასტურა რომ უკრაინა არ უმასპინძლებდა ჩემპიონატს[8].
უკრაინაში ჩემპიონატის გაუქმების შემდეგ, არაოფიციალურად, 16 ქვეყანამ გამოთქვა სურვილი ტურნირისათვის ემასპინძლა. საბოლოოდ, თავიანთი კანდიდატურები დაარეგისტრირეს შემდეგმა ქვეყნებმა: ხორვატია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისრაელი, ლატვია, პოლონეთი, თურქეთი[9]. 8 სექტემბერს გაცხადდა, რომ ევრობასკეტს ხორვატია (ზაგრები), საფრანგეთი (მონპელიე, ლილი), გერმანია (ბერლინი) და ლატვია (რიგა) მიიღებდა. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები ზაგრებში, მონპელიეში, ბერლინში და რიგაში გადანაწილდა, ხოლო პლეი-ოფის შეხვედრებს, ფინალის ჩათვლით, ლილიმ უმასპინძლა[10].