ეგზარქოსი (ბერძნ ἔξαρχος — ხელმძღვანელი, დამოუკიდებელი ხელისუფალი) —
1. ძველ საბერძნეთში თანამდებობა ქურუმთა წოდებაში.
2. ბიზანტიაში — იმპერატორის მოადგილე იტალიის სამფლობელოებში, იჯდა ქალაქ რავენაში; ასევე, დიოცეზის მმართველი ეპისკოპოსი, იჯდა დიოცეზის მთავარ ქალაქში. შემდეგში ეგზარქოსი პატრიარქად იწოდებოდა. XI საუკუნიდან კონსტანტინოპოლის პატრიარქის მოხელე, რომელიც მართავდა და მეთვალყურეობდა კონსტანტინოპოლის ეპარქიის გარეთ, იმპერიის სხვა ადგილებში მდებარე საპატრიარქო და სხვათა კუთვნილ მონასტრებს; პატრიარქის მოადგილედ წარგზავნილი მაღალი წოდების იერარქი, რომელსაც ევალებოდა პატრაირქის სახელით საეკლესიო საქმეების მოგვარება.
3. სახელმწიფოში მაღალი წოდების იერარქი, რომელიც მართავს ადმინისტრაციულ-ეთნიკურად განსხვავებულ დიდ საეკლესიო ეპარქიას.
ეგზარქოსობა საქართველოში
საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას მოჰყვა 1811 წლის საქართველოს საეგზარქოსოს დაარსება, რომლის მმართველად დაინიშნა ეგზარქოსი. საქართველოს ეგზარქოსს ჰქონდა წოდება ქართლისა და კახეთის მიტროპოლიტისა, შემდეგში არქიეპისკოპოსისა. საქართველოს ეგზარქოსი იყო სინოდის წევრი და დიკასტერიის უფროსი, შემდეგში დიკასტერიის მაგიერ 1814 წელს დაარსებული „საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის“ (გაიხსნა 1815 წ.) უფროსი და იწოდებოდა „ქართლისა და იმერეთის ეგზარქოსად“ ან მოკლედ „საქართველოს ეგზარქოსად“. 1814 წელს ტფილისში დაარსდა ეგზარქოსის კანცელარია. საქართველოს პირველი ეგზარქოსი იყო ვარლამი (ერისთავი) 1811-17, შემდეგში რუსეთიდან მოვლინებული არქიერები. საქართველოს საეგზარქოსოს კომპეტენციაში შემავალი ტერიტორიები უფრო და უფრო ფართოვდებოდა, XIX საუკუნის დასასრულს მასში შედიოდა მთლიანად ამიერკავკასია, ჩრდილოეთი კავკასია და კასპიის ზღვის აღმოსავლეთი მხარეც. ეგზარქოსის თანამდებობა გაუქმდა 1917 წელს, როდესაც ქართველმა სამღვდელოებამ აღადგინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.
ლიტერატურა
- ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, , 2012. — გვ. ?.
- [Епископ Кирион], Краткий очерк истории грузинской церкви и экзархата за XIX столетие, Тфл., 1901 (კრიპტ.: E. К.).