ბანდარ-ლამპუნგი (წარსულში ნიდ:Oosthaven, ითარგმნება როგორც აღმოსავლეთი ნავსადგური) − ინდონეზიის პროვინციის, ლამპუნგის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს სუმატრის სამხრეთ ნაწილში. ბანდარ-ლამპუნგს თავდაპირველად Tanjungkarang–Telukbetung ეწოდებოდა, რადგანაც ლამპუნგის ორი მთავარი დასახლების გაერთიანება იყო. დღევანდელი სახელი 1983 წელს ეწოდა.[3]
ქალაქის ტერიტორია და სამხრეთ ლამპუნგის სარეგენტო (რომელიც ქალაქს ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება) მთავარი ტრანსმიგრაციის პროგრამის ნაწილია. შედეგად ბანდარ-ლამპუნგი სუმატრის რეგიონში მეოთხე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მედანის, პალემბანგისა და ბატამის შემდეგ. ქალაქის ფართობი 197.22 კმ²-ია. 2005 წელს ქალაქის მოსახლეობა 790 057 ადამიანს შეადგენდა, 2010 წელს ― 881 801 ადამიანს,[4]2015 წელს ― 977 686 ადამიანს, ხოლო 2020 წელს ― 1 166 066 ადამიანს.[5]2022 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 1 209 937 ადამიანს შეადგენს.[6]
ისტორია
ბანდარ-ლამპუნგი ლამპუნგის პროვინციის დედაქალაქია. დღევანდელ სახელწოდებამდე მას ქალაქი ტანჯუნგ-კარანგი-ტელუკ-ბეტუნგი ერქვა. სანამ ბანდარ-ლამპუნგი გახდებოდა, იგი ორი ქალაქის, ტანჯუნგ-კარანგისა და ტელუკ-ბეტუნგის გაერთიანებას წარმოადგენდა, რომლებიც ადრე სამხრეთ ლამპუნგის სარეგენტოში შედიოდა. 1982 წელს ქალაქი გაფართოვდა და სამი ახალი რაიონი მოიცვა.[7][8]
ახალი ისტორია
ბანტენის რეგენტის, უილიამ კრაფტის, გენერალ-გუბერნატორ კორნელიუს შპილმანისათვის მიწერილ მოხსენებაში ნათქვამია, რომ 1682 წლის 17 ივნისის აღწერაში „ლამპუნგ-ტელოკბეტონგი ზღვის ნაპირას მდებარეობს და Dipati Temenggung Nata Negara-ის ძალაუფლების ცენტრს წარმოადგენს. ძალაუფლება კი 3 000-ზე მეტ ადამიანზე ვრცელდება“. ეს თარიღი მოგვიანებით ქალაქის დაარსების ოფიციალურ თარიღად გამოცხადდა.[9]
იაპონელთა ოკუპაცია
იაპონელთა ოკუპაციის პერიოდში დღევანდელი ბანდარ-ლამპუნგი იმართებოდა როგორც ქალაქი (市, shi), რომელსაც იაპონელი მერი (市長, shicho) მართავდა. მერს ინდონეზიელი მოადგილე ჰყავდა (副市長, fuku-shicho).[9]
დამოუკიდებლობის შემდეგ
ტანჯუნგ-კარანგი და ტელუკბეტუნგი თავდაპირველად სამხრეთ ლამპუნგის სარეგენტოს იურისდიქციის ქვეშ იყო. 1948 წელს მიღებული კანონის საფუძველზე ორი ქალაქი გაერთიანდა და დამოუკიდებელი ქალაქის სტატუსი მიენიჭა.[9]
გეოგრაფია
ბანდარ-ლამპუნგი ლამპუნგის პროვინციის დედაქალაქია. იგი კუნძულ სუმატრის სამხრეთ სანაპიროზე, ლამპუნგის ყურის ნაპირას მდებარეობს. ქაალქი 1980-იან წლებში ყოფილი პროვინციული დედაქალაქის, ტანჯუნგკარანგისა და ტელუკბეტუნგის პორტის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა. ქალაქის მრეწველობის დარგებს შორის აღსანიშნავია: ლითონის დამუშავება, დაზგაზე ქსოვა, მეთუნეობა და ფილების შექმნა. საჰაერო, სახმელეთო და სარკინიგზო კავშირებით, გარემომცველი სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიისთვის, სადაც კაუჩუკს, ჩაის, ყავასა და სანელებლებს ექსპორტისთვის აწარმოებენ, ბანდარ-ლამპუნგი მთავარი პორტისა და სატრანსპორტო ცენტრის ფუნქციას ასრულებს.[10]
ადმინისტრაციული რაიონები
2010 წლისთვის ბანდარ-ლამპნუგი 13 ადმინისტრაციულ რაიონად (ინდონ.kecamatan) იყოფოდა, თუმცა მოგვიანებით, არსებული რაიონების გაყოფის შედეგად კიდევ 7 რაიონი შეიქმნა და 20-ს გაუტოლდა. ახლადშექმნილი რაიონებია: ბუმი-ვარასი, ენგალი, კედამაიანი, ლაბუჰან-რატუ, ლანგკაპურა, ტელუკ-ბეტუნგ-ტიმორი (აღმოსავლეთი ტელუკ-ბეტუნგი) და ვაი-ჰალიმი.
2009 წელს ბანდარ-ლამპუნგში წერა-კითხვის ცოდნის დონე 94.3%-ს შეადგენდა, რაც მცირედით აღემატებოდა 2005 წლის მაჩვენებელს (93.5%). მიუხედავად ამისა, საშუალო სკოლაში სწავლის მაჩვენებელი 2007 წელთან შედარებით 69.2%-დან 61.4%-მდე შემცირდა. მეორე მხრივ, ინდონეზიაში საშუალო სკოლაში სწავლის მაჩვენებელი 2007 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში 54.6%-დან 55.8%-მდე გაიზარდა.
ბანდარ-ლამპუნგში რამდენიმე ცნობილი სკოლა და უნივერსიტეტი მდებარეობს. მათ შორისაა: ლამპუნგის უნივერსიტეტი (სახელმწიფო, ასევე ცნობილი როგორც უნილა), ბანდარ-ლამპუნგის უნივერსიტეტი (კერძო) და სხვ. 2011 წლისთვის ლამპუნგის უნივერსიტეტს 70 866 კურსდამთავრებული ჰყავდა.[12]