პირვანდელი ქრისტიანული საკრებულოები იუდეველთა სინაგოგებში მიღებულ წესებს მისდევდნენ (იუდეველთაგან მოქცეულნი), ე.ი. ქრისტიანთა შეკრებებზე კითხულობდნენ ძველი აღთქმის გარკვეულ მონაკვეთებს, მაგრამ რადგანაც ქრისტიანები იესო ქრისტეს ეთაყვანებოდნენ, მათთვის ბუნებრივი იქნებოდა ძველი აღთქმის საკითხავები შეევსოთ რომელიღაც მოთხრობით ქრისტეს ცხოვრებისა და მოძღვრების შესახებ.
პირველ ხანებში თავისი მოგონებები ქრისტეზე მასთან უშუალოდ დაახლოებულ პირს შეეძლო სხვებისთვისაც გაეზიარებინა, მაგრამ ეკლესიათა რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა, ქრისტეს უშუალო მნახველთა რიცხვი კი კლებულობდა, ამიტომაც აუცილებელი გახდა, რომ ეს ამბები ქრისტეს შესახებ ჩაწერილიყო. სწორედ ამ გზით შეიქმნა ოთხი სახარება (მათესი, მარკოზისა, ლუკასა და იოანესი), რომელთაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს პირველი ქრისტიანული ეკლესიების ღვთისმსახურებასა თუ მთლიანად მათს ცხოვრებაში.
გარდა ამისა, მოციქულებმა დაგვიტოვეს ცალკეული თემისა თუ პიროვნებისადმი გაგზავნილი მრავალი წერილი. რამდენადაც ეს ეპისტოლეები ქრისტიანული ცხოვრებისადა რწმენის ზოგად დებულებებს შეიცავდნენ, მათი სარგებლიანობა ეკლესიის მიერ მალევე იქნა აღიარებული.
მოციქულთა საქმეები ეკლესიამ მიიღო, რადგანაც იგი ავსებდა იმ ისტორიას, რომელსაც ლუკას სახარება იწყებს. ამ წიგნმა - ერტადერთმა მოიტანა ჩვენამდე ადრექრისტიანული ეკლესიის ცხოვრების დეტალები.
ჩვ.წ.ა. 200 წლისთვის იესოს შესახებ არსებული ყველა მოთხრობიდან ოფიციალური აღიარება მხოლოდ ჩვენთვის ცნობილმა ოთხმა სახარებამ მიიღო, თუმცაღა ამათ გარდა არსებობდა მრავალი აპოკრიფტული სახარება. ეკლესია სრულიად გარკვევით აღიარებდა, რომ ქრისტეს ცხოვრებისა და მოძღვრების ავტორიტეტულ წყაროდ მას მხოლოდ მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებები მაიაჩნია. უკვე ამ დროისთვის ამ სახარებათა ტოლფასი ღირებულება მოიპოვა „პავლემაც“.
რაც შეეხება ახალი აღთქმის დანარჩენ წიგნებს, საყოველთაო აღიარება მათ უფრო მოგვიანებით მიიღეს. მაგალითად, უეჭველია, რომ „გამოცხადებას“ მეორე საუკუნეში უკვე კითხულობდნენ, მაგრამ მესამე საუკუნემდე ამ წიგნს ფართო გავრცელება არ ჰქონია.
ლაოდიკიისა (363) და კართაგენის (397) კრებებზე ეპისკოპოსებმა დაამტკიცეს ახალი აღთქმის წიგნების სია, რომელიც დღევანდელს შეესაბამებოდა ერთი განსხვავებით: ლაოდიკიის კრების სიას იოანეს გამოცხადება აკლდა. ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, ცდილობდა, რომ ახალ აღთქმაში შესულ წიგნებს ნამდვილად აესახათ მოციქულთა სულიერი გამოცდიება.[1]
ახალი აღთქმის ქართული თარგმანები
ვარაუდობენ, რომ ქართულ ენაზე ახალი აღთქმის ზოგი წიგნი (უპირველეს ყოვლისა სახარება) IV საუკუნის II ნახევრიდან ითარგმნა. დანარჩენი V-VI საუკუნიდან, გარდა იოანეს გამოცხადებისა, რომელიც ითარგმნა X საუკუნეში. V-VI საუკუნეებში ხანმეტი ძეგლები სახარებისა და ახალი აღთქმის ზოგი სხვა წიგნის ტექსტებსაც შეიცავენ. სახარებას („ევანგელე“) მოიხსენიებს იაკობ ცურტაველი (V საუკუნის 70-იანი წლები). ახალი აღთქმის წიგნებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად. საქართველოში მეცნიერულად გამოცემულია სახარება, მოციქულთა საქმე, კათოლიკე ეპისტოლეები და იოანეს გამოცხადება. არსებობს ქართული სახარების სიმფონია-ლექსიკონი.