ანდრია რაზმაძე

ანდრია რაზმაძე (12 აგვისტო, 1889, ჩხენიში, რუსეთის იმპერია2 ოქტომბერი 1929, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი მათემატიკოსი, საქართველოში მათემატიკური კვლევის პიონერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ–ერთი დამაარსებელი. მუშაობდა ვარიაციულ აღრიცხვაში.

ბიოგრაფია

ადრეული წლები

დაიბადა ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშში. 1906 წელს დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი, სადაც გამოავლინა მათემატიკისადმი მიდრეკილება. სულ რამდენიმე თვეში ჩააბარა მე-6-7 კლასების საკმაოდ რთული კურსი (არითმეტიკა, ალგებრა, გეომეტრია, ტრიგონომეტრია), უმაღლესი მათემატიკის ელემენტებით. ამის გამო, მათემატიკის მასწავლებელმა ურჩია, მოსკოვის უნივერსიტეტში შესულიყო მათემატიკის ფაკულტეტზე. ნიჭიერ ყმაწვილს კი, როგორც რეალური სასწავლებლის კურსდამთავრებულს, ამის უფლება არ ჰქონდა. იმ დროს რუსეთის იმპერიაში მხოლოდ ტარტუს უნივერსიტეტი იყო ისეთი უნივერსიტეტი, სადაც გიმნაზიების კურსდამთავრებულებთან ერთად რეალური სასწავლებლებისა და სემინარიების კურსდამთავრებულებსაც იღებდნენ. ანდრია რაზმაძეს კი სწორედ მოსკოვის უნივერსიტეტში სურდა სწავლა, მაგრამ მის სურვილს წინ ეღობებოდა ისიც, რომ ლათინურის კურსი არ ჰქონდა გავლილი. ამიტომ გადაწყვიტა, მოსკოვის უნივერსიტეტში თავიდან თავისუფალ მსმენელად ჩარიცხულიყო. ჩაირიცხა კიდეც 1906 წელს, ხოლო 1907 წლის მაისში ლათინურის გამოცდაც ჩააბარა და იმავე წელს სტუდენტად გადაიყვანეს მათემატიკის სპეციალობაზე.

ანდრია რაზმაძე აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის მუშაობაში. წაიკითხა რამდენიმე საინტერესო მოხსენება. 1910 წელს ვადაზე ადრე ჩააბარა სადიპლომო გამოცდების საგნები: მათემატიკა, მექანიკა, ასტრონომია, რიცხვთა თეორია და ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორია. დაწერა 170 გვერდიანი სადიპლომო ნაშრომი „რიცხვთა თეორიის კონსპექტი“ და პირველი ხარისხის დიპლომი მიანიჭეს. 1914 წელს დასავლეთ ევროპაში სამეცნიერო მივლინების დროს კავშირი დაამყარა იქაურ მეცნიერებთან და ცნობილ გერმანულ ჟურნალში "Mathematische Annalen" გამოაქვეყნა პირველი შრომა ვარიაციულ აღრიცხვაზე.

მეცნიერული მოღვაწეობა

1917 წელს ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები და მაგისტრის წოდება მიიღო, ხოლო იმავე წლის აპრილში - წმინდა მათემატიკის კათედრის პრივატ-დოცენტისა. იყო თსუ-ს სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პირველი დეკანი, შეადგინა მისი სასწავლო გეგმა და მათემატიკუ დისციპლინათა პროგრამები, პირველმა წაიკითხა ქართულ ენაზე მათემატიკის, მექანიკისა ფიზიკის ძირითადი კურსი, დაწერა ქართულ ენაზე პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები მათემატიკაში, საფუძველი ჩაუყარა ქართულ მათემატიკურ ტერმინოლოგიას. 1920 წლიდან იყო წევრი „ქართული სალიტერატურო ნორმების დამდგენი კომისიისა“

აქვეყნებდა შრომებს საქართველოსა და საზღვარგარეთის (რუსეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ამერიკის) მთავარ ჟურნალებში და კონგრესის ანგარიშებში. აღსანიშნავია მისი მოხსენებები მათემატიკოსთა მსოფლიო კონგრესზე (ამერიკა, 1924 წელი), რუსეთის მათემატიკოსთა კონგრესზე (1926 წ.), მოსკოვის მათემატიკურ საზოგადოებაში (1928 წ.). ბოლო მოხსენება ეხებოდა ვარიაციათა აღრიცხვის გამოყენებას ზეციურ მექანიკაში. მის შრომებს დიდ შეფასებას აძლევენ უცხოელი მეცნიერები. ამერიკელი პროფესორი ბლისი, საფრანგეთის მათემატიკური საზოგადოების მაშინდელი პრეზიდენტი პოლ ლევი, რუსი ნ. კრილოვი, იტალიელი ლ. ტონელი და სხვები სთხოვენ პარიზში გადასვლას და იქ მუშაობას. მაგრამ მეცნიერი უარს ამბობს მომხიბვლელ წინადადებაზე, რადგან სურს, წინ წასწიოს ქართული მეცნიერება. 1925 წელს პარიზში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

ზოგიერთი მეცნიერისგან განსხვავებით, ანდრია რაზმაძე ყოველთვის ცდილობდა, წარმოეჩინა საქართველო. იგი თავის ნაშრომებს ყოველთვის ქართულ ენაზე წერდა, თუმცა შესანიშნავად იცოდა სხვა ენები. 1924 წელს კანადაში ქ. ტორონტოში საერთაშორისო კონგრესზე მოხსენების წაკითხვის შემდეგ საქართველოს განათლების კომისარიატს ატყობინებდა:

ვიკიციტატა
„მე ყველგან ჩაწერილი ვარ, როგორც საქართველოს დელეგატი. მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა წარმომედგინა მეცნიერების მხრივ.“

ანდრია რაზმაძე ყველგან და ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ იყო საქართველოს, თბილისის უნივერსიტეტის წარმომადგენელი. მისი წინადადებით საქართველო მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირის წევრი გახდა 1924 წელს მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესზე მაშინ, როცა ბევრი ცნობილი ქვეყანა ამ კავშირის წევრად ჩვენს შემდეგ მიიღეს.

გარდაცვალება

როდესაც ანდრია რაზმაძე 1929 წელს უცხოეთში ახალი მივლინებისათვის ემზადებოდა, მოულოდნელად გარდაიცვალა. იმ წელს ბაკურიანში წავიდა ოჯახთან ერთად, სადაც ავად გახდა. მალე თბილისში წამოიყვანეს. იგი რკინიგზის სადგურში, ვაგონში გარდაიცვალა. დაასაფლავეს დიდუბის პანთეონში, 1989 წელს კი მშობლიური უნივერსიტეტის ეზოში გადაასვენეს.

კვლევის სფერო

რაზმაძე ეწეოდა კვლევით მუშაობას მათემატიკური ანალიზის რთულ და დამამთავრებელ დარგში ვარიაციათა აღრიცხვაში. იგი მიზნად ისახავდა ვარიაციათა აღრიცხვის ძირითადი პრობლემა გამოეკვლია დასაშვებ წირთა უფრო ზოგადი ან უფრო სპეციალური კლასისათვის, ვიდრე კლასიკურ თეორიაში დამაგრებულბოლოიანი უწყვეტად წარმოებად წირთა კლასია. თავის პირველ შრომაში მინიმუმის ამოცანა ამოხსნა ისეთი წირებისთვის, რომლებიც ჩვეულებრივისგან განსხვავდებიან მხოლოდ იმით, რომ რთი ბოლო დამაგრებული აქვთ, ხოლო მეორე სავსებით თავისუფლად მოძრავი. შემდეგ გამოიკვლია უწყვეტი, მაგრამ კუთხითი წერტლების შემცველი წირების კლასი და მოგვცა ამ შემთხვევისათვის აუცილებელი პირობების ახალი საინტერესო ფორმა. 1925 წელს პარიზში დაცულ სადოქტორო დისერტაციაში რაზმაძემ პირველმა გამოიკვლია ვარიაციათა აღრიცხვის ამოცანები წყვეტილ წირთა კლასში, დაადგინა მინიმუმის როგორც აუცილებელი, ისე საკმარისი პირობები და ამით საფუძველი ჩაუყარა ვარიაციათა აღრიცხვის ახალ მიმართულებას. 1934 წელს გამოქვეყნებულ შრომაში რაზმაძემ განიხილა პერიოდული მონახსენები და შეკრული ექსტრემალები. ა. პუანკარეს მიერ დასმული ასეთი ექსტრემალების მინიმუმის ამოცანა ამ შრომით დასრულებულ მდგომარეობამდე იქნა მიყვანილი სიბრტყეზე და მიღებულ თეორიას ადამარ-რაზმაძის სახელი ეწოდა. რაზმაძეს ეკუთვნის აგრეთვე სიბრტყეზე ვარიაციათა აღრიცხვის ძირითადი ლემის მნიშვნელოვანი განზოგადება, მინიმალური ზედაპირების ფართობთა თეორიის გამარტივება და სხვ.

ბიბლიოგრაფია

  • რჩეული შრომები, თბილისი, 1952
  • ვარიაციათა აღრიცხვა, ტფილისი, 1933
  • მათემატიკური ანალიზის კურსი, ტ. 1 — შესავალი, ტფილისი, 1920
  • ინტეგრალური არღრიცხვის კურსი, ნაწ. 1 განუსაზღვრელი ინტეგრალები — ტფილისი 1922

ლიტერატურა

  • ანდრია რაზმაძე [კრებული] — თბილისი, 1945
  • გოკიელი ლ. „ნადრია რაზმაძე“ — თბილისი, 1954

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!