აბერდინი (ინგლ. Aberdeen, შოტ.-გელ. Obar Dheathain) — მთავარი საზღვაო, ნავთობსამრეწველო და თევზსარეწი პორტი, სიდიდით მესამე ქალაქი შოტლანდიაში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე, მდინარეების — დის და დონის შესართავთან. აბერდინი ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრია. 2012 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 196.670 მცხოვრებს (შემოგარენთან ერთად — 227.560).
აბერდინი და მისი ოლქი წარმოადგენს ანკლავს, რომელიც გარშემორტყმულია აბერდინშირის ოლქის ტერიტორიით. ისტორიულად აბერდინშირის საგრაფოს ცენტრი სწორედ აბერდინი იყო. XII საუკუნეში სამეფო ქალაქი (ბურგი) გახდა და XII-XIV საუკუნეებში შოტლანდიის მეფეთა რეზიდენცია იყო. ქალაქი მხარს უჭერდა რობერტ ბრიუსს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ერთხანს ინგლისის მეფე ედუარდ I-ის (მეფობდა 1272-1307) მთავარი ბაზა იყო შოტლანდიის დაპყრობის მცდელობისას. 1970-იანი წლებიდან აბერდინი სწრაფად ვითარდებოდა, როგორც ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის მრეწველობის მთავარი ცენტრი დიდ ბრიტანეთში. შემდგომ პერიოდში ქალაქის ეკონომიკა მეტად დივერსიფიცირებული გახდა, განვითარდა ელექტრონული სისტემების პროექტირებისა და განახლებადი ენერგიის წყაროებზე დაფუძნებული დარგები.
აბერდინი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრიცაა. ქალაქში არის აბერდინის უნივერსიტეტი (დაარსდა 1860) და რობერტ გორდონის უნივერსიტეტი (დაარსდა 1750). კულტურული დაწესებულებებიდან აღსანიშნავია აბერდინის ხელოვნების გალერეა, საზღვაო მუზეუმი და სხვ. 1973-2017 წლებში ქალაქში ტარდებოდა აბერდინის საერთაშორისო ახალგაზრდობის ფესტივალი.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო