ჯორჯ მილნი

ჯორჯ მილნი (დ. 5 ნოემბერი, 1866, შოტლანდია, აბერდინი — გ. 23 მარტი, 1948, ლონდონი) — ბრიტანელი ბარონი, ბრიტანეთის არმიის ფელდმარშალი. ბრიტანეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსი. ბრიტანეთის შავი ზღვის ჯარების სარდალი.

ბიოგრაფია

სამხედრო განათლება ვულვიჩის სამეფო სამხედრო აკადემიაში მიიღო. 1885 წლიდან მსახურობდა ბრიტანეთის არმიაში. ადრეულ ეტაპზე, სხვადასხვა დროს მსახურობდა ბრიტანეთის არმიის ინდოეთისა და მალტის ძალებში. მონაწილეობდა ბურების მეორე ომში. 1913 წელს მიენიჭა ბრიგადის გენერლის წოდება. პირველ მსოფლიო ომში არტილერიის გენერლის სტატუსით მონაწილეობდა. 1915 წლიდან კი ბრიტანეთის არმიის 27-ე დივიზიის მეთაურად დაინიშნა. 1916 წლიდან სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა ბალკანეთში, თესალონიკსა და მაკედონიის ფრონტზე. პირველი მსოფლიო ომის დასასრულს, 1918 წლის სექტემბერში, დაინიშნა ბრიტანეთის არმიის შავი ზღვის ჯარების მეთაურად. პოლიტიკური გამოცდილების არმქონე გენერალს გაუჭირდა კავკასიასა და მის სამეზობლოდ მიმდინარე პროცესებში გარკვევა და მოქმედება. ცალსახად მხარს უჭერდა დენიკინ-კოლჩაკის ოპერაციას და ეწინააღმდეგებოდა ამიერკავკასიის რესპუბლიკათა დამოუკიდებლობას. მილნის მიერ ლონდონში გაგზავნილ ანგარიშებში ნეგატიურად იყო წარმოდგენილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა, როგორც ულტრასოციალისტური პოლიტიკური ძალა. მილნი გამოირჩეოდა უხეშობით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას და არ მალავდა თავის დამოკიდებულებას. მილნი ბრიტანეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსის, ამიერკავკასიისადმი ასევე სკეპტიკურად განწყობილ ფედმარშალ ჰენრი უილსონისათვის გაგზავნილ ანგარიშებში, აშკარად ავლენდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური პროცესების უცოდინარობას. პირად წერილებში უილსონს სწერდა, რომ ამიერკავკასიას პოლიტიკური მომავალი არ აქვს, მართალია, ბრიტანეთის გასვლის შემდეგ რეგიონში სისხლისღვრა გარდაუვალი იქნება და „რეგიონის მცხოვრებლები ერთმანეთს ყელებს დააჭრიან“, მაგრამ ეს არაფრად ღირს თუნდაც ერთი ბრიტანელი ჯარისკაცის სიცოცხლესთან შედარებით. მილნიმ, 1918 წლის ბოლოს ბრიტანეთის მთავრობას მოსთხოვა, საქართველოს დელეგატები გაეძევებინა ლონდონიდან და პარიზიდან. მილნის შეფასებით, საქართველოს მთავრობა მოსახელობის ყველაზე ცუდი ნაწილისგან შედგება და არ წარმოადგენს თავად ქართველ ხალხს. მილნის და ბრიტანეთის არმიის გენერალური შტაბის დაჟინებული მოთხოვნით, 1919 წლის აგვისტოში, ბრიტანეთის სამხედრო ნაწილები გაიწვიეს ბაქოდან, მხოლოდ 3 ბატალიონი განთავსდა ბათუმში. საბოლოოდ კი, 1920 წლის ივლისის დასაწყისში, ამ ბატალიონებმაც დატოვეს კავკასია.

1923 წელს, გენერალი მილნი ბრიტანეთის არმიის აღმოსავლეთის სარდლად დაინიშნა. 1926 წლის თებერვალში კი ბრიტანეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსი გახდა, ხოლო 1933 გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. სამხედრო დამსახურებების გამო დაჯილოდებული იყო არაერთი მედლითა და ხმლით.

ლიტერატურა

  • ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 277.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!