ჯონი უილკინსონმა კარიერა დაიწყო ნიუკასლში. ჯონის დებიუტი შედგა 1997/8 წლის პრემიერშიპის სეზონში. 1998 წელს უილკინსონი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს. პირველად ჯონი განაცხადში მოხვდა, როდესაც ინგლისი შოტლანდიის ნაკრებს ეთამაშებოდა, მაგრამ ის მოედანზე არ შესულა. 4 აპრილს, 1998 წელს უილკინსონის დებიუტი შედგა ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ, როდესაც ის მხოლოდ 18 წლის იყო.
1998 წელს ჯონი უილკინსონმა მიიღო მონაწილეობა ინგლისის ისტორიაში ყველაზე ცუდ ტურნეში. ინგლისმა ჯერ ავსტრალიის ნაკრებთან 76–0 წააგო, რომელიც ყველაზე დიდი დამარცხებაა ინგლისის ნაკრების ისტორიაში. შემდეგ კი ინგლისმა ახალ ზელანდიასთან წააგო.
1999 წელს უილკინსონი ინგლისის ნაკრების შეუცვლელი 10 ნომერი გახდა. მან მიიღო მონაწილეობა ხუთი ერის ჩემპიონატში. უილკინსონმა ნიუკასლთან ერთად მოიგო ტეტლი ბიტერის თასი. ჯონი უილკინსონმა მიიღო მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ მატჩებში. ინგლისი შეხვდა ავსტრალიას და შოტლანდიას.
1999 წელს ინგლისში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი. იტალიასთან მატჩის დროს ჯონი უილკინსონმა დადო ლელო. ეს ლელო პირველი იყო მისთვის ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში. შემდეგი თამაში ინგლისმა ახალი ზელანდიის ნაკრებთან წააგო. ტონგის ნაკრებთან ჯონი უილკინსონი დაასვენეს, ეს მატჩი ინგლისმა 101–10 მოიგო. მომდევნო მატჩი ინგლისმა ფიჯის ნაკრებს მოუგო. ინგლისის მწვრთნელმა ვუუდვარდმა გადაწყვიტა, რომ ჯონის სამხრეთ აფრიკასთან არ ეთამაშა. ინგლისი ამ თამაშში დამარცხდა, ჟურნალისტებმა ვუუდვარდი გააკრიტიკეს, რადგან მან ჯონი შეცვლაზეც კი არ შეიყვანა.
2000 წელს ჯონი უილკინსონმა ყველა ექვსი ერის მატჩში ითამაშა. ინგლისი ჩემპიონი გახდა.
2001–2002
2001 წელს ინგლისმა მოიგო ექვსი ერის ჩემპიონატი. პირველი შეხვედრა ინგლისის ნაკრებმა უელსს მოუგო. ჯონი უილკინსონმა დაამყარა ექვსი ერის რეკორდი, მან იტალიის წინააღმდეგ მოაგროვა 35 ქულა, რაც კონკრეტული მოთამაშისთვის მაქსიმუმია. ინგლისმა 2001 წლის ექვსი ერის გათამაშებაში ყველა თამაში მოიგო.
ჯონის ნაკრების წარმატებას, კლუბის წარმატებაც მოჰყვა. ნიუკასლმა დაამარცხა ჰარლექუინზი და მოიგო პოუვერგენის თასი.
იმავე წელს უილკინსონი აიყვანეს ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების შემადგენლობაში. ლომებმა პირველი შეხვედრა ავსტრალიის ნაკრებს მოუგეს, იმ შეხვედრაში ჯონიმ ცხრა ქულა მოიპოვა. მეორე შეხვედრა ლომებმა ავსტრალიასთან 35–14 წააგეს. ჯონიმაც ვერ გამოიჩინა თავი, მისი ერთი პასი ჩაჭრეს და ინგლისს ლელო დაუდეს. შუა შეხვედრაში უილკინსონმა ტრავმა მიიღო, თავიდან ის სერიოზული ჩანდა, მაგრამ ჯონი მესამე შეხვედრამდე ექიმებმა სრულიად განკურნეს. მესამე შეხვერდა ჯონი უილკინსონმა ძალიან კარგად ჩაატარა, მან ლელოც დადო და ფეხიც კარგად ურტყა. უილკინსონმა ამ თამაშში 18 ქულა მოაგროვა, რაც ბრიტანელი და ირლანდიელი ლომებისთვის რეკორდია.
ოქტომბერში ინგლისი ირლანდიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. ინგლისმა 20–14 წააგო. ინგლისმა და ირლანდიამ ექვსი ერის გათამაშებაში თანაბარი ქულები მოაგროვეს, მაგრამ ინგლისმა ბურთების სხვაობით აჯობა ირლანდიას და ექვსი ერის გამარჯვებული გახდა.
ნოემბერში შედგა კუკის თასი. ეს თასი თამაშდება ინგლისსა და ავსტრალიას შორის. ჯონი უილკინსონმა ბრწყინვალედ ჩაატარა შეხვედრა და 21 ქულა მოაგროვა. ინგლისმა 21–15 მოიგო. რუმინეთის ნაკრებთან ჯონი დაასვენეს. შემდეგ უილკინსონმა დიდი როლი ითამაშა ინგლისის გამარჯვებაში სამხრეთ აფრიკასთან, ჯონიმ შვიდი ჯარიმა გაიტანა და ინგლისმა 29–9 მოიგო.
ინგლისმა კარგი სტარტი აიღო 2002 წლის ექვსი ერის გათამაშებაში. მან თავიდან შოტლანდიას მოუგო შემდეგ კი ირლანდიას, მაგრამ ინგლისი საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდა. ინგლისმა მომდევნო თამაშებიც მოიგო იტალიის და უელსის ნაკრების წინააღმდეგ. მიუხედავად, მხოლოდ ერთი დამარცხებისა, ექვსი ერის თასი საფრანგეთმა აღმართა.
2002 წლის ნოემბერში ინგლისმა გამართა შემოდგომის ტესტები, სამი ერის წარმომადგენლებთან. უილკინსონმა დიდი როლი ითამაშა "ოლ ბლექსთან" თამაშისას. მან დადო ლელო, გაიტანა ორი გარდასახვა, სამი ჯარიმა და ერთი არეკნი. ინგლისმა ზელანდიას დამაჯერებლად მოუგო. შემდეგ ინგლისის ნაკრებმა ავსტრალიის ნაკრებს ტვინკჰემზე უმასპინძლა. ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ინგლისმა ერთი ქულით გაიმარჯვა ანგარიშით 32–31. ინგლისს საშუალება მიეცა დაემარცხებინა სამივე სამი ერის წარმომადგენელი. 23–ე წუთზე უილკინსონს სახიფათოდ ეთამაშეს, და უხეშმა მორაგბე ჟანს ლაბშეინმა წითელი ბარათი მიიღო. უილკინსონი თამაშს გამოეთიშა, მიუხედავად ამისა ინგლისმა 53–3 მოიგო.
2003 ექვსი ერი და მსოფლიო ჩემპიონატი
ექვსი ერი და მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი მატჩები
2003 წელი რაგბის სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ავსტრალიაში უნდა გამართულიყო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც იქნებოდა ყველაზე დიდი ჩემპიონატი რაგბის ისტორიაში. ექვსი ერის ჩემპიონატიც საინტერესო გამოდგა. პირველი შეხვედრაში ინგლისი საფრანგეთის ნაკრებს ეთამაშა. ორივე გუნდისთვის ეს მატჩი სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო. სწორედ ეს თამაში გადაწყვეტდა ექვსი ერის ჩემპიონს და გამარჯვებულიც ავსტრალიაში მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტად ჩავიდოდა. ინგლისმა საფრანგეთს 25–17 მოუგო. სხვა დანარჩენი მატჩების მოგებაც არ გაუჭირდა. იტალიასთან მატჩისას, ინგლისის კაპიტანი მარტინ ჯონსონს თამაში გამოტოვა, რადგან ბავშვი შეეძინა. ჯონი უილკინსონმა ინგლისი მოედანზე კაპიტნის რანგში პირველად გაიყვანა.
ექვსი ერის ჩემპიონატის ბოლო თამაში ინგლისმა ირლანდიის წინააღმდეგ ლენდსვოუნ როუდზე ითამაშა. ინგლისმა ირლანდიას დამაჯერებლად 40 ქულით მოუგო.ჯონიმ ფეხი კარგად ურტყა და დაცვაშიც შესანიშნავად ითამაშა, ამიტომ ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ამ მატჩის შემდეგ ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების სერიოზული პრეტენდენტი გახდა.
ექვსი ერის ჩემპიონატის შემდეგ ინგლისმა დაიწყო სამხრეთული ტურნე. ინგლისის ეროვნულ ნაკრებს უნდა ეთამაშა ახალი ზელანდიის ნაკრებთან და ავსტრალიის ნაკრებთან. 14 ივნისს ინგლისი შეხვდა ზელანდიას, უილკინსონმა მოიპოვა თხუთმეტივე ქულა და ზელანდია ველინგტონში 15–13 დამარცხდა. ერთი კვირის მერე ინგლისმა ავსტრალიის ნაკრებს 25–14 მოუგო. სექტემბერში ინგლისმა საფრანგეთი გაანადგურა ანგარიშით 45–14. ამ სამი თამაშის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ინგლისი პრეტენზიას აცხადებდა მსოფლიო ჩემპიონობაზე, რომელიც ოქტომბერში გაიმართა.
მსოფლიო ჩემპიონატი
ინგლისმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. ინგლისმა დებიუტანტი საქართველო დაჩაგრა და 84–6 მოუგო, უილკინსონმა ამ მატჩში 16 ქულა მოიპოვა. სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ჯონიმ 25–დან 20 ქულა მოიპოვა. ინგლისს სამოასთან თამაში გაუჭირდა, მაგრამ მაინც მოიპოვა გამარჯვება, 35–22 მოიგო. უილკინსონი დაასვენეს ურუგვაისთან მატჩის დროს.
ინგლისმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედ–ფინალში უელსის ნაკრებს შეხვდა. ჯონი უილკინსონმა 23 ქულა მოიპოვა, ინგლისმა 28–17 გაიმარჯვა და ნახევარ–ფინალში გავიდა. ნახევარ–ფინალში ინგლისი საფრანგეთის ნაკრებს შეხვდა და ის 24–7 დაამარცხა. ოცდაოთხივე ქულა ჯონი უილკინსონმა მოიპოვა. ფინალი ძალიან დაძაბული გამოდგა. ინგლისი ავსტრალიას დაუპირისპირდა. ძირითადი დრო 17–17 დასრულდა. დამატებული დროის ბოლო წუთზე ჯონი უილკინსონმა არეკნი გაიტანა და ინგლისის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახადა. ჯონი უილკინსონმა დაარღვია სამხრეთელების გამარჯვების ტენდენცია და ჩრდილოეთის წარმომადგენელი პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
ჯონი უილკინსონმა ამ ტურნირში ყველაზე მეტი 113 ქულა მოიპოვა.
ჯონი უილკინსონი დასახელდა ბიბისის წლის პერსონად. აიარბიმ გადასცა საუკეთესო მორაგბის ტიტული. ასევე დედოფალმა მას უბოძა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი.
2004–2005
ჯონი უილკინსონს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მხრის ტრავმა დაემართა. ამის გამო მან გამოტოვა ექვსი ერის ჩემპიონატი. ასევე ინგლისის ნაკრების ტური, რომელიც გაიმართა ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში. ინგლისმა ორივე შეხვედრა წააგო. 2004 წლის 4 ოქტომბერს უილკინსონმა ინგლისის ნაკრები მოედანზე კაპიტნის რანგში გაიყვანა და შეცვალა ლოურენს დალალიო. მაგრამ უილკინსონმა იდაყვის ტრავმის გამო გამოტოვა შემოდგომის ტესტები. 2005 წელს პერპინიანთან თამაშის წინააღმდეგ, მან დაიზიანა მუხლი, ამის გამო ჯონიმ ვერ ითამაშა 2005 წლის ექვსი ერის გახსნით მატჩებში.
ჯონი უილკინსონისთვის ეს წლები ძალიან ცუდი აღმოჩნდა. მან 18 თვის განმავლობაში მხოლოდ 937 წუთი დაჰყო მოედანზე, რაც ძალიან ცოტაა პროფესიონალი მორაგესთბვის. 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ჯონი პირველი ეროვნული შეხვედრა ლომების მოთამაშედ ჩაატარა. ბრიტანელი და ინგლისელი ლომები ახალ ზელანდიას ეთამაშებოდნენ. ჯონი უილკინსონმა 12 ნომერზე დაიწყო თამაში, არადა მთელი კარიერის განმავლობაში იგი 10 ნომერზე თამაშობდა. ლომები 21–3 დამარცხდნენ და ის სამი ქულაც ჯონიმ მოიპოვა. ჯონი უილკინსონმა მეორე თამაში 10 ნომრის პოზიციაზე დაიწყო, მაგრამ ისევ შეაწუხა ტრავმებმა. უილკინსონმა მესამე შეხვედრა გამოტოვა. ამდენი ტრავმის გამო ჯონი უილკინსონი იძულებული გახდა ნოემბერში ოპერაცია ჩაეტარებინა.
2006–2007
2006 წელს უილკინსონმა თამაში განაახლა და ექვსი ერის ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მაგრამ ჩანდა, რომ ის ვეღარ თამაშობდა, როგორც 2003 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე. ნიუკასლის კლუბის პრეზიდენტმა რობ ენდრიუმ აუკრძალა ჯონის ზაფხულში ინგლისის ნაკრებში თამაში. უილკინსონს ზაფხული ტრავმების ბოლომდე მოშუშებისთვის უნდა გამოეყენებინა.
ჯონი უილკინსონმა გამოიყენა ზაფხული და სრულიად განიკურნა მრავალი ტრავმისგან. ჯონიმ ნიუკასლის ყველა თამაში კარგად ითამაშა. მან ფეხიც კარგად ურტყა და დაცვაშიც გამორჩეული იყო.
2007 წელს უილკინსონი ინგლისის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა. პირველი შეხვედრა შოტლანდიასთან გამართა და 42–20 მოიგო, უილკინსონი შესანიშნავად დაბრუნდა ეროვნულ ნაკრებში. ჯონიმ 27 ქულა მოაგროვა, მან გაიტანა ხუთი ჯარიმა, ორი გარდასახვა, ერთი არეკნი და ლელოც დადო. უილკინსონი ამ თამაშის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
შემდეგი თამაში ინგლისმა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა. უილკინსონმა მოიპოვა 15 ქულა და ექვსი ერის ისტორიაში ყველაზე მეტი ქულა მოგროვა. მომდევნო თამაში ინგლისმა ირლანდიასთან დიდი ანგარიშით წააგო 43–13. სხვა ექვსი ერის თამაშები ჯონის არ უთამაშია ნეკნის ტრავმის გამო.
ზაფხულში ინგლისი სამხრეთ აფრიკას ეთამაშა. ინგლისის ნაკრებმა 58–10 წააგო, ჯონიმ ხუთი ქულა მიითვალა საკუთარ ანგარიშზე. ეს ინგლისის ნაკრების უდიდესი კრახი იყო სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ. მეორე მატჩში ჯონიმ 17 ქულა გააკეთა, მაგრამ მაინც ვერ უშველა ინგლისის ნაკრებს რომელიც 55–22 დამარცხდა. 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე უილკინსონმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატრა. ინგლისმა უელსის ნაკრები 62–5 დაანგრია და ჯონიმ 17 ქულა მოაგროვა.
ჯონი უილკინსონმა ინგლისი მეოთხედ–ფინალში გაიყვანა. მეოთხედ–ფინალში ინგლისი ავსტრალიას დაუპირისპირდა. ინგლისის ნაკრებიდან მხოლოდ ჯონი უილკინსონმა შეძლო ქულების მოგროვება. უილკინსონმა შესანიშნავად ითამაშა და ინგლისმა 12–10 მოიგო. ამ შეხვედრის შემდეგ ჯონი უილკინსონი გახდა ის მორაგბე, რომელსაც ყველაზე მეტი ქულა აქვს მოპოვებული რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე.
ნახევარ–ფინალში ინგლისი საფრანგეთს შეხვდა. ამჯერადაც, ჯონი დაცვაშიც და ტაქტიკურ თამაშში შესანიშნავი იყო. საფრანგეთთან თამაშში ჯონიმ ცხრა ქულა მოიპოვა. ბოლო ქულა კი ულამაზესი გამოდგა, როდესაც ჯონი უილკინსონმა 40 მეტრიდან არეკნი გაიტანა.
20 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. ერთმანეთს ინგლისის და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ინგლისს ეს თამაში, რომ მოეგო გახდებოდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ზედიზედ მოიპოვა უებ ელისის თასი. აფრიკის მოგების შემთხვევაში კი, ეს გუნდი ავსტრალიას გაუთანაბრდებოდა, მას ორჯერ ექნებოდა ეს თასი მოპოვებული. ჯონი უილკინსონმა ამ თამაშში ექვსი ქულა მოიპოვა, მან ააცილა ორი არეკნი. ინგლისი მხოლოდ ცხრა ქულით დამარცხდა 6–15. სამხრეთ აფრიკა მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
2008–2009 წლებში ინგლისის შემადგენლობაში ჩატარებული მატჩები
2008/9 პრემიერშიპის სეზონი
2008 წლის 14 სექტემბერს უილკინსონი დაბრუნდა ნიუკასლის შემადგენლობაში, ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ. ნორსჰემპტონთან ჩატარებულ მატჩში მან 22 ქულა მოაგროვა, უილკინსონმა ასევე 45 მეტრიდან არეკნი გაიტანა. 30 სექტემბერს ჯონი უილკინსონს ტრავმა გაუმიზეზდა და თამაშს გამოეთიშა. თამაშის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ვერ ითამაშებდა, ჯონი ნაცვლად ინგლისის ნაკრებში დენი კიპრიანი გამოიძახეს. 2009 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ ჯონი უილკინსონი დატოვებდა ნიუკასლს და სათამაშოდ საფრანგეთში გადაბარგდებოდა, კერძოდ კი ტულონში.