ვირჯინია კატრინ „ჯინა“ როულენდსი (ინგლ. Virginia Cathryn Gena Rowlands ; დ. 19 ივნისი , 1930 , მედისონი , უისკონსინის შტატი , აშშ ) — ამერიკელი მსახიობი. ემის ჯილდოს მფლობელი, ოქროს გლობუსის ლაურეატი. ცნობილია მისი კოლაბორაციებით ამერიკელ მსახიობთან და რეჟისორთან, ჯონ კასავეტესთან. მათ ერთად ათი ფილმი გადაიღეს, მათ შორის „ქალი გავლენის ქვეშ“ (1974) და „გლორია“ (1980), რომელშიც როულენდსმა ოსკარი მოიპოვა საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში.
უთამაშია ვუდი ალენის ფილმში „სხვა ქალი“ (1988) და თავისი შვილის, რეჟისორი ნიკ კასავეტესის ფილმში, „უბის წიგნაკი“ . 2015 წელს მან საპატიო ოსკარი მიიღო თავისი მრავალწლიანი და ნაყოფიერი კარიერისათვის.
ადრეული ცხოვრება
ჯინა როულენდსი 19 ივნისს, 1930 წელს დაიბადა. როულენდსის მამა, ედვინ მირვინ როულენდსი ბანკირი და პოლიტიკოსი იყო, დედამისი, მერი ალენ ნილი (სასცენო სახელი - ლედი როულენდსი ) კი - მსახიობი.
როულენდსი 1947-1950 წლებში უისკონსინის უნივერსიტეტში სწავლობდა. 1950 წელს იგი ნიუ-იორკში გადავიდა და დრამატული ხელოვნების ამერიკულ აკადემიაში განაგრძო სწავლა, სადაც იგი შეხვდა ჯონ კასავეტესს , სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტს. 1954 წელს ისინი დაქორწინდნენ.
კარიერა
ჯინა როულენდსი კანის კინოფესტივალზე
როულენდსს თავისი სატელევიზიო დებიუტი 1954 წელს ჰქონდა, ხოლო ორი წლის შემდეგ, 1956 წელს, იგი ბროდვეის თეატრის სცენაზე გამოჩნდა სპექტაკლში „შუაღამე“ . ამის შემდეგ იგი ხშირად იყო ჩართული სატელევიზიო საქმიანობაში.
პირველი ემის ჯილდო მან ფილმისთვის „ადრეულ ყინვაში“ მოიპოვა, რომელშიც როულენდსი ასრულებს დედის როლს, რომელსაც ეჭვი აქვს, რომ მისი შვილი ჰომოსექსუალია და აივ-ინფექციისგან კვდება.
როულენდსის დებიუტი კინემატოგრაფში 1958 წელს შედგა, როცა მან როლი მიიღო კომედიურ ფილმში „შეყვარების მაღალი ფასი“ . ასევე ჰქონდა როლი ჯონ კასავეტესის 1959 წელს გამოსულ ფილმში „ჩრდილები“. წყვილის მნიშვნელოვან კოლაბორაციებს ასევე მიეკუთვნება „სახეები“ (1968), „მინი და მოსკოვიჩი“ (1971), „სიყვარულის ნაკადები“ (1984).
როულენდსის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმებია „ქალი გავლენის ქვეშ“ (1974) და „გლორია“ (1980). ორივე როლისთვის მან ოსკარი მიიღო.
პირადი ცხოვრება
როულენდსი 1954 წლის 9 აპრილიდან 1989 წლის 3 თებერვლამდე (კასავეტესის სიკვდილამდე) ჯონ კასავეტესზე იყო დაქორწინებული. შეეძინათ სამი შვილი, მათგან ყველა მსახიობი ან რეჟისორია: ნიკ კასავეტესი , ალექსანდრა კასავეტესი და ზოი კასავეტესი . 2012 წელს როულენდსი დაქორწინდა ბიზნესმენ რობერტ ფორესტზე.
ფილმოგრაფია
რესურსები ინტერნეტში