ხალილ ბეი ხასმამედოვი

ხალილ ბეი ხასმამედოვი
აზერ. Xəlil bəy Hacıbaba oğlu Xasməmmədov
დაბადების თარიღი 25 ოქტომბერი (6 ნოემბერი), 1873
დაბადების ადგილი განჯა
გარდაცვალების თარიღი 11 აგვისტო, 1945(1945-08-11) (71 წლის)
გარდაცვალების ადგილი სტამბოლი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
 თურქეთი
განათლება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და განჯის ვაჟთა გიმნაზია

ხალილ ბეი ხასმამედოვი (აზერ. Xəlil bəy Xasməmmədov; დ. 6 ნოემბერი, 1873 — გ. 11 აგვისტო, 1945) — აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი და დიპლომატი. მსახურობდა რუსეთის იმპერიის პირველი და მეორე სახელმწიფო დუმას დეპუტატად, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრად და აზერბაიჯანის პირველ ელჩად ოსმალეთის თურქეთში.[1]

ადრეული ცხოვრება

ხალილ ბეი ხასმამედოვი დაიბადა 1873 წელს ელისავეტპოლში, (განჯა) იურისტების ოჯახში[2]. მას ოთხი ძმა ჰყავდა. ხასმამედოვმა დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართლის სპეციალობით. მისი აზრების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ისმაილ ბეი გასპირანლიმ[3][4]. მისი პოლიტიკური მოღვაწეობა უნივერსიტეტის წლებში დაიწყო, როცა მუსლიმ-კავკასიის თანამემამულეთა საზოგადოების წევრი გახდა. შემდეგ ის ადვოკატად მუშაობდა ეკატერინოდარისა და განჯის რაიონულ სასამართლოებში. [5]

პოლიტიკური კარიერა

1905 წლის შემოდგომაზე, ძმასთან ალაკბართან ერთად, ხასმამედოვი მონაწილეობდა განჯაში ფარული პოლიტიკური ასოციაციის Difai-ს (დაცვა) დაარსებაში. ჯგუფის წევრები იყვნენ ისეთი ინტელექტუალები, როგორებიც არიან: ნასიბ იუსიფბეილი, ისმაილ ზიადხანოვი და აჰმედ-ბეგ აღაევი. აღნიშნული ასოციაცია ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია სომხეთის რევოლუციური ფედერაციის საქმიანობისთვის. [6]

ხალილ ბეი ხასმამედოვი (მარჯვნივ მჯდომარე) II სახელმწიფო სათათბიროს მუსლიმთა დეპუტატთა ჯგუფთან ერთად. 1907 წელი

1907 წელს აირჩიეს ჯერ რუსეთის იმპერიის II მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ელიზავეტპოლის გუბერნიიდან[7], ნოემბერში — რუსეთის იმპერიის III მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ბაქოს, ელიზავეტპოლის და ერევნის გუბერნიებიდან[8]. 1911 წლის ნოემბერში მან დუმაში ისაუბრა რუსეთის იმპერიულ ძალებში აზერბაიჯანელებისა და სხვა კავკასიელი მუსლიმების სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების დისკრიმინაციული პრაქტიკის წინააღმდეგ, და მათთვის სპეციალური გადასახადის დაწესებაზე. [9] როგორც მუსავატის პარტიის წევრი, ის ასევე მჭიდროდ იყო ჩართული აზერბაიჯანის ეროვნულ მოძრაობაში.

ხასმამედოვი ასევე აქტიური იყო აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების დროს, 1918 წელს. ის იყო აზერბაიჯანის ეროვნული საბჭოს წევრი და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი ტფილისში, 1918 წლის 28 მაისს. [10] [11]

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ხასმამედოვი მინისტრის პოსტებს იკავებდა აზერბაიჯანის მთავრობის ხუთ კაბინეტიდან ოთხში. ხასმამედოვი იუსტიციის პირველ მინისტრად მუშაობდა 1918 წლის 28 მაისიდან 1918 წლის 17 ივნისამდე; შინაგან საქმეთა მინისტრი იყო 1918 წლის 26 დეკემბრიდან 1919 წლის 16 ივნისამდე; და კვლავ იუსტიციის მინისტრი 1919 წლის 24 დეკემბრიდან [12] 1920 წლის 1 აპრილამდე. [13] მან უზრუნველყო თავდაცვის, ეროვნული უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლობა გარე გამოწვევების დასაძლევად.

1920 წლის აპრილის დასაწყისში ხასმამედოვი დაინიშნა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩად თურქეთში, ხოლო სტამბოლში ჩასვლისთანავე აზერბაიჯანის მთავრობა დაეცა. სიცოცხლის ბოლომდე თურქეთში დარჩა და 1945 წელს გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს ფერიკოის სასაფლაოზე. [14]

სქოლიო

  1. Dilqəm, Əhməd (2018) Bir İldən Yüz İlə. TEAS Press, გვ. 55. ISBN 978 9952 310 47 4. 
  2. Əhməd, Dilqəm (2018) Bir İldən Yüz İlə. Turkey: TEAS Press, გვ. 55. ISBN 978 9952 310 47 4. 
  3. Əhməd, Dilqəm (2018) Bir ildən yüz ilə. TEAS Press, გვ. 55. ISBN 978 9952 310 47 4. 
  4. Dilqəm Əhməd "Bir ildən yüz ilə"
  5. „Tənha Cümhuriyyətçi…“. 2010-05-24. ციტირების თარიღი: 2011-02-01.
  6. Swietochowski, Tadeusz (1995). Russia and Azerbaijan: A borderland in transition. Columbia University Press, გვ. 40. ISBN 0-231-07068-3. 
  7. Боиович М. М., «Члены Государственной Думы» (портреты и биографии) второй созыв, М., 1907, ст. 457
  8. Боиович М. М., «Члены Государственной Думы» (портреты и биографии) третий созыв, М., 1913, ст. 419
  9. Uyama, Tomohiko Empire, Islam, and Politics in Central Eurasia. Slavic Research Center, Hokkaido University. ISBN 4-938637-42-1. 
  10. İSTİQLAL BƏYANNAMƏSİNİN QƏBUL EDİLMƏSİ VƏ AZƏRBAYCAN XALQ CÜMHURİYYƏTİNİN YARANMASI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-13. ციტირების თარიღი: 2021-10-31.
  11. People's Republic of Azerbaijan (May 1918 - April 1920). ციტირების თარიღი: 2011-02-01
  12. British documents on foreign affairs: reports and papers from the Foreign Office confidential print. From the First to the Second World War. the Soviet Union, 1917-1939. 
  13. Ministry of Internal Affairs of Azerbaijan. Historic background of the MIA. ციტირების თარიღი: 2011-02-01
  14. AZƏRBAYCAN ƏDLİYYƏSİNİN TARİXİ MUZEYİ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-10. ციტირების თარიღი: 2021-10-31.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!