ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის კამპანია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ოლქებში (ჩერნიჰივი, სუმი, ხარკივი) წარმობული მსხვილი სამხედრო ოპერაციაა. ქალაქი ჩერნიჰივი ალყაში იყო 5 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. 25 თებერვალს დამცველები დამარცხდნენ და დაკარგეს სუმის ოლქის მეორე მნიშვნელოვანი ქალაქი კონოტოპი, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 90 კმ-ში მდებარეობს.[14][15] 24 თებერვლიდან შეტევის კიდევ ერთი მიმართულება იყო ხარკივი.
სუმის ოლქში საბრძოლო მოქმედებების დასაწყისში რუსულმა ძალებმა თითქმის შეძლეს მისი ცენტრის, ქალაქ სუმის აღება (მდებარეობს რუსეთის საზღვრიდან 35 კმ-ში), თუმცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და მოხალისეებმა ქუჩის ბრძოლებში შეძლეს მოწინააღმდეგის შეჩერება და განდევნა ქალაქიდან. უკრაინული წყაროების თანახმად, 100-ზე მეტი რუსული ტანკი განადგურდა და ათეულობით ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა.[16]ბრძოლები გაიმართა ოხტირკაშიც.[17]
ამერიკელმა ისტორიკოსმა ფრედერიკ კაგანმა კამპანიის შეფასებისას 4 მარტს განაცხადა, რომ სუმის მიმართულება იმ დროისთვის ყველაზე წარმატებული და სახიფათო იყო რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმისათვის. მან აღნიშნა, რომ გეოგრაფია ხელს უწყობდა მექანიზებულ თავდასხმას, რადგან ვაკე და მცირედ დასახლებული რელიეფი ცოტა თავდაცვით პოზიციას უქმნიდა დამცველებს.[18]
სანამ სუმში ბრძოლები მძვინვარებდა, რუსული ძალების ნაწილი სუმიდან დასავლეთით კიევისკენ მიმავალი გზით 4 მარტისთვის ბროვარისთან (კიევის აღმოსავლეთი გარეუბანი) აღმოჩნდა.[19]ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, რამდენადაც 8 მარტიდან რუსულ ნაწილებს საომარ მოქმედებათა ამ თეატრში ახალი ტერიტორიები ვერ დაიკავეს, მოსალოდნელი იყო, რომ ისინი ძალებს გადაადისლოცირებდნენ კიევის აღმოსალეთ ნაწილზე შეტსატევად და სუმის ოლქში უკრაინელთა კონტრშეტევებისაგან დასაცავად.[20]
4 აპრილისთვის რუსეთის ჯარები სუმის ოლქიდან ძირითადად გასულები იყვნენ და აღარ ეკავათ არცერთი ქალაქი ან სოფელი.[4] ამავე დღეს უკრაინის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ისინი ჩერნიჰივის ოლქიდანაც გავიდნენ.[5] ერთადერთ აქტიურ მიმართულებად ხარკივი დარჩა.[22]
ქრონოლოგია
24 თებერვალი
მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის დაწყების შესახებ გამოაცხადა , რუსულმა ძალებმა გადაკვეთეს რუსეთ-უკრაინის საზღვარი და დაიწყეს ხარკივისკენ (ხარკოვისკენ) წინსვლა. ისინი შეხვდნენ უკრაინელთა წინააღმდეგობას, რითაც დაიწყო ხარკივისათვის ბრძოლა.[23] სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ჩუჰუივის ავიაბაზაზე,[24] სადაც განთავსებული იყო Bayraktar TB2-ები. თავისუფალი წყაროების დაზვერვის მონაცემებით, დაზიანდა ნავთობის საცავები და ინფრასტრუქტურა.[25]
ჩერნიჰივთან დარტყმის სამიზნე აღმოჩნდა პივკის აეროდრომი.[26] ჩერნიჰივის მისადგომებთან და ბატურინთან გაიმართა სატანკო ბრძოლები.[27]
იმავდროულად, კონოტოპში ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მიმავალი რუსული ძალები გარს შემოერტყნენ ქალაქს და ალყაში მოაქციეს იგი.[28]
სუმიში 3:00 საათზე ქალაქის გარეუბანში დაწყებული ბრძოლებით[29] დაიწყო სუმისათვის ბრძოლა. მხარეებს შორის შეტაკებები დღის განმავლობაში და საღამოსაც გაგრძელდა.
7:30 საათზე საბრძოლო მოქმედებები დაიწყო ოხტირკაში, რაც გადაიზარდა ოხტირკისათვის ბრძოლაში.[30] უკრაინულმა ძალებმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს და რუსებმა უკან დაიხიეს.
25 თებერვალი
ღამით, 1:39 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქ სუმიდან უკან დაიხიეს.[31] ამავდროულად უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი დაკარგეს კონოტოპზე.[14][32] რუსული ნაწილები შევიდნენ ჩუჰუივში (ჩუგუევი).[33] მწვავე ბრძოლა გაგრძელდა ხარკივის ჩრდილოეთ გარეუბნებში, განსაკუთრებით სოფელ ცირკუნისთან.[34]ჩერნიჰივის ოლქში მოწინააღმდეგე გამოჩნდა სნოვსკთან, სოსნიციასთან, მენასთან, სემენივკასთან, ჰროდნასთაბ, კორიუკივკასა და ნოვჰოროდ-სივერსკთან.[35]
ოხტირკაში, ბმ-27 „ურაგანის“ რაკეტები მოხვდა ქალაქის სკოლას,[36] დაიღუპა დარაჯი, დაშავდნენ უცნობი რაოდენობის ბავშვები და მასწავლებელი. თუმცა უკრაინულმა ძალებმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს და რუსებმა უკან დაიხიეს.[37]
26 თებერვალი
ხარკივის ოლქის გუბერნატორმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა განაცხადა, რომ ხარკივი კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშ იყო. მან ქალაქში კომენდანტის საათიც გამოაცხადა.[38] რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის 302-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკი ხარკივის ოლქში დანებდა,[39] რაც უკრაინულმა მხარემ უარყო.[40]
სუმიში შეტაკებები კვლავ განახლდა.[41] რუსებმა დღისით მოახერხეს ქალაქის ნახევრის დაკავება, მაგრამ დაღამებისას უკრაინელებმა თავდამსხმელები მოიგერიეს.[42] ქალაქში დაიღუპა 3 სამოქალაქო პირი.[43] ოლქის გუბერნატორმა დმიტრო ჟივიცკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოხტირკაში მოწინააღმდეგის იერიშების შედეგად დაიღუპა 6 მშვიდობიანი და 55 დაიჭრა.[44] Rochan Consulting-ის სადაზვერვო ჯგუფის მონაცემებით, ღამით სუმის დასავლეთიდან რუსულმა ძალებმა კიდევ უფრო დასავლეთისკენ წაიწიეს, და როგორც ჩანდა, კიევიდან 150 კმ-ში აღმოჩნდნენ.[45]
27 თებერვალი
დილას ხარკივში რუსულმა ძალებმა გაზსადენი გაანადგურეს.[46] იმავე დილით ისინი ქალაქში შევიდნენ. ისმოდა აფეთქებების ხმაც.[47] რუსეთის თავდაცვის მინისტრის პრეს-მდივანმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ „უკრაინის შეიარაღებული ძალების 302-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკმა, რომელიც აღჭურვილი იყო ბუკ მ-1-ის საზენიტო სისტემებით, ნებაყოფლობით დაყარა იარაღი და ჩაბარდა“.[48] უკრაინის ხელისუფლებამ აღნიშნული უარყო.[49] უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ცნობით, ხარკივში შესული რუსული სატრანსპორტო საშუალებების ნახევარი უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს.[50]
რამდენიმე რუსული სატრანსპორტო საშუალება აღმოსავლეთიდან სუმისკენ დაიძრა. ესროლეს სამოქალაქო მანქანას, რომელშიც ზრდასრულები და ბავშვები იმყოფებოდნენ, დაიღუპა ქალი.[51]
შუადღისთვის უკრაინის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის გუბერნატორმა სინიეჰუბოვმა, განაცხადეს, რომ მძიმე ბრძოლების შემდეგ ხარკივი კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშ იყო.[52][53]კუპიანსკის მერი გენადი მაცეგორა დათანხმდა ქალაქის რუსეთის ძალებისთვის გადაცემას და უკრაინული ძალები შემოჭრის დაწყების შემდეგ მის მიტოვებაში დაადანაშაულა.[54] მაცეგორა მოგვიანებით უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ ღალატში დაადანაშაულა.[55]
28 მარტი
რუსულმა ძალებმა დაბომბეს და გაანადგურეს ოხტირკის ნავთობბაზა.[56] ამავე ქალაქში სამხედრო ბაზაზე თერმობარიული ბომბის ჩამოგდების შედეგად დაიღუპა 70 სამხედრო.[57][58]
1 მარტი
დილით ადრე ხარკივში გადმოსხდნენ რუსი მედესანტეები და უკრაინულ ძალებთან ჩაერთვნენ ბრძოლებში. შეტეკებები ასევე გაიმართა ქალაქის სამხედრო ჰოსპიტალთან, აქაც რუსი მედესანტეები გადმოსხდნენ. ხარკოვის ოლქის პოლიციის უფროსის ვოლოდიმირ ტიმოშკოს თანახმად, სიტუაცია კონტროლის ქვეშ იყო.[59]
მოგვიანებით, უკრაინის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ უკრაინულმა ძალებმა 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს ჩერნიჰივის ოლქის სამხრეთში მდებარე სოფელ კრუტიში.[62]
2 მარტი
უკრაინის სამხედრო პირების ცნობით, საჰაერო თავდასხმის შემდეგ რუსი მედესანტეები ხარკივში დაეშვნენ და უკრაინულ ძალებთან ბრძოლაში ჩაებნენ.[63] ჟივიცკიმ განაცხადა, რომ რუსებმა დაიკავეს ტროსტიანეცი. მან დასძინა, რომ რუსული ძალები ქალაქში 01:03 საათზე შევიდნენ და გაანადგურეს კარიბჭე მრგვალ ბაღში და ხელოვნების გალერეა.[64]
უკრაინის ხელისუფლებამ 3 მარტს განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ხარკივის რეგიონში რუსული დაბომბვის შედეგად 34 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.[68] ამასობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ბალაკლიია დაიკავეს.[69] უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის ჯარებმა სუმის ოლქის სახელმწიფო საზღვრმდე წაიწიეს და ტერიტორიები დაიბრუნეს.
4 მარტი
სინიეჰუბოვის ცნობით, უკრაინულმა ჯარებმა ხარკივის ოლქში კონტრშეტევა წამოიწყეს და სუმის ოლქიდან შემოსული რუსული ძალები სახალმწიფო საზღვრის იქით უკუაგდეს.[70]
7 მარტი
უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, ღამით კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნეს ხარკივთან მდებარე ჩუჰუივი (ჩუგუევი). ისინი ამტკიცებდნენ, რომ მოკლეს ორი რუსი მეთაური: დიმიტრი საფრონოვი, 61-ე საზღვაო ქვეითი ჯარის ბრიგადის მეთაური, და პოდპოლკოვნიკი დენის გლებოვი, მე-11 საგვარდიო სადესანტო-საიერიშო ბრიგადის მეთაურის მოადგილე.[7]
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხარკივთან გამართულ ბრძოლებში მოკლეს რუსი გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი, მოკლული ან დაჭრილი იყო რუსეთის არმიის ზოგიერთი სხვა მაღალი რანგის ოფიცერი.[6]
საღამოს რუსული ინტერნეტგამოცემები იტყობინებოდნენ, რომ ქალაქი იზიუმი, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, რომელსაც უკრაინის 81-ე აერომობილური ბრიგადა იცავდა, რუსმა მებრძოლებმა აიღეს, თუმცა ეს ფაქტი ოფიციალურად არ დადასტურებულა.[71]
8 მარტი
უკრაინული ძალების 8 მარტის განცხადებით, მათ მოიგერიეს რუსეთის ჯარის თავდასხმა ქალაქ იზიუმზე.[72] ამავდროულად, უკრაინასა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმებით, განხორციელდა პირველი ევაკუაცია — სუმის მაცხოვრებლებმა შეძლეს ქალაქიდან გამოსვლა.[73]
9 მარტი
ცეცხლი გაუხსნეს სოფელ სლობოჟანსკეს. უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ღამით მათ სახლს ჭურვი დაეცა.[74] ჟივიცკის მიხედვით, ველიკა-პისარივკაში რუსულ დაბომბვას სამი მშვიდობიანი ემსხვერპლა.[75]
10 მარტი
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თანახმად, ჩერნიჰივი ამ დროიდან უკვე იზოლაციაში იყო მოქცეული.[76] 01:30 საათის შემდეგ რუსულმა ავიადარტყმებმა ოხტირკაში გაზსადენი გაანადგურა. გუბერნატორ ჟივიცკის თანახმად, რუსეთის მიერ „ელექტრობუტპრილადის“ ყოფილი ქარხნის მიმართულებით გახსნილი ცეცხლით ტროსტიანეცში სამი მშვიდობიანი დაიღუპა.[75]
14:20 საათზე ბმ-27 „ურაგანით“ ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ ნიჟინს.[77] მისი მერის, ოლექსანდრ კოდოლას ცნობით დაიღუპა ორი მცხოვრები.[78]
11 მარტი
ჟივიცკის ინფორმაციით, ღამით რუსული ძალების მიერ გახსნილი ცეცხლით სუმის ოლქის სოფელ კერდილივშჩინაში დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე.[79] მოგვიანებით უკრაინული ძალები იტყობინებოდნენ, რომ დღის განმავლობაში ჩერნიჰივის ოლქის ხუთი დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს, მათ შორის ბაკლანოვა-მურავიიკა, და ხელში ჩაიგდეს ორი ჯავშანტრანსპორტიორი.[80]დერჰაჩის მერის ვიაჩესლავ ზადორენკოს თანახმად, საარტილერიო ცეცხლის შედეგად ამ დღეს ქალაქში დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე.[81]
12 მარტი
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, სრულად მოსალოდნელი იყო, რომ საომარ მოქმედებათა ამ თეატრში უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების კონტრშეტევებს საფრთხე შეექმნა რუსეთის კომუნიკაციების გრძელი ხაზებისათვის (მიმოსვლის გზებისათვის).[10] უკრაინული ძალების თანახმად, მათ კიდევ ორი დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს ჩერნიჰივის ოლქში და აღკვეთეს რუსეთის ჯარების კიევისაკენ წინსვლა.[82]
14 მარტი
ხარკივის საოლქო პროკურატურის განცხადებით, ხარკივში საცხოვრებელი სახლების მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე. ჩუჰუივში კი საბავშვო ბაღზე მიტანილ იერიშს ერთი ბავშვი შეეწირა.[83]
17 მარტი
მერეფაში რუსულ საარტილერიო დარტყმას სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა.[84] გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღისით რუსებმა ქალაქი იზიუმი დაიკავეს,[85] მაგრამ ბრძოლები გრძელდებოდა.[86]
24 მარტი
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის იგორ კონაშენკოვის განცხადებით, 24 მარტის დილისთვის რუსულმა ნაწილებმა იზიუმი მთლიანად დაიკავეს.[87] უკრაინის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნული უარყვეს.[88] ამავე დღეს საქალაქო რადის წევრმა „CNN“-ს განუცხადა, რომ მოწინააღმდეგე აკონტროლებდა ქალაქის ჩრდილოეთ სექტორს, უკრაინული ძალები — სამხრეთს და რუსები მათ ალყაში მოქცევას ცდილობდნენ.[89]
რუსეთის უკან დახევა
31 მარტს უკრაინელებმა შეძლეს ჩერნიჰივის ალყის გარღვევა და კიევისა და ჩერნიჰივის დამაკავშირებელ გზაზე კონტროლი აღადგინეს.[9] ომის ხუთი კვირის თავზე და იმ ფონზე, როცა რუსეთმა ვერცერთი დიდი ქალაქი ვერ აიღო, მოსკოვმა განაცხადა, რომ უკან იხევდა კიევიდან და ჩერნიჰივიდან, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სივრცე მიეცა.[90]
1 აპრილს უკრაინულმა მხარემ დაადასტურა, რომ იზიუმს რუსები აკონტროლებდნენ.[3][91] ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საცხოვრებელი სახლების 80% განადგურებული იყო.[92] ჩერნიჰივის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ჩერნიჰივიდან გადიოდნენ.[93].
4 აპრილს სუმის ოლქის გუბერნატორმა დმიტრო ჟივიცკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოლქში რუსებს აღარ ეკავათ სოფლები ან ქალაქები და ძირითადად გავიდნენ აქედან, უკრაინული ჯარები კი დარჩენილი ნაწილების განდევნაზე მუშაობდნენ.[4] ამავე დღეს, საღამოს, ჩაუსი იტყობინებოდა, რომ რუსები ჩერნიჰივის ოლქიდანაც გავიდნენ, თუმცა მრავალ რაიონში ნაღმები დატოვეს.[5]
6 აპრილს პენტაგონმა დაადასტურა, რომ რუსულმა არმიამ მთლიანად დატოვა ჩერნიჰივის ოლქი, სუმის ოლქი სადავო იყო.[1]
8 აპრილს გუბერნატორმა ჟივიცკიმ განაცხადა, რომ სუმის ოლქიდან სრულად გავიდა მოწინააღმდეგ. ასევე აღნიშნა, რომ რუსების მიერ დატოვილი თვითნაკეთი ფეთქებადი ნივთიერებებისა და სხვა საბრძოლო მასალების გამო რეგიონი წინებურად სახიფათო იყო.[94]
უკრაინის სამხედრო მეთაურობაში ამბობდნენ, რომ გრძელდებოდა სახელმწიფოს სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკივის ნაწილობრივი ბლოკადა, საარტილერიო და სარაკეტო იერიშები.[22]
აპრილის შუა პერიოდში უკრაინელებმა ხარკივისა და იზიუმის მიმართულებებზე კონტრშეტევები წამოიწყეს და რამდენიმე სოფელი და მცირე ქალაქი გაათავისუფლეს.[95] 30 აპრილს ხარკივიდან მსხილმასშტაბიანი კონტრშეტევა დაიწყო. მომდევნო დღეებში გაათავისუფლეს ქალაქის შემოგარენი და რამდენიმე დასახლებული პუნქტი.[96][97][98][99][100] 4 მაისისთვის რუსული ძალები იმ დონეზე იყვნენ უკუგდებული, რომ არტილერიით ვეღარ შეეძლოთ ხარკივზე თავდასხმა.[97] 7 მაისს უკან დახევის დროს კონტრშეტევის შესანელებლად რამდენიმე ხიდი გაანადგურეს.[101] 10 მაისისთვის ხარკივთან უკრაინელებმა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიეს და მოწინააღმდეგე აიძულეს იზიუმის ფრონტის ხაზიდან ძალები ჩრდილოეთით გადაედისლოცირებინათ.[102] მას შემდეგ, რაც ხარკივის მიმდებარე ტერიტორიები გაათავისუფლეს, ადგილობრივი სამოქალაქო კოლაბორაციონისტები რუსეთში გაიქცნენ.[97]
↑„71 children killed in Ukraine so far“. Agence France-Presse. 10 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2022 – წარმოდგენილია New Straits Times-ის მიერ. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
↑„Росіяни контролюють Ізюм – Генштаб ЗСУ“. Український мілітарний центр (უკრაინული). 1 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)