უკრაინული პოლესიე (უკრ.Українське Полісся), პოლესია — პოლესიეს ნაწილი, რომელიც უკრაინის ფარგლებშია მოქცეული. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, პოლესიეს დაბლობზე. გამოირჩევა დიდი ტენიანობითა და დაჭაობების პროცესების განვითარებით (ქვეყნის ჭაობიანი მიწების 70%-ზე მეტი პოლესიეს ტერიტორიაზეა). ბუნებრივი თავისებურებებით მიეკუთვნება შერეული ტყეების ზონას. ხასიათდება ლანდშაფტების მნიშვნელოვანი მოზაიკურობით — ლანდშაფტები არ იკავებს დიდ ფართობს და სწრაფად ენაცვლება ერთი-მეორეს. ყველაზე გავრცელებული ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსებია ზანდრული, სუსტად დატალღული დაბლობები კორდიანი და სუსტი ეწერი გლეისოლური ნიადაგებით და წიწვნარიანი ჭაობებით; დენუდაციურცარცულ საფუძველზე აღმართული მორენული მაღლობები კარსტული პროცესებთან და დენუდაციურ ზედაპირულ კრისტალურ ქანებთან ერთად, კორდიანი და საშუალო ეწერი ნიადაგებით, მუხნარ-ფიჭვნარის ქვეშ; ტერასული ვაკეები კორდიან-სუსტეწერიანი და მდელო-ჭაობის ნიადაგებით ფიჭვის ტყეებისა და ჭაობების ქვეშ. მნიშვნელოვან ფართობებს იკავებს ასევე მორენულ-ზანდრული ვაკეები დენუდაციური ცარცული ბიუტებით, ხევებითა და ხრამებით, სადაც ჭარბობს კორდიანი და საშუალო ეწერი ნიადაგები და არის ფიჭვისა და ცაცხვის ტყეების ფრაგმენტები. ბუნებრივი პირობების თავისებურებების მიხედვით უკრაინული პოლესიე იყოფა ვოლინის, ჟიტომირის, კიევის, ჩერნიჰივისა და ნოვჰოროდ-სივერსკის პოლესიეებად. პოლესიეს ბუნებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ადამიანის საქმიანობის გავლენის შედეგად — ჩატარდა მნიშვნელოვანი სამელიორაციო სამუშაოები, შეიქმნა წყალსაცავები (მაგ., კიევის).