ტაგანროგის სახელმწიფო ლიტერატურული და ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი (რუს.Таганрогский государственный литературный и историко-архитектурный музей-заповедник) — ლიტერატურული და მხარეთმცოდენობის მუზეუმების გაერთიანება ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.
ისტორია
მუზეუმი შეიქმნა 1981 წელს. მუზეუმ-ნაკრძალის საერთო ფართობია 5 000 კვ. მ. სამუზეუმო ფონდი კი მოიცავს 280 000 ერთეულ ექსპონატს. ტაგანროგის სახელმწიფო ლიტერატურულ და ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში შემავალ თითოეულ მუზეუმს აქვს ტავისი დაარსების სხვადასხვა დრო და გააჩნია თავისი ისტორია.
მუზეუმის სტრუქტურა
გაერთიანების ლიტერატურული ნაწილი
ანტონ ჩეხოვის ლიტერატურული მუზეუმი მდებარეობს ვაჟთა გიმნაზიის ყოფილ შენობაში. აქ სწავლობდა მწერალი ანტონ ჩეხოვი. მუზეუმი გაიხსნა 1935 წლის 29 მაისს. მუზეუმში დაცულია მასალები ანტონ ჩეხოვის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ექსპოზიცია მოიცავს 1 600 ექსპონატს.
ჩეხოვების დუქანი — მუზეუმი, მდებარეობს სახლში, რომელიც ჩეხოვების ოჯახს იჯარით ჰქონდა აღებული 1869-1874 წლებში. ჩეხოვების მაღაზია მდებარეობდა პირველ სართულზე, ხოლო მეორეზე ცხოვრობდნენ. ანტონ ჩეხოვი ამ სახლში ცხოვრობდა 9 წლიდან 14 წლის ასაკამდე. სახლში მუზეუმი გაიხსნა 1977 წლის 3 ნოემბერს.
ივან ვასილენკოს მუზეუმი მდებარეობს სახლში, რომელშიც 1923-1966 წლებში ცხოვრობდა მწერალი, სტალინური პრემიის ლაურეატი ივან ვასილენკო. ტაგანროგის სახელმწიფო ლიტერატურული და ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შემადგენლობაში შევიდა 1988 წელს.
გაერთიანების ისტორიული ნაწილი
ტაგანროგის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი შეიქმნა XIX საუკუნეში ანტონ ჩეხოვის ინიციატივით. მწერალმა გაუწია ფინანსური დახმარება მუზეუმს, მისი მუზეუმს გადაეცა ცნობილი რუსი მხატვრების ნამუშევრები. 1927 წელს მუზეუმი გადავიდა ალფერაკის სასახლეში[1]. 1955 წლიდან ტაგანროგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში მუშაობდა პლანეტარიუმი, სადაც იყო რამდენიმე ტელესკოპი.
ანატოლი დუროვის მუზეუმი ეძღვნება ცხოველების მწვრთნელის ანატოლი ანატოლის ძე დუროვის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ანატოლი დუროვმა 1926 წელს იყიდა შენობა, რომელშიც ცხოვრობდა 1940 წლამდე. 1987 წელს აქ გაიხსნა დუროვისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია.