სოლოლაკის ქედი — განედური სერი საქართველოში, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სიგრძე დაახლოებით 1 კმ.
დასავლეთით გამოეყოფა მთაწმინდის ქედს, აღმოსავლეთით ციცაბოდ იფლატება მტკვრისაკენ. სიმაღლე ზღვის დონიდან 521 მ-ს აღწევს. აგებულია შუაეოცენური ტუფოგენური ქანებით. ქედის აღმოსავლეთ კიდესთან მდინარე წავკისისწყალი ერთვის მტკვარს მარჯვენა მხრიდან. სამხრეთი კალთა ციცაბო ფლატეთი ეშვება ბოტანიკური ბაღისაკენ, ჩრდილოეთი კალთა — ქალაქის ძველი უბნების — სოლოლაკის, ხარფუხისა და კალისაკენ.
თხემი განიერი და მოვაკებულია, მასზე გაშენებულია სოლოლაკის ხეივანი, ქედის აღმოსავლეთ დაბოლოებაზეა თბილისის ციხე. სოლოლაკის ქედზე 1958 წელს აღიმართა მონუმენტური ქანდაკება ქართვლის დედა. 1909-1914 წლებში ქედში გაიჭრა გვირაბი, რომელიც სოლოლაკს თბილისის ბოტანიკური ბაღთან აკავშირებდა.
ლიტერატურა