სამეფო ქამა (ლათ. Agaricus augustus) — მოთეთრო-კრემისფერია, დაფარულია კონცენტრულად განლაგებული მოყავისფრო ქერცლით, 10-25 სმ დიამეტრის. შეხებისას ყვითლდება. თავიდან იგი სფეროსებრ-ზარისებრი ფორმისაა, შემდეგ ბალიშისებრი და ბრტყელი, ხოლო ცენტრში ოდნავ ამობურცულია. მისი ტექსტურა სქელხორცოვანი და ქერცლოვანი ზედაპირითაა დაფარული. კიდე თავიდან შეკეცილია,შემდეგ კი გაშლილი, ზოგჯერ-ტალღოვანია კერძო საბურველის ნარჩენებით.
სამეფო ქამა სოკოს ფეხი თეთრი-მოყვითალო ფერისაა, ცილინდრული, ძირისკენ განსხვავებული. მისი ტექსტურა საყელოს ზემოთ გლუვია, ხოლო საყელოს ქვემოთ-თეთრქერცლოვანი. საყელო თეთრია, განიერი, დაშვებული. ხელის შეხებით ყვითლდება და ადვილად სცილდება ფეხს ვოლვის გარეშე.
მისი ფირფიტები ხშირია, ფეხთან თავისუფალი, მოთეთრო-მოვარდისფერო, მოგვიანებით მურა- წაბლისფერი, თავიდან მთლიანად დაფარულია ქეჩისებრი თეთრი კერძო საბურველით.
სამეფო სოკოს სპორები კვერცხისებრი, გლუვი ფორმისაა, ხოლო ანაბეჭდი-ყავისფერია. მისი რბილობი მოთეთრო ფერისაა ხორცოვანი და ახასაითებს ნუშის სუნი.
იზრდება ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ნიადაგზე, წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, განსაკუთრებით სოჭნარში.
გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში. საჭმელად ვარგისია.
ლიტერატურა
- ჯორჯაძე ი., საქართველოს სოკოები, საველე გზამკვლევი, CENN-ის გამომცემლობა, თბ., 2024, გვ. 132-133, ISBN 978-9941-8-4547-5