სამეფო აზნაური — მეფის უშუალო ვასალი ფეოდალი შუა საუკუნეების საქართველოში. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში სამეფო აზნაურებში შედიოდნენ მთლიანად ფეოდალური კლასის წარმომადგენლები, XI საუკუნიდან — მისი დაბალი წოდების წარმომადგენლები. მეფე, გარდა თავისი უშუალო ყმა-ვასალებისა, სამეფო აზნაურისა, უმაღლესი სენიორი იყო ქვეყნის ყველა ფეოდალის (როგორც სასულიერო, ისე საერო). ის თავის ვასალებად თვლიდა აგრეთვე სათავადო და საეკლესიო აზნაურებს (მეფის ვასალის ვასალი მისი ვასალიც იყო). სამეფო აზნაურები რაოდენობრივად აღემატებოდნენ საეკლესიო და სათავადო აზნეურებს (განსაკუთრებით ეს ითქმის კახეთზე).
სამეფო აზნაურების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, აღზევება-დამცროება, სამეფო ხელისუფლების სიძლიერეზე და მთლიანად ქვეყნის მდგომარეობაზე იყო დამოკიდებული. მეფის გაძლიერებასა და ქვეყნის აღორძინებასთან ერთად ძლიერდებოდნენ და წინაურდებოდნენ სამეფო აზნაურებიც (XII საუკუნე, XVII საუკუნის II ნახევარი — XVIII საუკუნის I მეოთხედი; XVIII საუკუნის II ნახევარი); სამეფო ხელისუფლებისა და ქვეყნის დაცემა-დაკნინების ხანაში სამეფო აზნაურებიც სუსტდებოდნენ და ეძებდნენ მფარველობას დიდ ფეოდალებთან (XIII — XVI საუკუნეები; XVIII საუკუნის II მეოთხედი).
სამეფო აზნაურის დაწინაურების უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა (დიდი სამოხელეო პატივისა და ყმა-მამულის მიღების გზით), ვიდრე სათავადო და საეკლესიო აზნაურს. ამის გამო ზოგი სამეფო აზნაური XVII—XVIII საუკუნეებში თავისი სიძლიერით თავადს არ ჩამოუვარდებოდა (სააკაძე, შანშიაშვილი, გაბაშვილი, თურქისტანიშვილი, ყორღანაშვილი და სხვები). სამეფო აზნაურთა რიგების შევსება ხდებოდა მეფის მიერ სათავადო და საეკლესიო აზნაურების გადმობირებით, სხვა სამეფო-სამთავროებიდან მოსულ აზნაურთა შეფარებით და გლეხების გააზნაურებით. განსაკუთრებით ფართო ღონისძიებები ჩაატარა სამეფო აზნაურთა რაოდენობის გასაზრდელად ერეკლე II-მ. 1783 ტრაქტატზე დართული სიის მიხედვით, იმდროინდელ ქართლში ყოფილა 82 სამეფო აზნაურის სახლი, ხოლო კახეთში — 36 აზნაური. რუსეთთან შეერთების შემდეგ საქართველოს სამეფო აზნაურები ჩაირიცხნენ სახაზინო უწყებაში და თავადებთან ერთად რუსეთის „დვორიანსტვოს“ გაუთანასწორდნენ.
წყარო
- ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2—3, თბ., 1965—70
ლიტერატურა
- აკოფაშვილი გ., სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან XV—XVIII საუკუნეებში ქართლში (აზნაურთა) ფენა, თბ., 1965;
- მისივე, აზნაურთა ფენა XV—XVIII საუკუნეებში კახეთში, «მაცნე», 1968, № 3;
- ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 1, ტფ., 1928;