სალვა ალ-ნუაიმი (არაბ.سلوى النعيمي) — სირიელი მწერალი, პოეტი და ჟურნალისტი. ცხოვრობს საფრანგეთში. წარმოშობით დამასკოდანაა და ცნობილია თავისი ღია შეხედულებებით ისლამურ სამყაროში ტაბუდადებულ თემებზე, განსაკუთრებით ქალის სექსუალობის შესახებ. მისი სადებიუტო რომანი „თაფლის სამხილი“ 2007 წელს გამოიცა, რომელიც ქალური სექსუალური ლიბერალიზაციისაკენაა მიმართული.
ბიოგრაფია
ალ-ნუაიმი დაიბადა დამასკოში. სწავლობდა დამასკოს უნივერსიტეტში, შემდეგ კი პარიზი-სორბონის უნივერსიტეტში ისლამურ ფილოსოფიასა და თეატრს. ჟურნალისტად მუშაობისას მოწინავე არაბ და დასავლელ მწერლებთან მისი ინტერვიუები არაბულ ჟურნალებში იბეჭდებოდა, როგორიცაა Al-Karmel, Masharef და Kull al-'Arab. 1997 წელს ალ-ნუაიმი პარიზში არაბული სამყაროს ინსტიტუტის მთავარ პრეს-მდივნად დაინიშნა.[1]
ნაშრომები
სალლვა ალ-ნუაიმის ნაშრომებს შორისაა ლექსების კრებული Dhahaba alladhīna uḥibbuhum, რომელიც 1999 წელს გამოიცა და Ajdādī al-qatalah, რომელიც 2001 წელს დაიბეჭდა. პოეტურ კრებულებში ისლამურ სამყაროში ქალთა ბრძოლის ტრადიციაა ასახული. 2007 წელს ალ-ნუაიმიმ სადებიუტო რომანი „თაფლის სამხილი“ გამოაქვეყნა. ნაწარმოებმა მასში განხილული ქალური სექსუალობისა და ეროტიკული ენის გამო კომერციულ წარმატებას საერთაშორისო დონეზე მიაღწია.[1][2]2009 წელს ალ-ნუაიმიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მთხრობელის სექსუალური თავისუფლება „არაბული და მუსლიმური მემკვიდრეობის მოწოდების შედეგია“. 2012 წელს ავტორმა ახალი წიგნი, ნახევრად ავტობიოგრაფიული Shibh al-Jazīrah al-ʿArabiyyah (არაბეთის ნახევარკუნძული) გამოსცა, რომელშიც ქრისტიან დედასთან და მუსლიმან მამასთან ერთად ადრეული ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.[1] გამოცემული აქვს მოთხრობების კრებულიც.[3]