„ლაპარაკობს მოსკოვი! გერმანიის შეიარაღებული ძალების კაპიტულაციის აქტი. 1945 წლის 8 მაისი“. რეპროდუქცია. ჩაწერილია 1950-იან წლებში.[1]
საბჭოთა საინფორმაციო ბიურო (რუს.Советское информационное бюро, შემოკლ. Совинформбюро) — საინფორმაციო-პროპაგანდისტული სამსახური სსრკ-ში. შეიქმნა 1941 წლის 24 ივნისს დიდი სამამულო ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ფრონტის, ზურგისა და საერთაშორისო ცხოვრების მოვლენათა გაშუქებისას მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სახელმძღვანელოდ. იყო სსრკ სახალხო კომისართა საბჭოს და სკპ(ბ) ცკ-ს (1941–1946), სსრკ მინისტრთა საბჭოს (1946–1953), სსრკ კულტურის სამინისტროს (1953–1957) და სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული კავშირის სახელმწიფო კომიტეტის (1957–1961) დაქვემდებარებაში. განთავსებული იყო მოსკოვში (1941 წლის ოქტომბრიდან 1942 წლის მარტამდე — კუიბიშევში). საინფორმაციო ბიუროს შემადგენლობაში შედიოდა სამხედრო, თარგმანების, საერთაშორისო ცხოვრების, ლიტერატურის, აგრეთვე პროპაგანდისა და კონტრპროპაგანდის (1944 წლიდან საზღვარგარეთის ქვეყნებზე პროპაგანდის ბიურო) და სხვა განყოფილებები (1944 წლის ივნისისათვის — სულ 11). 1946–1961 წლებში წარმომადგენლობები ჰქონდა საზღვარგარეთ. ბიუროს გამგებლობაში შედიოდა ანტიფაშისტური კომიტეტები. 1941–1945 ადგენდა კრებსებს მთავარი სარდლობის მასალების მიხედვით (უშვებდნენ ყოველდღიურად გაზეთების პირველ ზოლებში, რადიოში მათ, ჩვეულებრივ, იური ლევიტანი კითხულობდა), ხელმძღვანელობდა სამხედრო კორესპონდენტთა მუშაობას, ინფორმაციით უზრუნველყოფდა საზღვარგარეთ სსრკ-ის საელჩოებსა და საკონსულოებს, უცხოურ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, სსრკ-ის მოკავშირეთა საზოგადოებებს. წითელი არმიის მთავარ პოლიტიკურ სამმართველოსთან ერთად ამზადებდა ფურცლებს გერმანელი ჯარისკაცებისადმი მიმართვებით. საინფორმაციო ბიუროს ლიტერატურულ ჯგუფში შედიოდნენ ცნობილი საბჭოთა მწერლები და პოეტები: ვალენტინ კატაევი, ბორის პოლევოი, კონსტანტინე სიმონოვი, ალექსანდრე ფადეევი, მიხეილ შოლოხოვი, ილია ერენბურგი და სხვ. 1946–1961 წლებში ძირითადი ყურადღება ეთმობოდა საზღვარგარეთ სსრკ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკის და სოციალისტური ორიენტაციის ქვეყნების მოვლენათა გაშუქებას. გაუქმდა სკკპ ცკ-ს 1961 წლის 5 იანვრის დადგენილებით, მის ბაზაზე შეიქმნა ბეჭდვითი სიტყვის სააგენტო „ნოვოსტი“.[2]
სქოლიო
↑Солдат эфира Интервью А. Шереля с Н. Левитаном. Московский Комсомолец. (2.10.2004).