ონტარიოს სამეფო მუზეუმი (ფრ. Musée royal de l'Ontario) ― ხელოვნების, მსოფლიო კულტურისა და ბუნების ისტორიის მუზეუმიტორონტოში (ონტარიო, კანადა). ონტარიოს სამეფო მუზეუმი ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი და კანადის უდიდესი მუზეუმია. ყოველწლიურად მუზეუმს მილიონზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობს და კანადის ყველაზე ხშირად მონახულებადი მუზეუმია.[1] იგი ტორონტოს უნივერსიტეტის რაიონში, ქუინს-პარკის ჩრდილოეთ ნაწილში, დასავლეთ ბლურ-სტრიტის შესასვლელში მდებარეობს. მეტროპოლიტენის ერთ-ერთი სადგურს მუზეუმის სახელი ჰქვია და 2008 წელს ჩატარებული რესტავრაციის შემდეგ ინსტიტუტის კოლექციების შესაბამისადაა გაფორმებული.
ონტარიოს სამეფო მზუეუმი 1912 წლის 16 აპრილს დაარსდა. ის 1914 წლის 19 მარტს გაიხსნა. დაარსების დღიდან მუზეუმს მჭიდრო კავშირები აქვს ტორონტოს უნივერსიტეტთან.[2]1968 წლამდე მუზეუმი ტორონტოს უნივერსიტეტის პირდაპირი კონტროლის ქვეშ იყო, შემდეგ კი ონტარიოს მთავრობის დამოუკიდებელი სამეფო სააგენტოს სტატუსი მიენიჭა.[3][4] დღეისთვის, მუზეუმი კანადის უდიდესი საველე-კვლევითი ინსტიტუტია.[5]
მუზეუმში 6 მილიონზე მეტი ეგზემპლარი ინახება და 40 გალერეას მოიცავს. მუზეუმის საერთაშორისო რეპუტაციას მსოფლიო კულტურათა და ბუნების ისტორიის კოლექციები განაპირობებენ.[5] მუზეუმში ინახება დინოზავრების, მინერალებისა და მეტეორიტების კოლექციები, კანადისა და ევროპის ისტორიული არტეფაქტები და აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ აზიის ხელოვნების ნიმუშები. მუზეუმში დაცულია ბერჯესის თიხოვანი ფიქალის ნამარხი ნაშთების უდიდესი კოლექცია, რომელიც 150 000-ზე მეტ ეგზემპლარს შეიცავს.[6]
ისტორია
ონტარიოს სამეფო მუზეუმი 1912 წლის 16 აპრილს დაარსდა[7] და ტორონტოს უნივერსიტეტისა და ონტარიოს მთავრობის მიერ ერთობლივად იმართებოდა.[8] პირველი ნიმუშები უნივერსიტეტიდან და ონტარიოს განათლების დეპარტამენტიდან გადაიტანეს. 1914 წლის 19 მარტს ონტარიოს სამეფო მუზეუმი ოფიციალურად გახსნა კონაქტის ჰერცოგმა და კანადის გენერალ-გუბერნატორმა არტურმა.[7] მუზეუმი ტორონტოს ცენტრალური ბიზნეს-რაიონიდან მოშორებით განათავსეს, რათა ტორონტოს უნივერსიტეტთან ახლოს ყოფილიყო. თავდაპირველი შენობა უნივერსიტეტის ფილოსოფოსთა ხეივნის გასწვრივ მდებარეობდა, სადაც ხუთი სხვადასხვა განყოფილება იყო განთავსებული: არქეოლოგია, პალეონტოლოგია, მინერალოგია, ზოოლოგია და გეოლოგია.[7]
პირველი რესტავრაციის შემდეგ ონტარიოს სამეფო მუზეუმი საჯაროდ 1933 წლის 12 ოქტომბერს გაიხსნა.[9] განახლების შემდეგ მუზეუმის აღმოსავლეთ ფრთა აშენდა, რის გამოც არგილის სახლის, ვიქტორიანული ხანის სასახლის დანგრევა გახდა საჭირო. დიდი დეპრესიის გამო, ქვინს-პარკისკენ გამავალი ფრთა ადგილობრივი სამშენებლო მასალებით ააგეს.[9]
1947 წელს ონტარიოს სამეფო მუზეუმი ტორონტოს უნივერსიტეტის სრული დაქვემდებარების ქვეშ გადავიდა და უნივერსიტეტის კონტროლქვეშ 1968 წლამდე დარჩა, რის შემდეგაც მუზეუმმა და მაკლაუგინის პლანეტარიუმმა ახალი კორპორაცია შექმნეს. 1995 წლის დეკემბერში ონტარიოს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღვუდვების გამო მუზეუმმა მაკლაუგინის პლანეტარიუმი დახურა.[10] სივრცე დროებით გაიხსნა 1998-2002 წლებში, როცა პლანეტარიუმში საბავშვო მუზეუმი ფუნქციონირებდა. 2009 წელს ონტარიოს სამეფო მუზეუმმა შენობა ონტარიოს მუზეუმს 22 მილიონ კანადურ დოლარად მიჰყიდა იმ პირობით, რომ შენობას ინსტიტუციური და აკადემიური დანიშნულებით გამოიყენებდნენ.[11][12]
მუზეუმი მეორედ 1978-1984 წლებში განახლდა, როდესაც მას ჩრდილოეთ ნაწილში დედოფალ ელიზაბეთ II-ის ტერასის გალერეები და სამხრეთ ნაწილში საკურატორო ცენტრი დაემატა. ახალი ნაწილი დედოფალმა ელიზაბეთ II-მ 1984 წელს გახსნა. პროექტმა არქიტექტურაში კანადის გენერალ-გუბერნატორის ჯილდო მოიპოვა.[13]
1989 წელს მუზეუმში მოწყობილ გამოფენას (აფრიკის გულში) აქტივისტთა პროტესტი მოჰყვა, რომლებიც თვლიდნენ, რომ გამოფენა აფრიკელთა შესახებ სტერეოტიპებს ასახავდა, რასაც კურატორ ჯეინ კანისოს გადადგომა მოჰყვა.[14]
2003 წელს, ონტარიოს კულტურული მემკვიდრეობის აქტის IV ნაწილის შესაბამისად, მუზეუმის თავდაპირველი შენობა ქალაქ ტორონტოს მუნიციპალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.[15]
გალერეები
თავდაპირველად ონტარიოს სამეფო მუზეუმში ხუთი მთავარი გალერეა იყო და თითო სფეროს ეძღვნებოდა: არქეოლოგიას, გეოლოგიას, მინერალოგიას, პალეონტოლოგიასა და ზოოლოგიას.[7][16] 1960-იანი წლებიდან მუზეუმის საგამოფენო სივრცე უფრო დანაწევრდა და ინტერაქტიული გახდა. ამ წლებში მუზეუმს დინოზავრების გალერეა დაემატა.
თავდაპირველ გალერეებს სახელები მათში დაცული არტეფაქტების შესაბამისად ეწოდებოდა, ბოლო წლებში კი ინდივიდუალურ გალერეებს სახელები უმეტესწილად იმ სპონსორთა პატივსაცემად ჰქვიათ, რომლებმაც ინსტიტუტს მნიშვნელოვანი კოლექციები და ფონტები გადასცეს. ონტარიოს სამეფო მუზეუმში ამჟამად გალერეების ორი მთავარი კატეგორიაა: ბუნების ისტორიის გალერეები და მსოფლიო კულტურის გალერეები.
კოსტუმები და ტექსტილები
პატრისია ჰარისის კოსტუმებისა და ტექსტილების გალერეაში ონტარიოს სამეფო მუზეუმის ტექსტილისა და კოსტუმების კოლექციების 200-მდე არტეფაქტია შესული. კოლექციები ძვ. წ. I საუკუნიდან დღევანდელი ეპოქის ჩათვლით არტეფაქტებს მოიცავს. გალერეები მიზნად ისახავს წლების მანძილზე ტექსტილის დიზაინის, მანუფაქტურისა და კულტურული მახასიათებლების ტრანსფორმაციის ჩვენებას.[17]
თანამედროვე კუტლურის გალერეა
ონტარიოს სამეფო მუზეუმში თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს თანამედროვე კულტურის ინსტიტუტის როლოფ ბენის გალერეა მასპინძლობს.[18] დაახლოებით 6000 კვ. მეტრი სიდიდს მულტიმედია გალერეა თანამედროვე კულტურის ინსტიტუტის მთავარი საგამოფენო სივრცეა, სადაც მუზეუმის ბუნებისა და მსოფლიო კოლექციების თანამედროვე კულტურის ნიმუშებია გამოფენილი. გალერეაში ფოტოგრაფიის,[19] ქუჩის ხელოვნების,[20] თანამედროვე ჩინური ურბანული დიზაინისა[21] და რქიტექტურის და თანამედროვე იაპონური ხელოვნების გამოფენები ეწყობა. 2018 წელს გალერეაში გამოფენა „ჩვენ აქ ვართ: შავკანიანი კანადელების თანამედროვე ხელოვნება“ მოეწყო, რომელშიც შავკანიანი კანადელების, როგორებიც არიან: სანდრა ბრიუსტერი, სილვია დ. ჰამილტონი, ბუშრა ჯუნაიდი და სხვ. ნამუშევრები გამოიფინა.[22]
ლიტერატურა
Dickson, Lovat (1986). The Museum Makers: the Story of the Royal Ontario Museum. University of Toronto Press. ISBN0-8020-7441-3.
Sabatino, Michelangelo; Windsor Liscombe, Rhodri (2015) Canada: Modern Architectures in History. Reaktion Books. ISBN978-1-7802-3679-7.
↑ROM Trustees. Royal Ontario Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 აგვისტო 2018. ციტატა: „The Royal Ontario Museum is an agency of the Government of Ontario.“ ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი 2021.