მწვანე რენკლოდი

მწვანე რენკლოდი

მწვანე რენკლოდი, დიდი მწვანე რენკლოდი, ნამდვილი რენკლოდი, ინგლისური ქლიავი — ძველი სამრეწველო ქლიავის ჯიში. უკვე XVII საუკუნეში იყო ფართოდ გავრცელებული იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში. სახელწოდება „Reine Claude“ (რენკლოდი) ამ ქლიავის ჯიშს მიაკუთვნეს საფრანგეთის დედოფლის კლოდის სახელის აღსანიშნავად იმის გამო, რომ ეს ჯიში საფრანგეთში მის დროს (1494–1547 წლებში) შეიტანეს. სხვადასხვა ქვეყნებში ის სხვადასხვა სახელწოდებით გავრცელდა. საქართველოში უკვე დიდიხანია რაც შემოტანილია. ამჟამად მისი ნარგავობა ძალიან შემცირდა; ეს საუკეთესო სამრეწველო ჯიში აქ გვხვდება მხოლოდ ცალკეული ხეების სახით. კარგად ეგუება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს რაიონების ბუნებრივ პირობებს.

ხე უფრო უკეთესად ვითარდება მძიმე და ტენიან, ვიდრე მშრალ და მსუბუქ ნიადაგზე. ახალგაზრდობაში ზომიერად ისხამს, შემდეგ კი უხვი მოსავალი ახასიათებს, რის გამოც ზოგჯერ ნაყოფი წვრილდება ხოლმე. მწვანე რენკლოდი ძველიდანვე ცნობილია, როგორც ქლიავის საუკეთესო საკომპოტე ჯიში, აგრეთვე დიდ ღირებულებას წარმოადგენს როგორც საუკეთესო გემოს მქონე სუფრის ჯიში. ამ ჯიშის უარყოფით მხარეებს შეადგენს: ტრანსპორტირებისადმი ცუდი გამძლეობა, ნაყოფის ადვილი დაზიანება სიდამპლითა და ნაყოფჭამიათი.

ხე ზომიერი ზრდისაა, მრგვალი გადაშლილი ვარჯით, დატოტვა თხელი აქვს. ფოთოლი წვრილია, ოვალური ფორმის, წაწვეტებული ბოლოთი. ფოთლის ფირფიტის კიდე ორმაგადაა დაკბილული: ფოთლის ზედაპირი მწვანე და გლუვია, ქვედა მხარე — მწვანე და შებუსვილი. ყვავილობის პერიოდი ადრეულა ახასიათებს. თვითსტერილი ჯიშია. საუკეთესო დამამტვერიანებელი ჯიშებია ანა შპეტი, ვიქტორია, ეკატერინე.

ნაყოფი საშუალო ზომისაა (3,6🞩3 სმ), საშუალო მასა 23 გრამს უდრის. მრგვალი ფორმისაა, ღარი განიერია და არაღრმა. კანი თხელია, მწვანე ფერის, ზევიდან გადაჰკრავს ძლიერი ცვილისებრი თეთრი ნაფიფქი, რის გამოც ნაყოფი მონაცრისფრო მწვანე შეფერვას იღებს. რბილობი მოყვითალო–მწვანე ფერისაა, რბილი კონსისტენციის, მდნარი, ძალიან ტკბილი, სიმჟავე სულ არ ემჩნევა, წვნიანია, სასიამოვნო სურნელით. კურკა ნახევრად სცილდება რბილობს, ნაყოფი მწიფდება დასავლეთ საქართველოში აგვისტოს დასაწყისში, ქართლში — აგვისტოს 20-იანი რიცხვებიდან.

ლიტერატურა

  • ხომეზურიშვილი ნ., ერისთავი ელ., საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები, საქართველოს სსრ მიწსახკომი, ლ. პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი, თბ.: „ტექნიკა და შრომა“, 1941.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!