მთის მასივი — შედარებით იზოლირებულად აზიდული და სუსტად დანაწევრებული მთიანი კომპლექსი ან მთათა კვანძი, რომლის სიგრძე და სიგანე გეგმილში დაახლოებით ერთნაირია. მთის მასივი მეზობელი მთებისაგან გამოყოფილია ფართო და ღრმა ხეობებით. არსებობს ტექტონიური, ვულკანური, კარსტული და სხვა წარმოშობის მთის მასივები.[1]
მთის მასივი როგორც წესი, სუსტად არის დანაწევრებული, აქვს მკვეთრად გამოხატული მორფოლოგიური მთლიანობა. მთის მასივს უწოდებენ აგრეთვე ზედაპირზე ძველ, კრისტალურ საფუძვლის მქონე ბაქნების ფუნდამენტის გამოსავალს, რომელსაც უფრო მცირე ფართობი უკავია, ვიდრე კრისტალურ ფარს.[1]
მთის მასივე ფართოდ გვხვდება კავკასიონსა და მცირე კავკასიონზეც. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ვულკანური წარმოშობის იალბუზის მასივი, რომლის საფუძვლის დიამეტრია 15 კმ. აღმოსავლეთ კავკასიონზეა მყინვარწვერის ვულკანური მასივი, რომლის ფართობია დაახლოებით 80 კმ². მისთვის დამახასიათებელია ძალიან ბევრი მიწისძვრა, მიკრო-ბიძგები და მძლავრი გამყინვარება.[3]