მერი შერმან მორგანი

მერი შერმან მორგანი
მშობლიური სახელი ინგლ. Mary [Sherman Morgan]
დაბადების თარიღი 4 ნოემბერი 1921
რეი, ჩრდილოეთ დაკოტა
გარდაცვალების თარიღი 4 აგვისტო 2004 (82 წლის)
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა ქიმიკოსი, ინჟინერი

მერი შერმან მორგანი (ინგლ. Mary Sherman Morgan ; დ. 4 ნოემბერი, 1921, რეი, ჩრდილოეთ დაკოტა — გ. 4 აგვისტო , 2004 ) — ამერიკელი მეცნიერი და ინჟინერი, რომელმაც შექმნა რაკეტის თხევადი საწვავი ჰიდინი.

ადრეული წლები

მერი დაიბადა მაიკლ და დოროთი შერმანის ფერმაში რეიში, ჩრდილოეთ დაკოტაში . 1939 წელს მან წარჩინებით დაამთავრა სკოლა. [1] შემდეგ შევიდა მაინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. [2]

კარიერა

მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა მამაკაცი კადრების, განსაკუთრებით ქიმიკოსებისა და სხვა მეცნიერების დეფიციტი. იმის გათვალისწინებით, რომ მერის გარკვეული ცოდნა ჰქონდა ქიმიაში, მას ოჰაიოს შტატში სანდასკის ქარხანაში შესთავაზეს სამუშაო. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოს დაწყება სწავლის გადადებას გულისხმობდა, ფულის უქონლობის გამო, მან თანხმობა დეტალების ცოდნის გარეშე განაცხადა. როგორც აღმოჩნდა, მერის მუშაობა მოუწევდა Plum Brook Ordnance Works-ის საბრძოლო მასალების ქარხანაში, სადაც მზადდებოდა ასაფეთქებელი ნივთიერებები ტრინიტროტოლუენი (TNT), დინიტროტოლუენი (DNT) და პენტოლიტი. [3]

1943 წელს მერი შერმანი ქორწინების გარეშე დაორსულდა, რაც იმ დროს სამარცხვინოდ ითვლებოდა. იგი ბიძაშვილთან ერთად ცხოვრობდა ჰურონში, ოჰაიოს შტატში. 1944 წელს შეეძინა ქალიშვილი, მერი გ. შერმანი.[4] ბავშვი იშვილეს ბიძასვილმა მერი გიბარდმა და მისმა მეუღლემ ირვინგმა. გოგონას დაარქვეს ახალი სახელი რუთ ესთერი. [5]

ომის დროს არმიისთვის ასაფეთქებელი ნივთიერებების შემუშავებაზე მუშაობის დასრულების შემდეგ, მერიმ განაცხადი შეიტანა North American Aviation-ში და მოეწყო კომპანიაში Rocketdyne Division, რომელიც მდებარეობდას კანოგა პარკში, ლოს ანჯელესში . მერიმ მალე მიიღო ახალი თანამდებობა. იგი პასუხისმგებელი იყო ახალი სარაკეტო საწვავის მოსალოდნელი პროდუქტიულობის გამოთვლაზე . 900 ინჟინრიდან იყო ერთადერთი ქალი და ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანთაგან, რომელსაც უმაღლესი განათლება არ ჰქონდა.

ჩრდილოეთ ამერიკის ავიაციაში მუშაობისას მერი შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულ ინჟინერ-მექანიკოს ჯორჯ რიჩარდ მორგანს. მათ ოთხი შვილი შეეძინათ: ჯორჯი, სტეფანე, მონიკა და კარენი.

მერი შერმან მორგანი გარდაიცვალა ემფიზემით 2004 წლის 4 აგვისტოს .

რაკეტის საწვავი

ვერნერ ფონ ბრაუნის გუნდი ამუშავებდა რედსტოუნის რაკეტის მოდიფიკაციას, Jupiter-C -ის. შესრულების მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად, მათ გააფორმეს კონტრაქტი უმაღლესი სიმძლავრის საწვავის შესაქმნელად ჩრდილოეთ ამერიკის ავიაციის Rocketdyne განყოფილებასთან.

მერი შერმან მორგანი მუშაობდა დოქტორ ჯეიკობ სილვერმანის ჯგუფში ჩრდილოეთ ამერიკის ავიაციის Rocketdyne განყოფილებაში . ახალ სარაკეტო საწვავთან მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, კონტრაქტით დაინიშნა ტექნიკურ მენეჯერად. მორგანის მუშაობის შედეგი გახდა ახალი საწვავი — ჰიდინი. ჰიდინი არასიმეტრიული დიმეთილჰიდრაზინის (60%) და დიეთილენტრიამინის (40%) ნარევია. Redstone R&D-ის პირველი ფრენა ჰიდინის მეშვეობით შედგა 1956 წლის 29 ნოემბერს . შემდგომში ამ საწვავის გამოყენებით განხორციელდა Jupiter-Cის სამი საცდელი ფრენა. [6] Juno I-ის ოთხეტაპიანი მოდიფიკაცია გამოიყენეს პირველი ამერიკული ხელოვნური დედამიწის თანამგზავრის — Explorer 1-ის გასაშვებად. Jupiter-C-ის და ჯუნო I-ის ექვსი გაშვების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები გადავიდა უფრო მძლავრ საწვავზე.

კულტურაში

მერი შერმან მორგანი გახდა მისი ვაჟის, ჯორჯ მორგანის ნახევრად ბიოგრაფიული სასცენო პიესის თემა. "Rocket Girl" დაიდგა რეჟისორის ბრაიან ბროფის მიერ Caltech-ში 2008 წლის 17 ნოემბერს . ჯორჯ მორგანმა აღიარა, რომ მერის გარდაცვალების დროს მან ძალიან ცოტა იცოდა დედის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, რადგან მისი სამუშაო გასაიდუმლოებული იყო. მერი ყველაფერს ისე მალავდა, რომ ჯორჯმა სიცოცხლის ბოლო თვეებამდე არც კი იცოდა დედის ავადმყოფობის შესახებ, ხოლო დის შესახებ მხოლოდ 2007 წელს შეიტყო.

სქოლიო

  1. Alumni Records: 1936—1940, Ray High School, Nesson 2 School District, Williams County, ND
  2. Alumni Records, Minot State University, Minot, Ward County, ND
  3. US Dept of Defense, Formerly Used Defense Sites, Site Number: G05OH0018
  4. April 1944 Birth Records, St Vincent’s Hospital, Philadelphia, PA
  5. Final Decree, June 8, 1946: Probate Court Records, Sandusky, Erie County, Ohio
  6. History of the Redstone Missile System, с. 166

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!