ლუტფი ბნუ ჰასან ბნუ მაჰმუდ ალ-ჰაფარი ( არაბ. لطفي بن حسن بن محمود الحفار; დ. 1891, დამასკო, ოსმალეთის იმპერია — გ. 1968, დამასკო, სირია ) — სირიელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი. ოთხი მოწვევის ( 1928, 1932, 1936, 1943 ) პარლამენტის წევრი, იკავებდა ფინანსთა და განათლების მინისტრების, სამჯერ — შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტებს. 1939 წლის თებერვალ-აპრილში ხელმძღვანელობდა სირიის მთავრობას (სირიის მე-11 პრემიერ მინისტრი).[1]
ადრეული წლები
დაიბადა ვაჭრის ოჯახში. კერძო მასწავლებლებთან სწავლობდა სოციოლოგიას, ლიტერატურასა და ეკონომიკას. ახალგაზრდობაში შეუერთდა იატაკქვეშა ანტი-ოსმალურ მოძრაობას, იყო ალ-ფათათის [2] წევრი, თუმცა დროის ძირითად ნაწილს კომერციულ საქმიანობას უთმობდა. 1913 წელს პარიზში გამართულ პირველ არაბულ კონგრესზე ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლის მთავარ მოთხოვნილებას ოსმალეთის იმპერიისგან გამოყოფა წარმოადგენდა. 1924 წელს ალ-ჰაფარი გახდა დამასკოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარის მოადგილე. მუშაობდა სირიისა და ლიბანის საბაჟო დავების გადაწყვეტაზე. [2] ალ-ჰაფარის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა საჯარო სფეროში იყო დამასკოს სასმელი წყლით მომარაგება აინ ალ-ფიჯას წყაროდან, ვინაიდან მდინარე ბარადას წყალი ვერ აკმაყოფილებდა დამასკოს გარეუბნების საირიგაციო სისტემის და ქალაქის მაცხოვრებლების მოთხოვნილებებს.
1920-იანი წლების შუა ხანებში იგი დაუახლოვდა საფრანგეთის მანდატის ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს, აბდ არ-რაჰმან შაჰბანდარს. 1925 წლის ივნისში შეუერთდა შაჰბანდარის მიერ დაარსებულ სახალხო პარტიას.
1925 წელს გამოვიდა სირიის განმათავისუფლებელი აჯანყების შეწყვეტის ინიციატივით. 1926 წლის აპრილში პირველად დაიკავა საჯარო თანამდებობა და გახდა ვაჭრობის მინისტრი აჰმად ნამის პროფრანგულ მთავრობაში. თუმცა, უკვე იმავე წლის ივლისში გადადგა საფრანგეთის მიერ გატარებული პოლიტიკის პროტესტის ნიშნად. მალევე დააპატიმრეს და 1928 წლამდე ციხეში ჩასვეს. გათავისუფლების შემდეგ მონაწილეობა მიიღო ეროვნული ბლოკის დაარსებაში. სწორედ ეროვნული ბლოკის სიით მოხვდა სირიის პარლამენტში 1928, 1932, 1936 და 1943 წლებში. 1928 წელს მუშაობდა კომისიაში, რომელმაც შეიმუშავა სირიის პირველი კონსტიტუცია. 1936 წელს იგი კვლავ დააპატიმრეს, ამჯერად დამასკოში ექვსდღიანი გაფიცვის ორგანიზებისთვის. 1936 წლის დეკემბერში, მას შემდეგ რაც ეროვნული ბლოკის ლიდერი , ჰაშიმ ალ-ატასი გახდა სირიის პრეზიდენტი, ალ-ჰაფარიმ დაიკავა ფინანსთა მინისტრის პოსტი ჯამილ მარდამ ბეის მთავრობაში და დარჩა ხსენებულ თანამდებობაზე 1938 წლის ივლისამდე. 1939 წლის თებერვალში მიიღო პრეზიდენტ ატასის წინადადება მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელობასთან დაკავშირევით. თუმცა ამ თანამდებობაზე დიდხანს არ დარჩენილა: თანამდებობა დატოვა იმავე წლის აპრილში.
1940 წელს ნაციონალური ბლოკის ოთხი წევრთან ერთად ბრალი დასდეს ალ-ჰაფარის ყოფილი მოკავშირის აბდ არ-რაჰმან შაჰბანდარის მკვლელობაში. ის გაემგზავრა ბაღდადში და იქ ცხოვრობდა, სანამ საფრანგეთის ადმინისტრაციამ უდანაშაულოდ არ გამოაცხადა. 1943 წლიდან 1946 წლამდე სამჯერ იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას, ორჯერ საადალა ჯაბირის მთავრობაში და ერთხელ ფარის ალ-ხურიდ მთავრობაში. 1948 წელს დაიკავა პრემიერ მინისტრ ჯამილ მარდამ ბეის მოადგილის თანამდებობა.
პოლიტიკური აქტივობა დამოუკიდებელ სირიაში
1949 წელს ჰუსნი ალ-ზაიმის გადატრიალების შემდეგ სამთავრობო თანამდებობები არ ეკავა, თუმცა პოლიტიკურ საქმიანობას დიდხანს აგრძელებდა.1955 წელს სირიის პრეზიდენტის პოსტზე წამოაყენა თავისი კანდიდატურა, მაგრამ უარი თქვა მას შემდეგ, რაც შუქრი ალ-ქუათლიმ გამოთქვა ამ პოსტის დაკავების სურვილი. 1956 წელს შუქრი ქუათლის მისი პრემიერ-მინისტრად დანიშვნა სურდა, მაგრამ მის კანდიდატურას ბაასის პარტიამ ვეტო დაადო.[3]
ლუტფი ჰაფარი ეწინააღმდეგებოდა სირიისა და ეგვიპტის ერთიანი სახელმწიფოს შექმნას და გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის არსებობის მანძილზე რჩებოდა პოლიტიკის მიღმა. 1961 წელს მხარი დაუჭირა სახელმწიფო გადატრიალებას და შემდგომში სირიის გამოყოფას გაერთიანებული არაბული რესპუბლიკიდან.[4]
მან საბოლოოდ დატოვა პოლიტიკა მას შემდეგ, რაც პარტია ბაასი ხელისუფლებაში მოვიდა 1963 წლის მარტში.
ქალიშვილი — სალმა კუზბარი — სირიელი მწერალი და აქტივისტი. 1995 წელს გამოუშვა წიგნი ლუტფი ალ-ჰაფარი: 1885-1968, სადაც აღწერა მამის ცხოვრება და მოღვაწეობა. [5]
სქოლიო