ლუაი ალ-ათასი

ლუაი ალ-ათასი
ლუაი ალ-ათასი
არაბ. لؤي الأتاسي
სირიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 მარტი 1963 – 27 ივლისი 1963
ვიცე-პრეზიდენტი  მუჰამედ უმრანი
წინამორბედინაზიმ ალ-კუდსი
მემკვიდრეამინ ალ-ჰაფიზი

დაბადებული1926
დამასკო, სირია
გარდაცვლილი24 ნოემბერი 2003
ჰომსი, სირია
პოლიტიკური პარტიაბაასი
განათლებაჰომსის სამხედრო აკადემია
რელიგიაისლამი, სუნიზმი

ლუაი ბნუ აჰმად სამი ბნუ იბრაჰიმ-ეფენდი ბნუ მუჰამედ ალ-ათასი ( არაბ. لؤي بن أحمد سامي بن ابراهيم أفندي بن محمد الأتاسي , დ. 1926 — გ. 24 ნოემბერი, 2003) — სირიელი სამხედრო, პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, სირიის რევოლუციური სარდლობის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე (სახელმწიფოს დე ფაქტო მეთაური) 1963 წლის მარტ-ივლისში.[1]

ბიოგრაფია

პირადი ცხოვრება და სამხედრო კარიერა

ლუაი ალ-ათასი დაიბადა ჰომსში, მდიდარი პოლიტიკური ტრადიციების მქონე ოჯახში. განათლება ჰომსის სამხედრო აკადემიაში მიიღო. სამხედრო კარიერა დაიწყო არაბეთ-ისრაელის პირველ ომში ოცეულის მეთაურად და მსუბუქად დაიჭრა. თანადათანობით დაწინაურდა: ჯერ იყო ალეპოს სამხედრო პოლიციის უფროსი, ხოლო 1954 წლისთვის, პრეზიდენტ ჰაშიმ ალ-ათასის დროს გახდა სამხედრო პროტოკოლის სამსახურის უფროსი. 1956 წელს დაინიშნა სამხედრო ატაშეს თანაშემწედ ეგვიპტეში სირიის საელჩოში.[2]

პოლიტიკური მოღვაწეობა

ეგვიპტეში მსახურობის პერიოდში ალ-ათასი გახდა არაბული ნაციონალისტური მოძრაობის მგზნებარე მხარდამჭერი, რომლის ლიდერი იყო ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი და, შედეგად, გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის (UAR) — ეგვიპტისა და სირიის ერთიანი სახელმწიფოს შექმნის მხარდამჭერი, რომელიც არსებობდა 1958 წლიდან 1961 წლამდე. 1962 წელს გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის აღდგენის სირიელმა მომხრეებმა სცადეს გადატრიალება.[3] მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ალ-ათასი, რომელიც არ მონაწილეობდა შეთქმულებაში, მაგრამ თანაუგრძნობდა მის ორგანიზატორებს, ცდილობდა გამხდარიყო შუამავალი მის მონაწილეებსა და ქვეყნის მაშინდელ ხელმძღვანელობას შორის. შემდეგ ის ვაშინგტონში სამხედრო ატაშედ დაინიშნა. ცოტა მოგვიანებით დაიბარეს დამასკოში, რათა მონაწილეობა მიეღო შეთქმულთა სასამართლო პროცესზე, მაგრამ უარი თქვა მათ წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რისთვისაც დააპატიმრეს. თუმცა, უკვე 1963 წლის მარტში, ბაასის პარტიის მიერ განხორციელებული წარმატებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ (რომელიც იდგა არაბული ნაციონალიზმის პლატფორმაზე და იყო ერთიანი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი), ალ-ათასი ციხიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ გახდა სახელმწიფო საქმეების მართვისათვის შექმნილი დროებითი კომისიის 9 წევრიდან ერთ-ერთი, მიენიჭა გენერლის წოდება და დაინიშნა სირიის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. 1963 წლის 23 მარტს ალ-ათასი დაინიშნა რევოლუციური სარდლობის პრეზიდენტად. მას მიენიჭა რამდენიმე საპრეზიდენტო ფუნქცია: შეეძლო მინისტრების დანიშვნა, ომის გამოცხადება და ეკონომიკური კანონების გამოცემა. თუმცა, პრაქტიკულად, ის უკიდურესად დამოკიდებული იყო ბაას პარტიის სამხედრო საბჭოზე, რომელსაც ქვეყანაში რეალური ძალაუფლება ჰქონდა. 1963 წლის აპრილში ალ-ათასიმ მონაწილეობა მიიღო სამმხრივ მოლაპარაკებებში (მონაწილეობდნენ ეგვიპტის, ერაყისა და სირიის წარმომადგენლები) საკავშირო სახელმწიფოს შექმნის შესახებ. იმავე წლის 27 ივლისს ალ-ათასიმ თანამდებობა დატოვა, ამის შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოსცილდა და გაემგზავრა მშობლიურ ქალაქ ჰომსში, სადაც ცხოვრობდა 2003 წლამდე – გარდაცვალებამდე.[4][5]

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. Sami Moubeyed, Steel and Silk: Men and Women Who Shaped Syria, 1900-2000, Seattle, 2002, pp. 174-175
  2. Sami Moubeyed, op. cit.
  3. "معلومات عن لؤي الأتاسي على موقع data.beeldengeluid.nl". data.beeldengeluid.nl. مؤرشف من الأصل في 2021-05-11.
  4. Rabinovich, Itamar (1972). Syria Under the Baʻth, 1963-66: The Army Party Symbiosis. Transaction Publishers. ISBN 0706512669.
  5. زي النهاردة.. وفاة الرئيس السوري الأسبق لؤي الأتاسي 24 نوفمبر 2003. ციტირების თარიღი: 2023-10-10

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!