ზურაბ დოიჯაშვილი (დ. 17 აგვისტო, 1963, თბილისი — გ. 14 თებერვალი, 2021, თელ-ავივი) — ქართველი მომღერალი და სიმღერების ავტორი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა სიმღერებით — „მელიქიშვილის გამზირი“, „მენატრება თბილისი“, „ამოდი, მზეო“, „მიყვარს ყველაფერი ძველი“, „ფიფქის გოგონა“, „მარტი“, „ვერ აგისრულე რასაც დაგპირდი“ და სხვ. უკრავდა ფორტეპინოსა და გიტარაზე.
ბიოგრაფია
ზურაბ დოიჯაშვილი დაიბადა 1963 წლის 17 აგვისტოს თბილისში, პედაგოგი დედისა და მშენებელი მამის ოჯახში.[2] პროფესიით თავადაც მშენებელი იყო.
მუსიკალური კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სიმღერით „სად არ ვიყავი, სად არა“.[3] დიდი პოპულარობა მოუტანა ზურაბ მანაგაძის სიმღერამ „მელიქიშვილის გამზირი“. გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთ, აგრეთვე მონაწილეობდა სხვადასხვა სატელევიზიო შოუებში, შესრულებული აქვს როლი ქართულ ტელესერიალში „ცხელი ძაღლი“.
2012-2015 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში. 2018 წელს ფინანსური პრობლემების გამო დოიჯაშვილი ოჯახთან ერთად ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად.[4] ისრაელში ჩასვლიდან რამდენიმე თვეში მას ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს.[5] ჯანმრთელობის გაუარესების გამო მომღერალი თვეების განმავლობაში თელ-ავივის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.
გარდაიცვალა 2021 წლის 14 თებერვალს თელ-ავივში, ისრაელში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. 22 თებერვალს თბილისში გადმოასვენეს. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.[6] იყო ისრაელის მოქალაქე.[7]
დარჩა მეუღლე — ქეთი ვადაჭკორია და სამი შვილი.
2020 წლის დეკემბერში ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.[8]
2021 წელს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ზურაბ დოიჯაშვილის სახელი ეწოდა.[9][10]