ელზა სკიაპარელი (იტალ. Elsa Schiaparelli; დ. 10 სექტემბერი, 1890 — 13 ნოემბერი, 1973) — იტალიელი მოდის დიზაინერი, რომელიც კოკო შანელთან ერთად მსოფლიო ომებს შორის პერიოდის მოდის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ ფიგურად მიიჩნევა.[1] სკიაპარელის დიზაინი სიურრეალისტთა, მათ შორის სალვადორ დალისა და ჟან კოქტოს, შემოქმედების ძლიერ გავლენას განიცდიდა, რომლებთანაც იგი ხშირად თანამშრობლობდა. მისი სამოსის კლიენტებს შორის იყო ცნობილი ამერიკელი მსახიობი მეი უესტი. სკიაპარელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამკვიდრებულ მოდის ცვლილებებს არ მოერგო, რის გამოც საკუთარი მოდის სახლის დახურვა მოუწია.
ადრეული ცხოვრება
ელზა სკიაპარელი რომში დაიბადა. მისი დედა, მარია-ლუიზა, ნეაპოლიტანი არისტოკრატი იყო.[2] მისი მამა, ჩელესტინო, წარმოშობით პიემონტელი, არისტოკრატი სწავლული იყო, რომელიც ძირითადად ისლამურ სამყაროსა და შუა საუკუნეების პერიოდს შეისწავლიდა.[3] იგი დეკანი იყო რომის უნივერსიტეტში, სადაც მოგვიანებით ელზა ფილოსოფიას სწავლობდა.[4] მისი ძმა, ჯოვანი სკიაპარელი, ასტრონომი იყო, რომელმაც მარსის არხები აღმოაჩინა. ძმების ბიძაშვილი, ერნესტო სკიაპარელი, გამოჩენილი ეგვიპტოლოგი იყო, რომელმაც ნეფერტიტის საფლავი აღმოაჩინა და ტურინში ეგვიპტის მუზეუმს ხელმძღვანელობდა.[5]
კულტურულმა ფონმა და ოჯახის წევრების ერუდიციამ ბავშვობის წლებში სკიაპარელის წარმოსახვითი უნარების განვითარებაში დიდი როლი შეასრულა. იგი გატაცებული იყო უძველესი კულტურებისა და რელიგიური წეს-ჩვეულებების შესწავლით. სკიაპარელმა ნადირობის შესახებ ძველ ბერძნულ მითზე დაფუძნებით ლექსების სერიაც კი დაწერა, რომლის შინაარსმაც იმდენად შეაშფოთა მისი კონსერვატიული შეხედულებების მქონე მშობლები, რომ მათ გოგონას გამოსასწორებლად მისი შვეიცარიაში, სამონასტრო სკოლა ინტერნატში, გაგზავნა გადაწყვიტეს. სკიაპარელი სკოლის მკაცრ შეზღუდვებს და ავტორიტარულ რეჟიმს აუმხედრდა. მან პროტესტის ფორმაც შიმშილობა აირჩია, რის შემდეგაც მისი მშობლელი იძლებულნი გახდა, იგი სახლში დაებრუნებინათ.[6]
სკიპარელი უკმაყოფილი იყო საკუთარი ცხოვრებით, რომელსაც, მიუხედავად კომფორტისა, ჩაკეტილად და არასრულფასოვნად მიიჩნევდა. იგი თავგადასავლებისა და სამყაროს შეცნობისკენ ისწრაფვოდა, ამიტომ, როცა მეგობარმა ინგლისში ობოლი ბავშვების მომვლელად მუშაობის დაწყება შესთავაზა, მან ეს, როგორც სახლის დატოვების შესაძლებლობა აღიქვა და მაშინვე დათანხმდა. სამუშაო სკიაპარელისთვის შეუფერებელი და არასასიამოვნო აღმოჩნდა. მას დარჩენაზე არც უფიქრია, თუმცა რომის ნაცვლად პარიზში დაბრუნდა, რადგან არ სურდა, ოჯახისთვის თავისი მარცხი ეღიარებინა.[7]
ქორწინება
სკიაპარელი ლონდონში გაფრინდა მდიდარ რუს თაყვანისმცემელზე გარდაუვალი დაქორწინებისგან თავის არიდების მიზნით, რომელიც მისი მშობლების კეთილგანწყობით სარგებლობდა, თუმცა ტრფობის ობიექტისგან საპასუხო გრძნობებს ვერ იღებდა. ლონდონში სკიაპარელი თეოსოფიის ლექციას დაესწრო, რომელიც უილემ დე ვენდტმა ჩაატარა. ეს ადამიანი სხვადასხვა ფსევდონიმით იყო ცნობილი, მათ შორის, როგორც უილი ვენდტი და ვილჰემ დე კერლოტი. მან ინგლისში ლეგალურად შეცვალა სახელი და ვილჰელმ ფრედერიკ ვენდტ დე კერლორი გახდა, რას მამამისისა და დედამისის გვარების კომბინაციას წარმოადგენდა.[8] დე ვენტდი საკუთარი თავის დაუღალავი განმდიდებელი თაღლითი იყო, რაშიც ხელს მდიდარი წარმოსახვა უწყობდა. იგი ირწმუნებოდა, რომ წინასწარმეტყველურ შესაძლებლობებსა და მრავალ აკადემიურ მიღწევებს ფლობდა, რის საფუძველზეც თავს დეტექტივად, კრიმინალურ ფსიქოლოგად, ექიმად და ლექტორად ასაღებდა. ვოდევილის სცენაზე მოღვაწეობის პერიოდში იგი საკუთარ თავს „მსოფლიოში სახელგანთქულ დოქტორ ვ. დე კერლორს“ უწოდებდა.[9] სკიაპარელი ქარიზმატული ხასიათის შარლატანით გაცნობისთანავე მოიხიბლა და მასზე მეორე დღესვე დაინიშნა. მათი ქორწინება მალევე, 1914 წლის 21 ივლისს შედგა. ამ დროს სკიაპარელი ოცდასამის, ხოლო მისი მეუღლე ოცდაათი წლის იყო.[10] ქორწინების შემდეგ წყვილი მხოლოდ მზითევისა და სკიაპარელის მდიდარი მშობლების დახმარების ხარჯზე ცხოვრობდა, რის გამოც დე კერლორმა ფულის გამომუშავების მიზნით გადაწყვიტა, საკუთარი რეპუტაცია, როგორც პრაქტიკოს ექსტრასენსს, აემაღლებინა. 1915 წელს დე კერლორი ინგლისიდან წინასწარმეტყველური საქმიანობის გამო გააძევეს, რაც არაკანონიერად ითვლებოდა.[11] წყვილი ხანმოკლე დროით საცხოვრებელ ადგილს მუდმივად იცვლიდა. ისინი ცხოვრობდნენ პარიზში, კანში, ნიცასა და მონტე-კარლოში, სანამ 1916 წლის გაზაფხულზე აშშ-ში გადავიდოდნენ.
სკიაპარელი და დე კერლორი ნიუ-იორკში დასახლდნენ. დე კერლორმა ოფისი დაიქირავა, სადაც „ფსიქოლოგიის ბიურო“ გახსნა. სკიაპარელი მისი თანაშემწის როლს ასრულებდა და პრესის საშუალებით ცნობადობის ამაღლებაში ეხმარებოდა. ამ პერიოდში დე კერლორი ფედერალური მთავრობის გამოძიების ბიუროს, გამოძიების ფედერალური ბიუროს წინამორბედი უწყების, მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა, რისი მიზეზიც არა მხოლოდ მისი საეჭვო პროფესიული საქმიანობა, აგრეთვე ომის პერიოდში სავარაუდო ანტი-ბრიტანული და პრო-გერმანული პოლიტიკური პოზიცია იყო. 1917 წელს, ჯონ რიდთან და ლუიზა ბრაიანტთან ნაცნობობის გამო დე კერლორი მთავრობაში, როგორც შესაძლო ბოლშევიკი და კომუნისტი რევოლუციონერი, ცნეს. მთავრობის მეთვალყურეობისგან თავის არიდების მიზნით იგი 1918 წელს ცოლთან ერთად ბოსტონში გადავიდა, სადაც საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძეს.[12] 1920 წლის 15 ივნისს ცოლ-ქმარს ქალიშვილი, მარია ლუიზა ივონ რადა, მეტსახელად გოგო, შეეძინა, რის შედმეგაც დე კერლორმა სკიაპარელი მიატოვა.[13] მომდევნო წლებში, როცა გოგო მამის ადგილსამყოფელით ინტერესდებოდა, სკიაპარელი მას პასუხობდა, რომ მამამისი გარდაცვლილი იყო.[14] იმის შიშით, რომ დე კერლორს ქალიშვილზე მეურვეობის მოპოვების უფლება არ ეცადა, სკიაპარელმა 1922 წელს მას გვარი ოფიციალურად შეაცვლევინა.[15]
დე კერლორის წასვლის შემდეგ სკიაპარელი ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც მას კულტურული მრავალფეროვნება ხიბლავდა. სპირიტუალიზმისადმი მისი ინტერესი დადაიზმისა და სიურრეალისტური მოძრაობების მიმართ ბუნებრივ სიმპათიაში გადაიზარდა. გაბრიელ პიკაბიასთან მეგობრობამ მას შემოქმედებით წრესთან დაახლოებაში შეუწყო ხელი, რომლის წევრებს შორის იყვნენ მან რეი, მარსელ დიუშანი, ალფრედ სტიეგლიცი და ედუარდ სტაიხენი.[16] ამ პერიოდში სკიაპარელმა რომანტიკული ურთიერთობა გააბა ოპერის მომღერალ მარიო ლორენტისთან, რომელიც 1922 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა.[17]
სკიაპარელი და დე კერლორი 1924 წელს განქორწინდნენ.[18] 1928 წელს დე კერლორი მექსიკაში უცნობ ვითარებაში იქნა მოკლული.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Shocking! The Art and Fashion of Elsa Schiaparelli. Philadelphia Museum of Art (2003).
- ↑ Hill, Rosemary. (2004) Hard-Edged Chic გვ. 15–16. London Review of Books.
- ↑ SCHIAPARELLI, Celestino in "Enciclopedia Italiana".
- ↑ Secrest, გვ. 4, 5
- ↑ Gnoli, Sofia (2005) Un secolo di moda italiana, 1900-2000 (it). Meltemi Editore srl, გვ. 67. ISBN 9788883534287.
- ↑ Secrest, გვ. 14, 15
- ↑ Secrest, გვ. 19, 20
- ↑ Secrest, გვ. 17
- ↑ Secrest, p. 34, 37, 39, 42, 44
- ↑ Secrest, გვ. 20.
- ↑ Secrest, გვ. 26-27, 44
- ↑ Secrest, p. 17, 30, 36
- ↑ Secrest, p. 53,
- ↑ Secrest, p. 84.
- ↑ Secrest, p 66, 57
- ↑ Secrest, p. 63, 67
- ↑ Secrest, p. 28-30, 53, 61a
- ↑ Secrest, p. 33, 55, 74