დანიის მონარქების სიაში წარმოდგენილია იმ ადამიანთა სია, რომლებიც მართავდნენ დანიას. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიაში დანიის თითქმის ყველა მონარქი მამაკაცი იყო, არსებობს ორი გამონაკლისი, როდესაც მონარქი ქალი გახდა. ეს იყო XIV საუკუნეში მარგარეტე I და ასევე დანიის დღევანდელი მონარქი, მარგარეტე II. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კალმარის უნიის დროს (1397–1523) დანიას, ნორვეგიასა და შვედეთს საერთო მონარქები ჰყავდათ, თუმცა მისი დაშლისთანავე შეიქმნა დანია-ნორვეგიის კავშირი, რომელიც 1814 წლამდე გაგრძელდა, რა დროსაც დანიასა და ნორვეგიას ერთი მონარქი ჰყავდათ. ასევე საინტერესოა, რომ დანიის მეფე კნუტ დიდმა მოახერხა და დროებით ინგლისის სამეფო ტახტიც დაიკავა. გარდა ამისა, 1380–1944 წლებში დანიის მონარქები ასევე იყვნენ ისლანდიის, ხოლო 1380-დღემდე გრენლანდიისა და ფარერის კუნძულთა მონარქები.
ლეგენდარული და პრე-დანიური მონარქები
დან I, პირველი დანიელი მონარქი, რომლის პატივსაცემადაც დაერქვა ქვეყანას სახელი;
ხოკილეკუსი, დაახლოებით VI საუკუნე. გადმოცემის თანახმად იუტლანდიელი ტომების გამაერთიანებელი, რომელიც გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა ფრანკთა იმპერიას და სწორედ მისი დამსახურებით გადაურჩა დანია ფრანკთა დაპყრობას;
ონგენდუსი, VIII საუკუნე. პირველად სწორედ მის დროს დაიწყო ქრისტიანთა მისიონერული ვიზიტები დანიაში და სწორედ მისიონერთა ჩანაწერებიდან ვიგებთ მისი არსებობის შესახებ;
ჰარალდი, VIII საუკუნე. მის შესახებ ცნობებს გვაწვდის ფრიზიის მეფე რედბად II-ის ელჩობა, თუმცა მის სახელთან დაკავშირებით ისტორიკოსები დღემდე დაობენ.
ზიგფრედი, მეფობდა 770-იან-790-იან წლებში;
გადფრედი, მეფობდა 804–810 წლებში;
ჰემინგი, 810–812 წლებში. წინამორბედთა მსგავსად იბრძოდა ფრანკების წინააღმდეგ. იგი მოკლეს კარლოს დიდის წინააღმდეგ ბრძოლის დროს;
ზიგფრედი, გადფრედის ძმიშვილი. ივარაუდება, რომ ფრანკებმა მისი დახმარებით მოკლეს ჰემინგი, რათა იგი ტახტზე ასულიყო;
ჰარალდი და მისი ძმები: რაგნფრიდი და ჰემინგ ჰარალდსონი ერთად მართავდნენ 819–827 წლებში. მათ მოილაპარაკეს ფრანკთა იმპერატორ ლუი ღვთისმოსავთან და გარკვეული შეთანხმება დადეს, ამასთან დაადგინეს სახელმწიფო საზღვარი;
ჰორიკ I, მეფობდა 827–854 წლებში. ამ დროს ქვეყანაში შეიჭრნენ ფრანკები, მოახდინეს სამხრეთ მიწების ოკუპაცია და მოკლეს მეფე ჰორიკი;
ჰორიკ II, მეფობდა 854–860 წლებში. იგი იმით გახდა ცნობილი, რომ პირველად დანიის ისტორიაში, კავშირი დაამყარა პაპთან. მან რომის პაპ ნიკოლოზ I-ს დახმარების თხოვნით მიმართა, რათა როგორმე აღეკვეთა ფრანკების თარეში;
ბაგზესგი, 860–871 წლებში;
ჰალფდანი, 871–877 წლებში;
ზიგფრედი, 877–891 წლებში. დანიის პირველი ქრისტიანი მონარქი. მან ჰორიკ II-ის მსგავსად დახმარების თხოვნით მიმართა პაპს, რომელმაც დახმარება მხოლოდ გაქრისტიანების შემთხვევაში აღუთქვა. ამის გამო იგი 882 წელს მოინათლა, თუმცა მისი ერი არ გაქრისტიანებულა;
ჰალგა, მეფობდა 890-იან წლებში;
ოლოფი, ცდილობდა შვედეთის ტახტის მიტაცებას;
გირდი და გნუპა, ოლოფის ვაჟები, რომლებიც ერთად მართავდნენ;
სიგტრიდი, გნუპას ვაჟი, დაიღუპა გამეფებიდან მალევე;
რაგნარ ლოდბროკი, მეფობდა IX საუკუნის ბოლოს და X საუკუნის დასაწყისში. იგი იმით გახდა ცნობილი, რომ ილაშქრა ინგლისსა და ფრანკთა სახელმწიფოში. მან ალყა შემოარტყა ფრანკიის დედაქალაქ პარიზსაც, თუმცა დამარცხდა. მიუხედავად ამისა, მისი ძმა, როლო დაქორწინდა ფრანკთა იმპერატორ შარლ III მოსულელოს ასულზე, რის სანაცვლოდაც დანიელებმა ჩრდილო საფრანგეთში მიიღეს მიწები, რომელსაც ნორმანდია ეწოდა;
სიგარდ გველისთვალა, რაგნარის ვაჟი. მისი მეფობის დროს დანიის დაქვემდებარებაში შევიდა კუნძული ზელანდი და სამხრეთ შვედური რეგიონი სკონე;
ჰარტაკნუტი, სიგარდის ვაჟი. ვინაიდან დედამისი ნორთუმბრიის პრინცესა და ქრისტიანი ქალი იყო, ბევრი მას თავის ნამდვილ მონარქად არ თვლიდა და იგი დანიის მხოლოდ პატარა ნაწილს მართავდა. შემდგომში მისმა ვაჟმა, გორმმა მოახერხა 936 წელს ერთიანი დანიის ტახტზე ასვლა და საკუთარი დინასტიის დაარსება.