დავით კარიჭაშვილი

დავით კარიჭაშვილი
დაბადების თარიღი 1862
გარდაცვალების თარიღი 26 ივლისი, 1927(1927-07-26)
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა ისტორიკოსი

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი (დ. 1862, სოფ. ხიდისთავი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი — გ. 26 ივლისი, 1927, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, მწერალი, რუსთველოლოგი.

ბიოგრაფია

1876 წელს დაასრულა გორის საულიერო სასწავლებელი, 1882 წელს კი თბილისის სასულიერო სემინარია და გაემგზავრა პეტერბურგში, სადაც ჩაირიცხა უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მაგრამ გამწვავებული პოლიტიკური ვითარების გამო პარიზში წავიდა, სადაც სწავლა გააგრძელა სორბონის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1885 წელს საქართველოში დაბრუნდა და დაიწყო ფრანგული ენის მასწავლებლობა. შემდეგ მშობლიურ ენასა და ისტორიას ასწავლიდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში. ამავე დროს აქტიურად თანამშრომლობდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში“. 1892-1899 წლებში იყო ამ საზოგადოების გამგეობის მდივანი.

შედიოდა კირიონ II-ს მიერ შექმნილ სპეციალურ კომისიაში წევრად (გრიგოლ დიასამიძესთან და გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად), რომელსაც დავალებული ჰქონდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ზეპირსიტყვიერების ნიმუშების ჩაწერა.[1]

1885 წლიდან ქართულ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა მისი მოთხრობები, გამოკვლევები, კრიტიკულ პუბლიცისტური წერილები. დ. კარიჭაშვილი დიდი რუდუნებით იკვლევდა საქართველოს წარსულს. მის კალამს ეკუთვნის ისტორიული ნაშრომები თამარ მეფეზე, დავით აღმაშენებელზე, ბაგრატ III-ზე , დავით კურაპალატზე და სხვა. მას ეკუთვნის აგრეთვე ცალკეული გამოკვლევები: „ქართველები უძველეს დროში“, „ქართული წიგნის ისტორია“, „ხუცური ანბანი“ და სხვა.

არანაკლებ საინტერესო ნაშრომები შექმნა დ. კარიჭაშვილმა ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლებზე: „ვარდბულბულიანი“, „იოსებ ზილიხანიანი“, „იონა ხელაშვილი“, „შუშანიკის წამება, — მისი ავტორი, დაწერის დრო“ და სხვა. იკვლევდა „ვეფხისტყაოსანსაც“. რუსთველოლოგიის თანამედროვე დონის მიუხედავად, მკვლევარის რამდენიმე ნაშრომი ამ დარგში, დრესაც ანგარიშგასაწევია.

1920 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკა–მუზეუმის გამგე. მისი წყალობით გადარჩა ამ საზოგადოების ფონდი.[2]

1921-1927 წლებში დ. კარიჭაშვილი თბილისის უნივერსიტეტთან არსებული სიძველეთა საცავის მცველია. იყო ალექსანდრე ყაზბეგის პირველი ბიოგრაფი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

შრომები და თხზულებები

  • "ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორია", 1929, გვ. 17–22
  • ვინ უნდა იყოს «სომბატის ქრონიკის» ავტორი, კრებული «ძველი საქართველო», I, განყ. II, 1909
  • საქებართა ქებანი, წერილი პირველი, ტფ., 1886
  • სამი მსხვერპლი / მოთხრობა დ. კარიჭაშვილის მიერ. თბილისი, 1887
  • თამარ მეფე (1184-1213), ტფილისი, 1892
  • როსტომ მეფე, ტფ., 1894
  • სვიმონ მეფე (1557-1600) ტფ., 1894
  • საქართველო მეთორმეტე საუკუნეში (სურათებით), ტფ., 1902
  • წიგნის ისტორია, ტფ., ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა N62, 1903
  • კატალოგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების წიგნთ-საცავისა / ტფილისი : ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა, N67, 1905
  • კატალოგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების წიგნთ-საცავისა : დამატება 1 / ტფ., ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამოცემა N101, 1911
  • საქართველოს მოკლე ისტორია, ტფ., 1907
  • ხუცური ანბანი. წამება ცხრათა ყრმათა კოლაელთა და ქართული ქორონიკონი / გამოცემული დ. კარიჭაშვილის მიერ. - ტფ., 1910
  • ვეფხის-ტყაოსნის შედგენილობა. ტფილისი, 1913
  • ხუცური ანბანი, მეორე გამოცემა. ტფილისი : თ. მთავრიშვილის და ამხ. წიგნის მაღაზიის გამოცემა N2, 1914
  • ქართული ენის გრამატიკა : ეტიმოლოგია. 12 ტაბულით. - ტფ. : სახელგამი, 1929

ლიტერატურა

  • ლ. კარიჭაშვილი, დავით კარიჭაშვილი - რედაქტორ-გამომცემელი და ქართული ბეჭდვითი სიტყვის ისტორიკოსი, // «მწიგნობარი», თბ., 2002, N2, გვ.120-136
  • ლია კარიჭაშვილი, დავით კარიჭაშვილი - რუსთველოლოგი (მისი ღვაწლი 1903 და 1920 წლების "ვეფხისტყაოსნის" გამოცემაში და სხვ. მეცნ. გამოკვლევები) // «მაცნე» – ენისა და ლიტერატურის სერია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, 2001, N1-4, გვ.49-56
  • ს. ჯანაშია, დავით კარიჭაშვილი. კრებულში «ქართული ისტორიოგრაფია», №2, თბ., "მეცნიერება”, 1971, გვ. 136-140
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 207, თბ., 1994

სქოლიო

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!