დავით აღმაშენებლის მონეტა — დავით IV აღმაშენებლის სპილენძის უნიკალური მონეტა. იწონის 10,73 გ. შუბლზე წერტილოვან რკალში მოთავსებულია სამეფო ტანსაცმლით მოსილი მეფის პორტრეტული გამოსახულება. მეფის თავსაბურავია ჯვრიანი სტემა, რომლიდანაც სახის ორივე მხარეს მარგალიტებიანი საკიდები — პენდილიები ეშვება; ყელს შემოუყვება მსხვილი მძივების წყება; სამხრეებიც და კაბაც თვლებით არის შემკული; მარჯვენა ხელში სკიპტრა უპყრია, მარცხენაში კი — ჯვრიანი სფერო. ფიგურის ორივე მხარეს განთავსებულია დაქარაგმებული ასომთავრული ზედწერილი: „დთ – მფ“ („დავით მეფე“). ხაზოვანი რკალით შემოსაზღვრული ზურგის ცენტრში, ოთხფურცლიან ბუდეში მოთავსებულია ტოლმკლავა ჯვარი, რომლის მკლავების შემსხვილებულ ბოლოებზე თითო წერტილია დასმული. ჯვრის ბუდეს გარს შემოუყვება დაქარაგმებული ასომთავრული წარწერა: „დთ–მფ–აფთ–ქ–რნ–კხთ–სხთ“ („დავით, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“).
მონეტა მოჭრილი უნდა იყოს 1118 წლის შემდეგ, როდესაც დავით აღმაშენებელმა ლორე აიღო და ტაშირის („სომეხთა“) სამეფო საქართველოს შემოუერთა. დავით აღმაშენებლის მონეტის ცნობილი ერთადერთი ეგზემპლარი დაცულია ბრიტანეთის მუზეუმში (ლონდონი). იგი 1857 წელს ენისკილენის ჰერცოგმა უილიამ კოულმა ოსმალეთში ყოფნის დროს შეგროვილ სხვა აღმოსავლურ მონეტებთან ერთად გადასცა მუზეუმს.
ლიტერატურა
დუნდუა გ., რას მოგვითხრობენ ძველებური მონეტები, თბ., 1968.
კაპანაძე დ., ქართული ნუმიზმატიკის სიახლენი, კრ.:კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966.
მეტრეველი რ., დავით აღმაშენებელი, თბ., 1965.
Lang D., Notes of Caucasian numismatics, «Numismatic Chronicle», 1957, v. 17.