წერილობით წყაროებში სოფელი პირველად XIV საუკუნეში იხსენიება. იგი დავითგარეჯს ეკუთვნოდა. თემურლენგის მრავალგზის შემოსევების შედეგად, დავითგარეჯის სამონასტრო ცხოვრება მოიშალა და მისი კუთვნილი სოფლები, მათ შორის გიორგიწმინდაც, საქართველოს მეფემ ალექსანდრე I-მა დიდმა 1424 წელს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ეკლესიას შესწირა. 1589 წელს გიორგიწმინდა კვლავ დავითგარეჯს დაუბრუნდა. მოგვიანებით აქ მამულები თოხლიაურელმა თავადებმა ჩერქეზიშვილებმა შეიძინეს. XVIII საუკუნეში სოფელში თავისი ყმა-ხელოსნები ჰყავდა სამეფო კარს. ერეკლე II-ის ბრძანებით გიორგიწმინდაში სამშენებლო სამუშაოები უწარმოებიათ. ამას მოწმობს სოფელში მდგარი ერთ-ერთი კოშკის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი წარწერა.
ამჟამინდელი გიორგიწმინდა უბნებად არის დაყოფილი. უბნების სახელწოდება აქ მცხოვრები ძირითადი გვარებიდან მიმდინარეობს: გულისაანი, დიღმელაანი, კევლიაანი, მარიდაანი, მეკოკიაანი, ჭიაბერიაანი.
სოფელში, ერთმანეთისგან ოციოდე მეტრის დაშორებით დგას XVIII საუკუნის II ნახევრის რიყის ქვით ნაგები ორი ცილინდრული კოშკი, მათ შორის კი — სოფელში დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — დარბაზული ეკლესია. ეკლესიის სამხრეთ შესასვლელის თავზე ამოკვეთილი წარწერიდან ჩანს, რომ ეკლესია საკუთარი სახსრებით აუგია მღვდელ ივანე კევლიშვილს 1800 წელს (ეკლესია რესტავრირებულია 2010 წელს).