„უზენაესი მეფე გიორგი, ღვთის ნებით, მეფეთ მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანშა და შაჰანშა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“
გიორგი III (დ. უცნობია — გ. 1184, სტაგირი, კახეთი) — საქართველოს მეფე 1156 წლიდან, დემეტრე I-ის ძე, ბაგრატიონთა გვარის შთამომავალი. მისი მეფობის პერიოდი, თამართან ერთად საქართველოს ისტორიაში ოქროს ხანად მოიხსენიება. ეს იყო იმპერიის, დიპლომატიური წარმატების, სამხედრო ტრიუმფისა, განათლების, კულტურის, სულიერი და ხელოვნების აყვავების ერა საქართველოში. მისი სრული წოდება იყო „უზენაესი მეფე გიორგი, ღვთის ნებით, მეფეთ მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანშათა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“.
გამეფება
მამამ გიორგი III ჯერ თანამოსაყდრედ გამოაცხადა (უფროსი ძმის დავით V-ის გარდაცვალებისა და სამეფო ხელისუფლების სათავეში დაბრუნების შემდგომ), მოგვიანებით კი საკუთარ სიცოცხლეშივე გაამეფა. ასეთი ღონისძიება აუცილებელი იყო, რადგანაც დიდგვაროვან ფეოდალებს დავით V-ის ძის (დემნა, იგივე დემეტრე) სახით ჰყავდათ ტახტის პრეტენდენტი ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად.
საგარეო პოლიტიკა
დავით აღმაშენებლის მსგავსად, გიორგი III აქტიურ საშინაო და საგარეო პოლიტიკას ატარებდა. მისი მეთაურობით ქართველები განაგრძობდნენ ბრძოლას თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ. თამარის პირველი ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ გიორგი III გამეფების შემდეგ, ალბათ 1160 წელს დაიძრა „ქალაქსა ზედა კაღზევანსა და წარმოტყუენა ყოველნი ჴევნები პლდოვანი და ქალაქები აშორნისა, სომეხთა მეფედ წოდებულისა შაჰერმენისა“ ამრიგად, მას დაულაშქრავს ვანანდის სამხრეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით არეზის მარცხენა და მარჯვენა ნაპირებზე მდებარე სუქმან II-ის სამფლობელოები. ამ შორეული რეიდის განხორციელება მოსახერხებელი იყო ტაშირიდან, შირაკის გადაჭრით. შესაძლოა, რომ მეფე აპირებდა დაეჭირა ყარსისა და ანისის სამხრეთით მდებარე სტრატეგიული ხაზი და სამხრეთიდან მოეხდინა შადდადიანთა ანისის ბლოკირება. შაჰ-არმენმა სწრაფი რეაგირება მოახდინა გიორგი III-ის ლაშქრობაზე. 1160 წლის ოქტომბერში სუქმან II–ის ლაშქარი მისი სიმამრის ადრადინის სარდლობით მეფის წინააღმდეგ დაიძრა. თურქებს თან ახლდნენ გამუსლიმებული ქართველებიც რენეგატ ვასაკის მეთაურობით, რომელმაც მეგზურობა იკისრა. ბრძოლა მოხდა ოლთისის ოლქში, სადაც შაჰ-არმენის ჯარს შესვლა შეეძლო ვანანდის – ყარსის საამიროს ტერიტორიის გავლით. ჩანს, ყარსი ამ დროს სუქმან II-ის გავლენის სფეროში იყო. ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დასრულდა.[1] საქართველოს საზღვრების გასამტკიცებლად 1161 წელს გიორგი III-მ ანისზე გაილაშქრა, ქალაქი აიღო და მისი მართვა-გამგეობა ამირსპასალარ ივანე ორბელს მიანდო, ხოლო თანაშემწედ სარგის მხარგრძელი დაუნიშნა. 1162 წელს ქართველებმა სომხეთის ძველი დედაქალაქი დვინი აიღეს.
საქართველოს ასეთმა აქტიურობამ მაჰმადიანთა ამირები აიძულა ქართველებისათვის შეერთებული ძალით შემოეტიათ. საქართველოსაკენ დაიძრნენ ხლათის, დიარბაქირისა და ერზურუმის მმართველები. თამარის ისტორიკოსის ცნობით, მეფე გიორგიმ ბრძოლის დაწყების წინ მოწოდების სიტყვით მიმართა თავის ლაშქარს[2]:
„კაცნო ძმანო ერთსულნო და ერთ-სრჯულნო! თუ რაზომ დიდად კეთილ არს საღმრთოთა სჯულთა და ქრისტეს სახარებისათჳს სიკუდილი, რომელნი სამარადისოდ ვნატრით ქრისტეს კუალთა შემდგომთა და მომკუდართა მათ თჳთ ბუნებითა მკუდართა სხეულთაგან და ხედავთა, თუ რაოდენ უფრო სასახელო არს მჴნებრივ სიკუდილი, ვიდრე სენითა განდნობითა განლეულებასა შინა, რამეთუ სახე და სახელი კეთილისა საუკუნოდ გზად გუყუების. რამეთუ გუასმიეს ძუელთა მომთხრობელთაგან, თუ რაოდენნი კუეთებანი თავს ისხნეს საღმრთოთა სჯულთათჳს ტომმან ებრაელთამან არტარქსერქსის ზე, ელენთა - ოდეს-იგი იძღუანებოდეს თ[ემისტ]ოკლეოს მიერ უცთომელისა სპასპეტისაგან სოფლისა მქონებელსა მძლესა არტარქსერქსის ზედა, რომელმან ზღუაცა მტკიცე ყო უომრად სპაებთათჳს, ხოლო ათინელთა ერთისა ოდენ ქალაქისაგან უკუნრღუეულ იქმნა. აწ ფრთოვანნო ლომნო ჩემნო, ჩემთჳს განლახურილისა აღვიხუნეთ ლახუარნი და ჰოროლნი, და უგმირნეთ ურწმუნოთა ღვთაებისა მისისათა“
გიორგი III-მ ქართველ-სომეხთა შეერთებული ლაშქრით უკუაგდო დამპყრობლები[3]:
„შაჰარმენი, იბრაჰიმის ძე სუკმანი, ხლათის მთავარი მოწვეულ იქმნა ქართველთა წინააღმდეგ საბრძოლველად; მან თავისი ლაშქარიც შეჰყარა და დიდძალი მოხალისეც შემოუერთდა. შაჰარმანი ქართველების წინააღმდეგ წავიდა. ისინი დაუხვდნენ მას და დაამარცხეს. მუსლიმანები უკუქცეულ იქმნენ, მომეტებული მათგანი დაიღუპა და ბევრიც დაატყვევეს (ქართველებმა). დამარცხებული შაჰარმენი უკან დაბრუნდა და მტერს გადურჩა მხოლოდ 400 მხედრითურთ.“
1163 წლის იანვარ-თებერვალში სამხრეთ აზერბაიჯანის, ალჯაბალისა და ისფაჰანის გამგებელმა შამს ად-დინ ილდეგიზმა ლაშქარი შეყარა საქართველოს წინააღმდეგ. მას შეუერთდნენ ხლათის მფლობელი შაჰ არმენ სუქმან კუტუბის ძე, მარაღის პატრონი აყსანკორის ძე, აგრეთვე სხვები და 50000-იანი ლაშქრით საქართველოს წინააღმდეგ დაიძრნენ. ქართველთა ლაშქარი დამარცხდა ამ ომში. მაჰმადიანებმა აიკლეს გაგის მხარე, აიღეს ციხე გაგი, ავიდნენ გელაქუნს და ანისისაკენ წავიდნენ, თან მრავალრიცხოვანი ტყვე წაიყვანეს და დიდძალი ალაფი გაიტაცეს. 1163 წლის ამ გამარჯვებამ მაჰმადიანურ სამყაროში საყოველთაო ზეიმი გამოიწვია. გათამამებული მაჰმადიანები შეუდგნენ მზადებას საქართველოზე თავდასასხმელად, მაგრამ გიორგი III-მ დაასწრო მათ. 1165 წლის ბოლოს ან 1166 წლის დასაწყისში გიორგი III აზერბაიჯანისკენ დაიძრა და დაიკავა აზერბაიჯანის ტერიტორიები განჯამდე. ბრძოლა ანისისათვის არ ცხრებოდა. 4 წლის განმავლობაში ანისი გამუდმებული იერიშის ობიექტად იქცა. ელდიგუზ ათაბაგსა და გიორგის შორის ომს ბოლო არ უჩანდა. ჩანს, ელდიგუზსაც გაუძნელდა, რადგან ამ უკანასკნელმა დამარცხებამ იგი დიდად დააფიქრა, მაგრამ საქართველოს მეფის მდგომარეობა უფრო მძიმე იყო. დაზარალდა და აწიოკდა ანისის და მთელი მახლობელი მხარის მოსახლეობა. გამუდმებული ომების გამო შეუძლებელი გახდა მიწის დამუშავება და მეურნეობის წარმოება. ელდიგუზმა გიორგის ზავი შესთავაზა. მათ შორის ზავის ჩამოგდების მთხოვნელად გამოვიდა მეფე გიორგის და სულთნის ცოლყოფილი დედოფალი რუსუდანი. გიორგიმ დათმო ანისი, რომელიც 1164/1165 წელს გადასცა ყმადნაფიცობის პირობით მის ძველ მფლობელთ შედადიანთა ჩამომავლებს. 1174 წელს მეფე გიორგიმ კვლავ ილაშქრა ანისს აიღო და ანისის გამგებლად ამჯერადაც გიორგიმ, როგორც ჩანს, ისევ ივანე ორბელი დანიშნა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ აქტს საპასუხო მოქმედება მოჰყვა. 1174 ან 1175 წელს ათაბაგი ელდიგუზი და სულთანი არსლანი თავს დაესხნენ ანისს, დაარბიეს შირაკის ველი, მაგრამ დამარცხდნენ და უკუიქცნენ. ანისისათვის. ბრძოლაში გამცემლური როლი შეასრულა ივანე ორბელმა, რომელსაც გიორგი მეფემ ქალაქი სამმართველოდ ჩააბარა. ის მზად იყო დაეთმო ანისი თურქებისთვის, მაგრამ ვერ განახორციელა, რადგან მოქალაქეებმა გაიგეს და სათანადო ზომები მიიღეს. შესაძლებელია, ივანე ორბელი ვარაუდობდა, რომ, თუ ის გადასცემდა ანისს თურქებს, მათგან შეღავათიანი პირობებით მიიღებდა ქალაქს სამმართველოდ. როგორც მოვლენების განვითარებიდან ჩანს, თურქი მფლობელები ეგუებოდნენ ანისის საქართველოს საყმადნაფიცოდ ყოფნას და ისინი მხოლოდ მაშინ აქტიურობდნენ, როდესაც საქართველოს მეფე უშუალოდ სამეფოდ იკავებდა მას, ამიტომ გასაგებია, რომ თურქებისათვის უფრო სასურველი იქნებოდა ივანე ორბელის მმართველობა ანისში, როგორც მათი ქვეშევრდომისა.ივანეს კი, ჩანს, გიორგის მოხელეობას მაჰმადიანთა ყმობა ერჩია. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ივანე ორბელის ეს ავანტიურა ვერ განხორციელდა. ანისისათვის ბრძოლაში, ეტყობა, საქართველოს მეფეს ამჯერადაც მხარს უჭერდა ანისის სამღვდელოება ანისის ეპისკოპოსის ბარსეღის სახით, რისთვისაც გიორგი მეფეს გარკვეული საზღაურის გადახდაც მოუხდა. ეპისკოპოს ბარსეღის თხოვნით გიორგი მეფემ გამოისყიდა ტყვეობიდან მისი ძმა, მთავარი აპირატი, და ის ანისის ამირად დანიშნა. ამის შემდეგ 1175 წელს შედგა ძლიერი კოალიცია ათაბაგ ელდიგუზის, სულთან არსლან შაჰის, ხლათის მმართველ შაჰ არმენის, ელდიგუზის შვილის ფაჰლავანის მონაწილეობით, რომელიც დიარბექირის, აზერბაიჯანის, ჰამადანის ლაშქრით შემოიჭრნენ საქართველოს მიწა-წყალზე და შემოესივნენ ლორესა და დმანისის მიდაწოებს. დაიწყო მძიმე და სისხლისმღვრელი ომი. მაჰმადიანნი აწიოკებონენ და არბევდნენ ქვეყანას. შედეგი ამ ბრძოლისა გარკვევით არც ერთ წყაროში არ არის მითითებული. როგორც ჩანს, ამ შემოსევის შემდეგ საქართველომ კვლავ დაკარგა კონტროლი ანისზე და იგი დაიბრუნეს შედადიანებმა, რომელთა მმართველობა ანისზე 1199 წლამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაიბრუნა ანისი და თამარმა იგი მხარგრძელებს გადასცა.[4]1167 წელს გიორგი III-მ ილაშქრა შირვანში მისი ყმადნაფიცისა და დისწულის აღსართან (ახსითან) შირვანშაჰის დასახმარებლად (შირვანშაჰს დარუბანდის მხრიდან თავს ესხმოდნენ იმიერკავკასიის მფლობელები). ქართველთა მხედრობა მივიდა დარუბანდის კარამდე, აიღო ქ. შაბურანი, რომელიც გიორგი III-მ აღსართანს უწყალობა.
შინა მდგომარეობა
გიორგი III-ის დროს საქართველოში განსაკუთრებით გამრავლდნენ ფეოდალურო წარმოებიდან გამოძევებული ე. წ. გლახაკნი და მეკობრენი. ლაშქარში შეიქმნა ქონების შეძენის მიზნით უცხო ქვეყნების ბოლომოუღებელი რბევისადმი მიდრეკილება, ქვეყანაში გახშირდა ღალატი და გარეშე დამპყრობელთა მხარეზე გადასვლა. განსაკუთრებით თავგამოდებით ებრძოდნენ ცენტრალური სამეფო ხელისუფლებას დიდგვაროვანი აზნაურები. 1177 დაიწყო დიდი ამბოხება ამირსპასალარ ივანე ორბელის მეთაურობით. მას გვერდში ედგნენ დიდგვაროვანი ფეოდალები: ივანე ვარდანის ძე, შოთა, ძე ართავაჩოს ძისა, ქავთარ ივანეს ძე და სხვები. ამბოხებულები თითქოსდა დემნა (დემეტრე) უფლისწულის ინტერესებს იცავდნენ, სინამდვილეში კი სამეფო ხელისუფლების შეზღუდვისა და თავიანთი უფლებების გაფართოებისათვის იბრძოდნენ. აჯანყება რამდენიმე თვეს გაგრძელდა. 1178 დასაწყისში გიორგი III-მ შეძლო მისი ჩახშობა. იგი განსაკუთრებით სასტიკად მოეპყრო აჯანყების მოთავეებს — ორბელები სიკვდილით დასაჯეს, დემეტრე უფლისწულს თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს. გიორგი III-მ ორბელთა მამულები თავის ერთგულებს უწყალობა, მათ შორის დიდი ნაწილი ყუბასარს, რომელიც მეფემ ორბელთა სამთავრო პატივში აიყვანა და საქართველოს ამირსპასალარად დანიშნა. გიორგი III-მ ასევე „უგვარო“, აზნაურის ნაყმევი აფრიდონიმსახურთუხუცესის თანამდებობაზე დააწინაურა.
ორბელთა ამბოხების ჩაქრობის შემდეგ გიორგი III იძულებული გახდა დაეთმო რეაქციონერი სასულიერო პირებისათვის და ეკლესიის შეუვალობის აღდგენის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. 1179 მეფემ მეკობრეობის წინააღმდეგ გამოსცა სახელმწიფო დარბაზის მიერ შემუშავებული კანონი, რომელიც ამ „სენის“ აღმოსაფხვრელად მკაცრ ზომებს ითვალისწინებდა. ორბელთა ამბოხების ჩახშობისთანავე, 1178 გიორგი III-მ საქართველოს სამეფო ტახტზე აიყვანა თავისი ქალი თამარი. მამა-შვილის ერთობლივი მეფობა გიორგი III-ის გარდაცვალებამდე გაგრძელდა.
ქორწინება და შვილები
დაახ. 1155 წელს გიორგი ირთავს ბურდუხანს (გურანდუხტი), ოსეთის მეფის ხუდანის ქალიშვილს. მათი უფროსი ქალიშვილი თამარი გიორგის შემდეგ ტახტის მემკვიდრე ხდება. უმცროსი ქალიშვილი, რუსუდანი, მიჰყვება მანუელ კომნენოსს (ბიზანტიის ხანმოკლე იმპერატორის ანდრონიკუსის უფროსი ვაჟი). რუსუდანი და მანუელი იყვნენ ტრაპიზონის მეფის ალექსიუს I-ის მშობლები. გიორგი III-ს კიდევ ჰყავდა ერთი ქალიშვილი, რომელიც ხარჭისაგან შეეძინა. მისი სახელი უცნობია. იგი არზრუმელ უფლისწულ მუტაფრადინს შერთეს ცოლად.