ამალ ალ ქუბაისი (არაბ. أمل القبيسي; დ. 18 ოქტომბერი, 1968) — არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალური ეროვნული კრების თავმჯდომარე 2015-2019 წლებში. პირველი ქალი არაბულ სამყაროში რომელმაც დაიკავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა. მანამდე იყო აბუ-დაბის განათლების საბჭოს თავმჯდომარე.[1]
ბიოგრაფია
2000 წელს ალ ქუბაისიმ მიიღო დოქტორის ხარისხი გაერთიანებული სამეფოს შეფილდის უნივერსიტეტის არქიტექტურულ ინჟინერიაში და ფლობს მსოფლიოში ერთადერთ დოქტორის ხარისხს არაბთა გაერთიანებული საამიროების არქიტექტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის საკითხებში.[2][3] 2000 წელს იგი გახდა არაბთა გაერთიანებული საამიროების უნივერსიტეტის არქიტექტურის ასისტენტ-პროფესორი, სადაც მუშაობდა 2006 წლამდე. როგორც არქიტექტორი, იგი მუშაობდა იუნესკოსთან საამიროებში 350-ზე მეტი ისტორიული ადგილის დოკუმენტაციისა და შენარჩუნების მიზნით, მათ შორის ალ-ჯაჰილისა და ალ-ჰოსნის ციხეებზე.[4]
2001-2003 წლებში მუშაობდა ალ-აინის ტურიზმისა და ეკონომიკური განვითარების ორგანოს კულტურული მემკვიდრეობის ერთეულის პრეზიდენტად.
2007 წელს იგი აირჩიეს ფედერალური ეროვნული კრების წევრად და გახდა პირველი არჩეული ქალი საბჭოში.[2] საბჭოში იყო განათლების, ახალგაზრდობის, მედიისა და კულტურის კომიტეტის პრეზიდენტი; ჯანდაცვის, შრომისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი.
2011 წელს ალ ქუბაისი აირჩიეს ფედერალური ეროვნული კრების სპიკერის პირველ მოადგილედ და გახდა პირველი ქალი, რომელიც თავმჯდომარეობდა ფედერალური ეროვნული კრების სხდომას 2013 წელს.[5][6] 2014 წელს იგი დანიშნეს აბუ-დაბის განათლების საბჭოს თავმჯდომარედ.[7]
2015 წლის 18 ნოემბერს ალ ქუბაისი დანიშნეს ფედერალური ეროვნული კრების თავმჯდომარედ,[8] რითაც იგი გახდა არაბულ რეგიონში ეროვნული ასამბლეის პირველი ქალი ლიდერი.[2]
სქოლიო