ალ-ხაიზურანი

ალ-ხაიზურან ბინთ ათა
არაბ. الخيزران بنت عطاء
დაბადების თარიღი ბიშა, საუდის არაბეთი
წინამორბედი ალ-რაიტა ბინთ ალ-საფა
მემკვიდრე უმმ-აბდალა
რელიგია ისლამი
მეუღლე(ები) ალ-მაჰდი
შვილ(ებ)ი ალ-ჰადი, ჰარუნ არ-რაშიდი

ალ-ხაიზურან ბინთ ათა (არაბ. الخيزران بنت عطاء) - აბასიდი ხალიფას, ალ-მაჰდის მეუღლე და ხალიფების, ალ-ჰადის და ჰარუმ არ-რაშიდის დედა. იგი გახლდათ სახელმწიფოს დე ფაქტო მმართველი 775 წლიდან 789 წლამდე მისი მეუღლისა და შვილების ხელისუფლების დროს. ისტორიაში შესულია, როგორც სახელმწიფო საქმეებზე უდიდესი გავლენის მქონე ქალი მუსულმანურ სამყაროში.

ხაიზურანი იყო ყოფილი მონა ქალი, რომელიც მოგვიანებით გახდა ხალიფა ალ-მაჰდისკანონიერი ცოლი. ალ ხატიბ ალ ბაღდადი აღნიშნავს, რომ ხაიზურანი უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა მთელ ახლო აღმოსავლეთში. ისტორიკოსების მიერ მისი პიროვნება ხშირად მოიხსენიება ისლამის ისტორიაში მნიშვნელოვან პიროვნებებს შორის. ხალიფებს ჰყავდათ ასობით ცოლი, მხევლები, დები და სხვა ქალი ნათესავები, მაგრამ ხაიზურანის საქმიანობას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა აღმოსავლური ისტორიით დაინტერესებული მკვლევარებისგან.[1]

ხაიზურანი არასდროს ყოფილა კანონიერი მმართველი, თუმცა ის გახლდათ პირველი ქალი, რომელიც იყო სახელმწიფოს დე-ფაქტო მმართველი ისლამურ სამყარო. ასევე ის იყო პირველი ქალი , რომლის სახელზეც ოქროს მონეტა მოიჭრა მუსლიმების მიერ. ისტორიკოსების კონსესუსის თანახმად, იგი მუსლიმურ იმპერიას განაგებდა სამი ხალიფას დროს: თავისი ქმრის ალ-მაჰდის (775-785), თავისი უფროსი ვაჟის - ალ-ჰადის (785-786) და უმცროსი ვაჟის - ჰარუნ არ-რაშიდის (786-809) დროს.[2]

ცნობების მიხედვით ალ-ხაიზურანი აღწერილია, როგორ ლამაზი, გონიერი და ნიჭიერი ქალი. იგი ალ-მაჰდიმ საკუთარი ჰარემიდან გამოარჩია ზემოთხსენებული მიზეზების გამო და მალე მისი საყვარელი ხარჭა გახდა. მას შემდეგ რაც ალ-მაჰდია ხალიფა გახდა, ხაიზურანმა ის დაარწმუნა, რომ მონობიდან გაეთავისუფლებინა და ცოლად შეერთო. ქორწინების შემდეგ ხაიზურანმა ხალიფას კარზე საკუთარი ოჯახის წევრები მოიყვანა და მათთვის შემოსავლიანი ქორწინებები დაგეგმა. ასევე, მისი ზეგავლენის წყალობით ხალიფას მემკვიდრედ გამოცხადდნენ მისი შვილები და ტახტზე უფლება დაკარგეს ვაჟებმა, რომელიც ალ-მაჰდის პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა იმ დროინდელი კანონებს, რომლის მიხედვითაც მონის შვილები კანონიერ მემკვიდრეებად არ ცხადდებოდნენ. ალ-ხაიზურანი სახალიფოში მისი მეუღლის შემდეგ ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. ეს მიღწევები შთამბეჭდავია არა მხოლოდ იმის გამო, რომ მან მოახერხა მონობიდან თავის დაღწევა, არამედ იმიტომ, რომ ეს შეძლო იმ პერიოდში, როდესაც სოციალური მობილობა, ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც, თითქმის შეუძლებელი იყო.[3]

ორი ვაჟის გარდა, მათ ასევე ჰყავდათ ქალიშვილი ბანუქა, რომელიც ხალიფას საყვარელი შვილი იყო. ალ-მაჰდი მას უფლებას აძლევდა ბიჭის ტანსაცმელი გადაეცვა და ნადირობისას და მოგზაურობისას თან ხლებოდა. როცა ბანუქა 16 წლის ასაკში გარდაიცვალა, ალ-მაჰდიმ ბრძანება გასცა, რომ მთელ სახალიფოს გლოვა გამოეცხადებინა, რაც დადგენილი წესის მიხედვით გაუგონარი იყო.

ზოგი წყაროს მიხედვით, ალ-ხაიზურანის საქმეები და პიროვნების მიხედვით შეიქმნა შეჰერიზადას პერსონაჟი "ათას ერთი ღამიდან".[4]

ალ-მაჰდის მმართველობა

ხაიზურანის გულუხვობის მრავალი შემთხვევაა აღწერილი ისტორიკოსების ჩანაწერებში. მაგალითად, როდესაც ის პირველად დაორსულდა, ხაიზურანმა ფულადი ჯილდო გაუგზავნა ექიმებს და მათ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარა. ასევე, ნახსენებია შემთხვევა, როდესაც ხაიზურანი და ალ-მაჰდი წაკინკლავდნენ, რის შემდეგაც ხალიფამ მეუღლის საცხოვრებელი გაბრაზებულმა დატოვა. ხაიზურანს არ შეშინებია, რადგან ის არასდროს არ ერიდებოდა გამოეთქვა ხალიფას წინაშე საწინააღმდეგო აზრი. ალ-მაჰდის ერთ-ერთმა მრჩეველმა მათ შორის კონფლიქტი მოაგვარა და მადლიერმა ხალიფამ მას 2000 დინარი უძღვნა, რაც იმ დროისთვის სოლიდურ თანხას წარმოადგენდა. ხაიზურანმაც ასევე გამოხატა მადლიერება და მრჩეველს ძვირადღირებული ტანსაცმელი და 1990 დინარი გაუგზავნა (10 დინარით ნაკლები, რადგან მას არ უნდოდა ხალიფას საჩუქარს შეჯიბრებოდა).[5]

ხაიზურანი ჰაჯის შესასრულებლად ორჯერ გაემგზავრა მექაში 776 და 788 წლებში. მისი მოგზაურობა დეტალურადაა აღწერილი. იგი გულუხვად აჯილდოებდა გზაზე შემხვედრ ღარიბ მოსახლეობას. მან ასევე შეიძინა სახლი, სადაც დაიბადა წინასწარმეტყველი მუჰამედი. ეს სახლი მოგვიანებით მეჩეთად გადააქცია. მან გასცა ბრძანება მექაში ჭები გაეთხარათ და საჯარო სასმელი შადრევნები აეგოთ.[6]

ხაიზურანის პოლიტიკური გავლენა გამოჩნდა იაჰია ბ. ხალიდ ბ.ბარმაქის დაპატიმრებისას. პირველი აბასიანების დროს ირანის პოლიტიკური არისტოკრატიის გავლენა საკმაოდ ძლიერი იყო და ხალიფას კარზე ბარმაქიანთა გვარის წარმომადგენლები დაწინაურდნენ ( ბარმაქიანები - ერთ-ერთი უმდიდრესი და გავლენიანი გვარი სახალიფოში. ისინი წარმოშობით ბალჯიდან იყვნენ. ამ გვარიდან იყვნენ პირველი ვაზირები არაბთა სახალიფოში. მათი ძალაუფლება თითქმის 50 წელს გაგრძელდა. მათი მეთაური იყო - ხალიდ ბ. ბარმაქი, რომელიც ალ-მანსურის დროს გახდა ფარსის და ტაბარისტანის მმართველი, მოგვიანებით კი - ვაზირი. ხალიდის ვაჟი - იაჰია დანიშნულ იქნა სახალიფოს აღმოსავლეთ პროვინციების მმართველად, ხოლო ჰარუნ არ-რაშიდის დროს გახდა სრულუფლებიანი ვაზირი, რომელიც თავის ვაჟებთან (ფადლი და ჯა’ფარი) ერთად წარმართავდა სახელმწიფო საქმეებს). ხაიზურანი სახალიფოს ადმინისტრაციულ მმართველობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა . ის მეგობრულად იყო განწყობილი ბარმაქელების მიმართ და ალ-მაჰდიზე გავლენას მათ დასახმარებლად იყენებდა. ალ ხატიბ ალ ბაღდადი ასეთ სურათს აღწერს: ,,ალ მაჰდიმ ხალიდი ფარსის მმართველად დანიშნა, მაგრამ მან უფლებამოსულება გადასცა თავის ვაჟს - იაჰიას, რომელმაც შემოიღო მიწის გადასახადი და საკუთარი ხაზინა შეავსო. ალ-მაჰდიმ ეს შეიტყო და იაჰია ციხეში ჩასვა. ამასთან აიძულა გადაეხადა 1 მლნ. დირჰამი. როცა ხაიზურანმა ამის შესახებ შეიტყო, მან მოსთხოვა მაჰდის მისი გათავისუფლება და ამასთან ერთად თანამდებობაზე აღდგენა. ალ-მაჰდი იძულებული გახდა მეუღლეს დათანხმებოდა."[7]

ხაიზურანის პოლიტიკური ზეგავლენის მეორე შემთხვევა დაკავშირებულია ქუფის მოსამართლე შარიქ ბ. აბდ ალ-ლაჰთან. ხაიზურანი დიდ ყურადღებას აქცევდა საკუთარ გარეგნობასა და ჩაცმულობას და მხოლოდ საუკეთესო ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმლით იმოსებოდა. ამის გამო ხაიზურანის აგენტები მთელს სახალიფოში ეძებდნენ საუკეთესო ქსოვილებსა და მკერავებს. იმ დროისთვის ხაიზურანი იყო ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი სახალიფოში. მისი ძალაუფლების მწვერვალზე ხაიზურანის ყოველწლიური შემოსავალს შეადგენდა 160 მლნ. დინარი. მას გარდაცვალების მომენტში კი მისი გარდერობში 18,000 კაბა ინახებოდა. ხაიზურანის გატაცება ძვირფასი სამოსიით გახდა სახალიფოში საფეიქრო წარმოების განვითარების საფუძველი. წყაროების მიხედვით, ერთ წელს, ხაიზურანმა თავისი აგენტი ქუფაში გადააგზავნა იქაური ფაბრიკის პროდუქციის გასაკონტროლებლად. გადმოცემით, ის აიძულებდა მუშებს,რომ დამატებითი სამუშაოები შესაბამისი ანაზღაურების გარეშე შეესრულებინათ. ერთ-ერთი მუშა გაიქცა, რომელიც ძალდატანებით უკან დააბრუნეს. აგენტმა უბრძანა ადგილობრივ მოსამართლეს - გაეგზავნა მონა ციხეში. მაგრამ მოსამართლემ მონა გაათავისუფლა, ხოლო აგენტს გამათრახება მიუსაჯა. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ხაიზურანის ძალაუფლება შეზღუდული იყო. [8]

სწორედ ხაიზურანის ზეგავლენის შედეგი უნდა იყოს ის, რომ ალ-მაჰდიმ საკუთარი ტახტის მემკვიდრეებად სიცოცხლეშივე გამოაცხადა მუსა ალ-ჰადი და ჰარუნ არ-რაშიდი. ამასთან, მოგვიანებით მან მემკვიდრეობაზე უარი განუცხადა ყველა ვაჟს, მათ შორის თავისი ჰაშიმიანი მეუღლისაგან - ალ-რაიტასგან გაჩენილი ვაჟებს, რომლებიც ხაიზურანის ვაჟებზე ასაკით უფროსები იყვნენ.[9]

ალ-მაჰდის გარდაცვალება

ალ-მაჰდის სიკვდილის შემდეგ ხაიზურანი სასახლის კარის ცენტრალური ფიგურა გახდა. ალ-მაჰდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო სახალიფოს ისტორიისათვის ჩვეული ბრძოლა ტახტზე პრეტენდენტებს შორის. ალ-მაჰდის უფროსი ვაჟი ხაიზურანისგან- მუსა ალ-ჰადი იმ დროს გამწესებული იყო ჯურჯანის მმართველად, ხოლო უმცროსი ვაჟი - ჰარუნ არ-რაშიდი -აზერბაიჯანისა და სომხეთის. ტახტის თითოეულ მემკვიდრის განკარგულებაში იყო საკუთარი ადმინისტრაცია, არმია და მრჩევლები, რომლებიც მზად იყვნენ ებრძოლათ თავიანთი მბრძანებლის ტახტის უფლების დასაცავად. ხაიზურანმა, ორივე პრეტენდენტის დედამ გაითვალისწინა, რომ ხალიფას სიკვდილს შეიძლებოდა ჯარისკაცებისგან ამბოხი მოჰყოლოდა. ამიტომ მან ვაზირებს უბრძანა მათთვის სასწრაფოდ გადაეხადათ სამი წლის ჯამაგირის ექვივალენტური თანხა მშვიდობის გარანტის სანაცვლოდ. ხაიზურანმა ამ ნაბიჯით დრო მოიგო ვაჟების დედაქალაქში მშვიდობიანად ჩამოსვლამდე.[10]

ბაღდადში პირველად ჰარუნ არ-რაშიდი დაბრუნდა და დედასთან ერთად საკუთარ თავზე აიღო ხელისუფლების მემკვიდრეობით გადაცემის რიტუალი. კანონის მიხედვით უფროსი ძმა, ალ-ჰადი ხდებოდა ახალი ხალიფა და ჰარუნმა ფიცი დადო, რომ თავის ძმას  უერთგულებდა. ალ-ჰადის 20 დღე დასჭირდა ბაღდადში ჩასასვლელად.

წყაროებში მოთხრობილია, რომ ხაიზურანმა ალ-ჰადის ჩამოსვლამდე გამოიძახა ორი მნიშვნელოვანი მინისტრი - არ-რაბია ბ.იუნუს და ცნობილი იაჰია ალ-ბარმაქი. ისინი მაშინვე გამოცხადდნენ ხაიზურანის კარზე, მაგრამ როცა ხაიზურანმა უთხრა ორ მომლოდინე მინისტრს - შესულიყვნენ მის ოთახში, მხოლოდ ერთი დამორჩილდა მის ბრძანებას. არ-რაბიამ მიიღო მისი მიწვევა და ყველაფერი გააკეთა, რათა დაეწყნარებინა აჯანყებულები. ხოლო იაჰიამ გაითვალისწინა, რომ ალ-ჰადის არ მოეწონებოდა მისი თანამშრომლობა ხაიზურანთან და უარი განუცხადა. მართლაც, ალ-ჰადიმ როცა ჩამოსვლის შემდეგ შეიტყო ახალი ამბავი, კურიერი არ-რაბიას მიუგზავნა და სიკვდილით დაემუქრა.[11]

ალ-ჰადის მმართველობა

ალ-ჰადის კარგად ჰქონდა გაცნობიერებული საკუთარი დედის პოლიტიკური ძალა და შეეცადა ხალიფას კარზე მისი გავლენა შეემცირებინა. ხაიზურანი ცდილობდა, რომ კანონიერი მემკვიდრე (ალ-ჰადი) ხელისუფლებისათვის ჩამოეშორებინა ჰარუნის სასარგებლოდ, რომელზეც პიროვნული გავლენა ჰქონდა და მისი ფავორიტი ვაჟი იყო. ალ-ჰადი ცდილობდა არისტოკრატია დაერწმუნებინა იმაში, რომ პოლიტიკური საქმეები არ არის ქალის პრეროგატივა და თანდათანობით,ალ-ჰადიმ წარმატებულად ჩამოაცილა ხაიზურანი სახელმწიფო საქმეებს. ამასთან გადაწყვიტა თავისი ძმის ჰარუნის დაპატიმრება, რათა სახალიფოს მემკვიდრე გამხდარიყო მისი ვაჟი - ჯაფარი.

ალ-მაჰდის მმართველობის დროს ხაიზურანს ჰქონდა აუდიენციები და შეხვედრები ისლამური სამყაროს მნიშვნელოვან პირებთან. მას მრავალი ცნობილი ადამიანი (ვეზირები, მეცნიერები, პოეტები და სხვ.) აკითხავდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საქმის გადასაწყვეტად. თუმცა, თავდაპირველად ალ-ჰადის მცდელობების მიუხედავად ,არაფერი შეცვლილა ხაიზურანის ქმრის გარდაცვალების შემდეგაც. ატ-ტაბარის თანახმად, ,,მუსას ხალიფობის დროს ხაიზურანი ხშირად მიმართავდა მას თავისი ახლობლების გამო თხოვნით და ის აჯილდოვებდა მას". წყაროებში არ არის ცნობები ხაიზურანის და ალ-ჰადის, როგორც ხალიფას, პირველი შეხვედრის შესახებ. თუმცა, გადმოცემები თანხმდებიან,რომ თავისი მმართველობის პირველი თვეების განმავლობაში ალ-ჰადის დედის თავისუფლება და პრივილეგიები არ შეუზღუდავს. ,,ის აგრძელებდა თავის თავზე აეღო გადაწყვეტილების მიღება მასთან (ალ-ჰადისთან) კონსულტაციის გარეშე. ისევე იქცეოდა, როგორც ადრე, ალ-მაჰდის მმართველობის დროს. ხალხი მიდიოდა და აღწევდა მისი კარის შიგნით." ალ-ჰადი დიდ საფრთხეს გრძნობდა დედისგან და თან ეჭვიანობდა თავის ძმა ჰარუნზე, რომელიც ხალხსაც და დიდებულებსაც ძალიან უყვარდათ და განთქმული იყო თავისი სამხედრო წარმატებებით. ალ-ჰადიმ რამდენჯერმე სცადა ჩამოეშორებინა თავისი ძმა და თავისი შვილი - ჯაფარი გაეხალიფებინა. ჰარუნმა თავიდან აიცილა დაპირისპირება, ცდილობდა ძმისგან თავი შორს დაეჭირა, მაგრამ ხაიზურანი საქმეებს განსხვავებულად წარმართავდა - ის არასდროს გაურბოდა ღია დაპირისპირებას. ხაიზურანი განაგრძობდა ჩარევას იმპერიის საქმეების მართვაში. [12]

ხაიზურანის და ალ-ჰადის პირისპირ დაპირისპირება მოხდა პოლიციის უფროს - აბდ ალ-ლაჰის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხზე დავისას. ერთ დღეს ხაიზურანმა მოითხოვა ხალიფასგან , რომ მის მიერ წამოყენებული კანდიდატურისთვის მხარი დაეჭირა. მან უშუამდგომლა ვინმე აბდ ალ-ლაჰ ბ. მალიქს, მაგრამ ალ-ჰადიმ უარი განუცხადა. ხაიზურანმა კი განაცხადა: ,,შენ ვალდებული ხარ, რადგან მე უკვე პირობა მივეცი აბდ ალ-ლაჰს." მან შეცდომა დაუშვა, როცა ხალიფას ღიად შეეწინააღმდეგა დამსწრე საზოგადოების წინაშე. უარის მიღების შემდეგ ხაიზურანი კარისკენ გაემართა და ამ დროს ალ-ჰადიმ დედას მიმართა: ,, გაჩერდი, სადაც ხარ და მოისმინე კარგად ჩემი სიტყვები ... ვფიცავ ალაჰს, თუ მე როდისმე გავიგებ, რომ ვინმე ჩემი გარემოცვიდან ან ჩემი სარდლებიდან ან ჩემი მოსამსახურეებიდან იქნება შენს კართან, მე მოვჭრი მათ თავებს და მათი ქონების კონფისკაციას მოვახდენ......რა არის აზრი იმ ამალის, რომელიც შენი კარის წინ ტრიალებს დილიდან საღამომდე? ნუთუ არა გაქვს თითისტარი, რომ დაკავებული იყო ან ყურანის ასლი, რომ ილოცო ალაჰისათვის!, ან სახლი, სადაც დაიმალები იმათგან, ვინც გარს გახვევია? მიფრთხილდი და კიდევ ერთხელ მიფრთხილდი,თუ კიდევ გაბედავ ხმის ამოღებას ვინმეს სასარგებლოდ“. ეს ფაქტობრივად ომის გამოცხადება იყო ალ-ჰადის მხრიდან. ამის შემდეგ ალ-ჰადიმ იხმო ის სარდლები, რომლებიც რჩევას ეძიებდნენ ხაიზურანთან.

,,

– „ვინ არის უკეთესი ჩვენს შორის? თქვენ თუ მე?“ ჰკითხა ალ-ჰადიმ თავის ქვეშევრდომებს.

– „რა თქმა უნდა თქვენ ხართ უკეთესი, მართლმორწმუნეთა მბრძანებელო“ – ერთხმად მიუგეს მათ.

– „და ვისი დედა არის უკეთესი, ჩემი თუ თქვენი?“ განაგრძობდა ხალიფა.

– „თქვენი დედა არის უკეთესი, მართლმორწმუნეთა მბრძანებელო“.

– „თქვენს შორის ვის მოეწონებოდა ის მამაკაცი, რომელიც გაავრცელებდა ამბებს თქვენი დედის საქმეების შესახებ ამგვარად: მავანის და მავანის დედამ გააკეთა ეს. მავანის და მავანის დედამ თქვა ეს ან ის?“

– მათ ერთხმად წაწამოიძახეს: „არავის მოეწონებოდა ეს".

– ხალიფამ უთხრა: „ამგვარად, როგორ ფიქრობთ თქვენ იმ მამაკაცის შესახებ, რომელიც მოდის ჩემს დედასთან და რომელიც შესაბამისად თავის საქმეებს მათი საუბრის ობიექტად ხდის?“

ამ გასაუბრების შემდეგ სარდლების ვიზიტები ხაიზურანთან შეწყდა. ხაიზურანის პოლიტიკურ კარიერას ხელს უშლიდა არა ის, რომ ის იყო ქალი ან მონა, არამედ ის ფაქტი, რომ ხაიზურანი, როგორც ქალი ეკუთვნოდა ჰარემს – მორჩილების ტერიტორიას. [13]

ჰარუნის მმართველობა

ალ-ჰადი 24 წლის ასაკში გარდაიცვალა. მრავალი ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ მისი სიკვდილში ხაიზურანის ხელი ერია. ზოგიერთი ცნობით, ხაიზურანმა უბრძანა ალ-ჰადის მშვენიერ მხევალს, რომ შეპარულიყო იმ ოთახში, სადაც ხალიფას ეძინა და ბალიშით დაეხრჩო. ატ-ტაბარის მიხედვით ამ დროისთვის ალ-ჰადი ერთხელ უკვე შეეცადა მოეკლა თავისი დედა. მან ხაიზურანს მოწამლული დელიკატესი გაუგზავნა, მაგრამ ხაიზურანი ძალიან ფრთხილი იყო. მან საჭმელი გასასინჯად მისცა თავის ძაღლს, რომელიც მაშინვე მოკვდა.

ალ-ჰადის ჩამოცილების შემდეგ სასახლისა და სახელმწიფოს ყველა საქმეებს წარმართავდა ხალიფას დედა და ვაზირი იაჰია(ჰარუნის დროს მთავარი მრჩეველი), რომლის ვაჟი – ალ-ფადლი მართავდა დას. ირანის სასაზღვრო ოლქებს და ამასთან იყო ადმინისტრაციის მმართველი ხორასანში. 786 წელს ხალიფა გახდა ჰარუნ არ-რაშიდი. მან გააცნობიერა დედის ტალანტი და აჩვენა მუსლიმურ სამყაროს, რომ მას არ რცხვენოდა გაეყო ძალაუფლება ქალთან, ვიდრე ის ხაიზურანისაგან სათანადო გადაწყვეტილებებს იღებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჰარუნის დროს ხაიზურანს ჰქონდა მოქმედების თავისუფლება, ის გადაწყვეტილებებს იღებდა დამოუკიდებლად. ხაიზურანი მიწერ-მოწერას აწარმოებდა პროვინიციათა მმართველებთან, განსაკუთრებით ეგვიპტის ნაცვალთან და ღიად განიხილავდა სახალიფოს საქმეებს. [14][15]




სქოლიო

  1. Mernissi, Fatima; Mary Jo Lakeland (2003). The forgotten queens of Islam. Oxford University Press.
  2. Waddy, Charis. “Women in Muslim History.” London and New York: Longman, 1980.
  3. Mernissi, Fatima; Mary Jo Lakeland (2003). The forgotten queens of Islam. Oxford University Press.
  4. Waddy, Charis. “Women in Muslim History.” London and New York: Longman, 1980.
  5. https://www.medievalists.net/2019/04/slave-queen-and-mother-of-caliphs-the-story-of-khayzuran/
  6. https://www.medievalists.net/2019/04/slave-queen-and-mother-of-caliphs-the-story-of-khayzuran/
  7. ქალი ისლამში : VII-X სს,გელოვანი, ნანი, 2005,თბილისი : უნივერსალი
  8. ქალი ისლამში : VII-X სს,გელოვანი, ნანი, 2005,თბილისი : უნივერსალი
  9. Waddy, Charis. “Women in Muslim History.” London and New York: Longman, 1980.
  10. Mernissi, Fatima; Mary Jo Lakeland (2003). The forgotten queens of Islam. Oxford University Press.
  11. Waddy, Charis. “Women in Muslim History.” London and New York: Longman, 1980.
  12. Waddy, Charis. “Women in Muslim History.” London and New York: Longman, 1980.
  13. ქალი ისლამში : VII-X სს,გელოვანი, ნანი, 2005,თბილისი : უნივერსალი
  14. ქალი ისლამში : VII-X სს,გელოვანი, ნანი, 2005,თბილისი : უნივერსალი
  15. Mernissi, Fatima; Mary Jo Lakeland (2003). The forgotten queens of Islam. Oxford University Press.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!