ალ-მუიზი (სრული სახელი — აბუ ტამინ მაად ალ-მუიზ ლი-დინილაჰი , არაბ. معد المعز لدين الله დ. 26 სექტემბერი, 932 — გ. 21 დეკემბერი, 975) — ფატიმიდების სახალიფოს მე-4 ხალიფა 953-975 წლებში, ალ-მანსურ ბილაჰის ვაჟი.
ალ-მუიზი გონიერი მმართველი იყო. ის დაპყრობილ ტერიტორიებზე აჯანყებების თავიდან აცილების მიზნით მოსახლეობისთვის დამაკმაყოფილებელ რეფორმებს ატარებდა. გამოირჩეოდა რჯულშემწყნარებლობით. განსაკუთრებულად ეპყრობოდა ქრისტიან კოპტებს, რადგან მისი სახალიფოს მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენდნენ. ალ-მუიზი ასევე დიდ ყურადღებას აქცევდა ხელოვნებისა და კულტურის განვითარებას, პირადად მფარველობდა მხატვრებს, მწერლებსა და სწავლულებს. [1]
მისი მმართველობის პერიოდში ფატიმიდებმა მრავალ სამხედრო წარმატებას მიაღწიეს. 960-იან წლებში ბიზანტიის იმპერიას წაართვეს კუნძული სიცილია, 967 წელს საბოლოოდ დაიმორჩილეს ეგვიპტე და მნიშვნელოვანი სავაჭრო მაგისტრალები ჩაიგდეს ხელში. 973 წელს ხალიფამ დედაქალაქი მანსურიიდან მის მიერ დაარსებულ კაიროში, იგივე ალ-ქაჰირაში გადაიტანა, რის შემდეგაც ეგვიპტე გახდა სახალიფოს ცენტრი. ალ-მუიზმა ამის შემდეგ სირია-პალესტინის ხელში ჩაგდება განიზრახა. წარმატებული ბრძოლების შემდეგ, 975 წელს დამასკოს ასაღებად ბერბერთა არმიას სათავეში ჩაუდგა, თუმცა ლაშქრობის საწყის ეტაპზე გარდაიცვალა. [2] ჯარის მთავარსარდლობა და ფატიმიდთა ხალიფობა კი მისმა ვაჟმა ალ-აზიზ ბილაჰმა იკისრა.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სქოლიო