ალ-თიფლისი, ალ-თაფლისი — არაბული ნისბა (წარმომავლობის სახელი), რომელიც უკავშირდება თბილისს (არაბ. – თიფლის, თაფლის).
სახელ ალ-თიფლისს VIII საუკუნის შუა წლებიდან ატარებდა სხვადასხვა პროფესიის (მუჰადისები, ღვთისმეტყველები, სამართლისმცოდნეები, ლიტერატორები, პოეტები, ექიმები, ვაჭრები, ხელოსნები და სხვ.) მრავალი მუსლიმანი – შიიტი და სუნიტი მოღვაწეები, რომლებიც დაიბადნენ და ცხოვრობდნენ თბილისში ან დაკავშირებული იყვნენ მასთან თავიანთი მოღვაწეობის რაღაც ეპიზოდით. მათი ეთნიკური კუთვნილება, როგორც წესი, უცნობია. მუსულმანი ბიოგრაფები ამაზე ყურადღებას არ ამახვილებენ, მაგრამ დასაშვებია, რომ მათ შორის გამაჰმადიანებული ქართველებიც ყოფილიყვნენ. მრავალი თბილისელი მუსლიმანი, რომლებიც განათლების მისაღებად ამ ნისბით გაემგზავრნენ ახლო და შუა აღმოსავლეთის დიდ კულტურულ ცენტრებში, სამუდამოდ დარჩნენ იქ საცხოვრებლად. ისინი მოღვაწეობდნენ ბაღდადში, დამასკოში, ისპაანში, კაიროში, ალექსანდრიაში, იერუსალიმში, ნიშაბურში; XII-XIII საუკუნეებში შეიმჩნევა მათი მიგრაცია მცირე აზიის ქალაქებში. რამდენიმე ალ-თიფლისმა, თავისი წვლილი შეიტანა შუა საუკუნეების მუსლიმანური კულტურის განვითარებაში, მათ შორის იყვნენ: ისა ალ-რაკი ალ-თიფლისი X საუკუნის ექიმი, ასტროლოგი, ავტორი შრომისა „მედიცინა“. მოღვაწეობდა სირიაში; აბუ მუჰამად ალ-ჰასან იბნ ბუნდარ ალ-თიფლისი X ს. დამლევისა და XI ს. დამდეგის შიიტი ლიტერატორი და გრამატიკოსი. მოღვაწეობდა თბილ. საამიროში. იყო არაბ. პოეზიის, კერძოდ, იბნ ალ-რუმის და ალ-მუთანაბის შემოქმედების მკვლევარი. მიეკუთვნებოდა იმ არაბ ფილოლოგთა რიცხვს რომლებიც სწავლობდნენ პოეტურ ნასესხობებს არაბი პოეტების, მ. შ. ალ-მუთანაბის, ლექსებში. ითვლებოდა პოეტური მოტივების (მაანი) კრიტიკის სპეციალისტად. მის შრომებს, რომელთაგან ერთი – „საქებარი და საძრახისი თვისებები“ – მიეძღვნა თბილისის ამირას ალი იბნ ჯაფარს, ჩვენამდე არ მოუღწევია; ჰუბაიშ ალ-თიფლისი XII ს. გამოჩენილი აზერბაიჯანელი მეცნიერი. დაიბადა და ახალგაზრდობის წლები გაატარა თბილისში. მას ეკუთვნის მრავალი ნაშრომი ფილოლოგიაში, მედიცინაში, ასტრონომიაში, ასტროლოგიაში; სახელოსნო ტრაქტატი „ხელობათა აღწერა“ არაბულ და სპარსულ ენებზე. სავარაუდოა, რომ მან თბილისი დატოვა დავით აღმაშენებლის მიერ ქალაქის აღების 1122 წლის შემდეგ. ცხოვრობდა ბაღდადში; XII საუკუნის 50-იანი წლებიდან (არა უგვიანეს 1183–84) – რუმის სასულთნოს ქალაქ კონიაში; ნაჯმ ალ-დინ ალ-თიფლისი (გ. 1234), მუჰადისი, სუფი შეიხი, იმამი, პოეტი. თბილისიდან ემიგრირებულმა განათლება მიიღო ბაღდადში, იყო სახელგანთქმული სუფი შეიხის შიჰაბ ალ-დინ ალ-სუჰრავარდის მიმდევარი. ასრულებდა დიპლომატიურ დავალებებს, იცოდა სამართალი, რელიგიის საფუძვლები, ეთიკა, გრამატიკა, პოეზია და სხვ. წერდა ლექსებს, რომელთაგან 8 შემონახულია იბნ შაქირ ალ-ქუთუბის, ალ-საფადისა და ალ-ირბილის ბიოგრაფიული ჟანრის თხზულებებში.
ლიტერატურა
- გ. ჯაფარიძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, , 1997.
- ჯაფარიძე გ., მუსლიმი მოღვაწეები ათ-თიფლისის ნისბით VIII–XIV საუკუნეებში, «მაცნე». ენისა და ლიტერატურის სერია, 1989, #4; 1990, #1.