აზერბაიჯან-ისრაელის ურთიერთობები — მოიცავს აზერბაიჯანისა და ისრაელს შორის ორმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობას, რომელიც 1992 წლიდან ინტენსიურად გრძელდება.[1] ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენჟამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეაფასა აზერბაიჯანში მცხოვრები ებრაული საზოგადოების აქტიური როლი ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.[2]
ენერგო ურთიერთობა
აზერბაიჯანი და ისრაელი მჭიდრო თანამშრომლობენ ენერგეტიკის სფეროში.
2007 წლის გამოსვლისას აზერბაიჯანში ისრაელის ელჩმა არტურ ლენკმა ისაუბრა ენერგეტიკის სფეროში აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის უწყვეტი ვაჭრობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ 2006 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გახსნამდე ისრაელი იყო აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტის მთავარი მომხმარებელი, და რომ ჯეიჰანის ისრაელის სიახლოვე შესანიშნავ ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს ეკონომიკის ამ სექტორში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრანს-ისრაელის მილსადენის მეშვეობით ისრაელი შეიძლება იყოს სტრატეგიული პარტნიორი კასპიის ნავთობის აზიის ბაზარზე მარკეტინგისთვის. ასევე აღინიშნა ისრაელის ძალისხმევა ალტერნატიული ენერგორესურსების, განსაკუთრებით მზის ენერგიის შემუშავებაში. ისრაელი დამატებით ეძებს გაზის იმპორტის შესაძლებლობებს კასპიის ზღვის რეგიონიდან.[3]
2016 წლის დეკემბერში, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენჟამინ ნეთანიაჰუმ თქვა: „დღეს ჩვენ მოლაპარაკებას ვატარებთ არა მხოლოდ აზერბაიჯანული ნავთობით მომარაგებაზე, არამედ აზერბაიჯანული გაზის იმპორტზე ისრაელში“.[4][5][6]
სავაჭრო ურთიერთობები
ისრაელსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვნად იზრდება. როდესაც აზერბაიჯანმა დაარეგულირა თავისი ინდუსტრიები და გაათავისუფლა ეკონომიკა 1990-იანი წლების დასაწყისში, ისრაელის კომპანიებმა შეაღწიეს აზერბაიჯანის სავაჭრო ბაზრებზე. [7] ბევრმა კომპანიამ ინვესტიცია დააბანდა მომსახურების ინდუსტრიაში. ერთი მაგალითი არის „Bezeq“-ი, ისრაელის სატელეკომუნიკაციო მთავარი მიმწოდებელი. 1994 წელს სავაჭრო კონტრაქტის შეთავაზების შედეგად, „Bezeq“-მა შეიძინა სატელეფონო ოპერაციული სისტემის დიდი ნაწილი.[8] დღეს ეს კომპანია აყენებს სატელეფონო ხაზებს და რეგიონულ მომსახურებებს ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ათობით ისრაელის კომპანია აქტიურია აზერბაიჯანის ენერგეტიკულ სექტორში. მაგალითად, შპს „Modcon Systems“- მა, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის მაღალი ტექნოლოგიის მიმწოდებელმა ისრაელში, ფილიალი გახსნა აზერბაიჯანში.
2000-დან 2005 წლამდე ისრაელმა მეათე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორიდან მეხუთეზე გადაინაცვლა. აშშ-ს სტატისტიკის თანახმად, 1997-დან 2004 წლამდე, ექსპორტი აზერბაიჯანიდან ისრაელში გაიზარდა თითქმის 2 მილიონი აშშ დოლარიდან 323 მილიონ აშშ დოლარამდე, რაც ბოლო წლებში გამოწვეული იქნა ნავთობის მაღალი ფასით.[9] 2013 წლის მონაცემებით, ისრაელს ნავთობის 40 პროცენტი მიეწოდება ბაქოდან, რაც აზერბაიჯანს ისრაელის უმსხვილეს ნავთობმომმარაგებლად აქცევს.[10]
აზერბაიჯანმა და ისრაელმა გააუქმა ორმაგი დაბეგვრა ქვეყნებს შორის 2017 წლის აპრილში.[11] „გარდა თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებისა, 2016 წელს ორ ქვეყანას შორის ორმხრივმა ვაჭრობამ 260 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა“ - თქვა ისრაელის ელჩმა აზერბაიჯანში ვიზიტის დროს.[12] აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ცნობით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის მთლიან სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 116,2 მილიონი აშშ დოლარი, რაც 17,5 პროცენტით მეტია 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.[11]