StarCraft II: Wings of Liberty — სამხედრო სამეცნიერო ფანტასტიკისა და რეალური დროის სტრატეგიის ჟანრის ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა და გამოსცა კომპანია Blizzard Entertainment-მა. მსოფლიოს მასშტაბით გამოვიდა 2010 წელს Microsoft Windows-ისა და macOS-ის პლატფორმებისთვის.[6] ეს არის 1998 წელს გამოსული თამაშის, „StarCraft“ ის გაგრძელება. „StarCraft II“ დაყოფილია სამ ნაწილად: ძირითადი თამაში სახელწოდებით „Wings of Liberty“, დამატება „Heart of the Swarm“ და დამოუკიდებელი დამატება „Legacy of the Void“.[7]
„StarCraft II“-ის შემუშავებასთან დაკავშირებით პირველი ცნობები გაცხადდა Blizzard Worldwide Invitational-ის ღონისძიებაზე, 2007 წლის 19 მაისს, სეულში, სამხრეთი კორეა.[8]
მასში გამოყენებული არის სამგანზომილებიანი გრაფიკა და აგებულია Havok-ის ფიზიკურ ძრავზე. თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო მხოლოდ ერთი თამაშის გამოცემა, მაგრამ მოგვიანებით Blizzard-მა განაცხადა, რომ „StarCraft II“ იქნებოდა ტრილოგია. 2010 წლის 27 ივლისს გამოვიდა ოფიციალური საუნდტრეკი, რომლის კომპოზიტორები არიან დერეკ დიუკი, გლენ სტეფორდი, რასელ ბრაუერი და ნილ აკრი. საუნდტრეკი ხელმისაწვდომი არის iTune Store-ის სერვისის მეშვეობით.
თამაშის სიუჟეტი მიმდინარეობს XXVI-ე საუკუნეში, ირმის ნახტომის შორეულ ნაწილში, სადაც გვხვდება სამი რასა: ტერანები (გადასახლებული დედამიწელი კრიმინალების შთამომავლები, რომლებმაც დაკარგეს კავშირი დედამიწასთან), ზერგები (ქვეწარმავლების მაგვარი რასა, რომლებსაც მართავენ დედოფლები) და პროტოსები (მაღალტექნოლოგიური რასა, ფსიონური შესაძლებლობებით).[1] „Wings of Liberty“-ში აქცენტი გამახვილებულია ტერანებზე, ხოლო დამატებები „Heart of the Swarm“ და „Legacy of the Void“ ფოკუსირებულია ზერგებსა და პროტოსებზე. მოქმედება მიმდინარეობს „StarCraft: Brood War“-ის მოვლენებიდან ოთხი წლის შემდეგ. მთავარი გმირი არის ჯიმ რეინორი, რომელიც უძღვება აჯანყებულთა ჯგუფს ტერანების დომინიონის წინააღმდეგ. რესურსების მოპოვებით მოთამაშეს ეძლევა სხვადასხვა დანიშნულების შენობების აგების საშუალება, რომლებსაც შეუძლიათ აწარმოონ საბრძოლო ერთეულები და გააუმჯობესონ ისინი. მოთამაშის მიზანია — გაანადგუროს მტრის ყველა შენობა (მაგრამ არაა აუცილებელი ყველა საბრძოლო ერთეულის განადგურება). ის მოიცავს როგორც ახალ პერსონაჟებსა და ლოკაციებს, ასევე — ძველსაც, ორიგინალი თამაშიდან.
„StarCraft“-მა მიიღო უამაღლესი შეფასებები კრიტიკოსებისგან. საერთო მიმოხილვების საიტებზე GameRankings-სა Metacritic-ზე ფლობს 92.39%[9] და 93/100.[10] მისი წინამორბედის მსგავსად ძირითადი შექება წილად ჰხვდა თამაშის მიმზიდველ გეიმპლეისა და გაუმჯობესებულ სიუჟეტს. 2016 წლის აგვისტოში, ჟურნალმა „ტაიმმა“ თავის სიაში „50 ყველა დროსი საუკეთესო ვიდეო თამაში“ „StarCraft II: Wings of Liberty“-ს 26-ე ადგილი მიუჩინა.[11] იგი ითვლება ყველა დროის სწრადაფ გაყიდვად რეალური დროის სტრატეგიად (სამი მილიონი ასლი პირველი თვის განმავლობაში).[12] 2010 წლის მონაცემით თამაშის საერთო გაყიდვები შეადგენს დაახლოებით 4.5 მილიონ ეგზემპლარს .[13]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| ვიდეო თამაშები | |
---|
| სამყარო | |
---|
| სხვა | |
---|
| |
|