ჯეიმზ ჯინსმა საკუთარი სამეცნიერო მოღვწეობის პირველივე წლებში მნიშვნელოვანი ნაშრომები შექმნა ფიზიკაში: „აირების დინამიკური თეორია“, „თეორიული მექანიკა“, „კვანტური თეორია და გამოსხივება“. 1914 წლიდან ჯინსის მეცნიერული ინტერესები ასტროფიზიკას დაუკავშირდა. ამ მიმართულებით თავის პირველ ნაშრომში იგი წერდა:
ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ფიზიკა და ქიმია — ვრცელი მეცნიერების მხოლოდ გარეუბანია; ჩვენ ლაბორატორიებში მიმდინარე კვლევათა იქით ოკეანეა, რომლის შესწავლას ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ.
ჯინსს აინტერესებდა შორეულ სამყაროთა წარმოშობის, განლაგებისა და მათი განვითარების საკითხები. ამასთან იგი ყველგან და ყოველთვის ფიზიკოსი რჩებოდა. ჯინსის შემოქმედებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ორი ნაშრომი: „კოსმოგონიისა და ვარსკვლავთ დინამიკის პრობლემები“ და „ასტრონომია და კოსმოგგონია“. ამ შრომებში მან შეაჯამა საკუთარი შეხედულებები ვარსკვლავების შინაგანი აღნაგობის შესახებ. ჯინსი წერდა:
ასტრონომ-ფიზიკოსისათვის ყოველი ცალკეული ვარსკვლავი ტიგელია, რომელშიც მატერიაზე მოქმედებს წნევა და ტემპერატურა, რაც სრულიად მიუწვდომელია ჩვენი პლანეტის ფიზიკოსებისათვის.
აღსანიშნავია ჯინსის ჰიპოთეზა:
„ვარსკვლავების ენერგია შეიძლება გამომუშავდეს ნივთიერების ენერგიად გარდაქმნის ხარჯზე.“
ანიჰილაციის მოვლენის აღმოჩენა და დირაკ-ანდერსონის აღმოჩენა საფუძვლად დაედო ფიზიკის ახალ, მეტად მნიშვნელოვან დარგს — კვანტურ ელექტროდინამიკას — ელექტრომაგნიტური პროცესების კვანტურ თეორიას. ნაწილაკთა სრული ანიჰილაციის იდეა შემდეგ წლებში კიდევ უფრო განავითარეს ასტროფიზიკოსებმა, მაგრამ ჯინსი მცდარ დასკვნამდე მივიდა: მისი აზრით, ყველა ნივთიერება ადრე თუ გვიან გამოსხივებაში უნდა გადასულიყო, რაც ნივთიერი სამყაროს ტრაგიკულ დასასრულს გამოიწვევდა. ასეთი დასკვნა არსებითად სამყაროს სითბური სიკვდილის სხვა ფორმას წარმოადგენდა.
ვარსკვლავების შინაგანი აღნაგობის შესწავლის პროცესში ჯინსმა 1917 წელს წამოაყენა მეტად მნიშვნელოვანი აზრი — ვარსკვლავთ წიაღებში ნივთიერების მთლიანად იონიზირებულ მდგომარეობაში არსებობის შესახებ.
ჯინსი გარდაიცვალა 69 წლის ასაკში, 1946 წლის 17 სექტემბერს სურეის საგრაფოში. იმ დროისათვის ფიზიკამ და ასტროფიზიკამ დიდ შედეგებს მიაღწია და ჯინსის შეცდომებიც მთლიანად გამოსწორდა. მაგრამ მეცნიერების შეფასებისას მის შეცდომებს კი არ ითვლიან, არამედ იმას აღნიშნავენ, რაც მან მოგვცა ახალი — თავის თანამედროვეებთან შედარებით.
ლიტერატურა
პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 183-186, თბ., 1980.
А. И. Еремеева, Выдающиеся астрономы мира, М., 1966
П. С. Кудрявцев, История физики, т. 3, М., 1971.
Scienziati e tecnologi, contemporanei, Val. 1 Milana, 1974.