ქვახიდის სერის ეკლესია — შუაფეოდალური ხანის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, შუახევის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჭირუხის წყლის მარჯვენა ნაპირზე, კვესაულის ღელესთან, მთისუბნიდან 2-3 კმ-ს დაშორებით.
ძეგლის აღწერა
ეკლესიამ მოაღწია ნანგრევების სახით. კარგად შემონახულია ჩრდილოეთის კედელი. კედლის პერანგი შემოძარცვულია. კედლის სისქეა 1,2 მ. ჩრდილოეთი კედლის სიგრძეა 3,40 მ, აღმოსავლეთის — 5,80 მ, სიმაღლე შიგნიდან — 3,41 მ, გარედან 3,87 მ. ინტერიერში ეკლესია მოპირკეთებული ყოფილა თლილი ქვებით. შემორჩენილია მხოლოდ ერთი ქვა (ჩრდილოეთ კედელში 66X75 სმ).
ეკლესიის გარშემო მრავალი ქვა ყრია, რომელთა შორის შეიმჩნევა თათების გამოსახულება. ქვის ფორმით და აღნიშნული თათებით მეცნიერები ვარაუდობენ რომ ის ლომის ქანდაკების ნაწილი იყო. ქვის ზომებია 1,15X0,14X0,34 მ. ფიგურას თავი დაზიანებული აქვს.
ლიტერატურა
- ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, ბათ., 1962, გვ., 36-37